დაუნდობელი მალაიზია... - კვირის პალიტრა

დაუნდობელი მალაიზია...

"ვერაფერი და ვერავინ გაამართლებს ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, რომლებსაც ფაქტზე დააკავებენ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. განსაკუთრებული სასჯელის ზომა - არის ერთადერთი, რაც ელოდება ნებისმიერს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, იქნება ეს მალაიზიის მოქალაქე თუ უცხოელი", - ეს სიტყვები 2006 წელს კუალალუმპურის მოსამართლემ წარმოთქვა, როდესაც ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის მორიგი სასიკვდილო განაჩენი გამოაცხადა.

2010 წლის 28 ოქტომბერს მალაიზიაში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ქვეყნის ერთ-ერთ აეროპორტში 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი და 26 წლის ბაბუცა გორდაძე დააკავეს, საბაჟო სამსახურის თანამშრომლების ყურადღება სურათებმა მიიქცია. შემოწმებისას ჩარჩოებში დაახლოებით 10 კგ ამფეტამინის შემცველი აბები აღმოჩნდა.

დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ტურისტები იყვნენ და მალაიზიაში ტურისტული მარშრუტით (სტამბოლი-მონაკო-კამერუნი) ჩავიდნენ. ნარკოტიკების შესახებ არაფერი იცოდნენ, სურათები მათ კამერუნის აეროპორტში უცნობმა მამაკაცმა გადასცა  და სთხოვა, მალაიზიაში წაეღოთ (იხ. "კვირის პალიტრა" #49, 2010წ., "მალაიზიური სამკუთხედი"). ბაბუცა გორდაძის ოჯახმა მომხდარში სიძე, გიორგი (ელდარ) დავითიანი დაადანაშაულა, რომელმაც მეუღლე და მისი მეგობარი თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე დაიყოლია.

28 ოქტომბრის შემდეგ დავითიანის კვალი საეჭვოდ დაიკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელდარ დავითიანის ძებნა გამოაცხადა. 5 ნოემბერს, მოულოდნელად, ძებნილი ელდარ დავითიანი ჩამოფრინდა და პოლიციაში გამოცხადდა. მან აღიარა, რომ იცოდა  ნარკოტიკების შესახებ (არის თუ არა დავითიანი ნარკოსაქმოსნების თანამზრახველი, თუ მეუღლისთვის სასჯელის შესამსუბუქებლად დანაშაული საკუთარ თავზე აიღო - ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია).

სასამართლომ დავითიანს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დროდადრო ჰპირდებოდნენ საზოგადოებას, რომ მალაიზიელ სამართალდამცავებს, ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად ელდარ დავითიანის ჩვენებასაც გადაუგზავნიდნენ.

ბოლო ასეთი დაპირება 21 მარტს, ჯაკარტაში (ინდონეზია) გამართულ შეხვედრაზე გაისმა - საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ მალაიზიის პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში გამოძიების მასალებსა და მათ შორის ელდარ დავითიანის ჩვენებას გაგზავნიან მალაიზიაში; გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამზადებს წერილს, სადაც ქართველი ქალების გათავისუფლებას ითხოვს. ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს მალაიზიის სასამართლო შემამსუბუქებელ და გამამართლებელ გარემოებებს.

კანონი, რომელიც უნდა დაიცვა

ქვეყანაში ნარკოტიკების ექსპანსიის შესაჩერებლად მალაიზიის ხელისუფლება იძულებული გახდა, 1975 წელს ნარკოტიკების კონტრაბანდისა და რეალიზაციისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა შემოეღო. ამ კანონის თანახმად, მხოლოდ 1998 წელს ნარკოდანაშაულისთვის 2100 კაცი ჩამოახრჩვეს, აქედან 160 - ევროპის ქვეყნების მოქალაქე იყო.

მალაიზიაში სიკვდილით დასჯა მოედანზე ჩამოხრჩობით ხდება, თუმცა ციხეებში დამატებით სასჯელად ჯოხით ცემაც გამოიყენება. 2009 წელს მალაიზიურმა სასამართლომ 12 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა, აქედან 8 ნარკოტიკების კონტრაბანდაზე. ქვეყანას, რომლის მოსახლეობა 24 მლნ-ია, 17-დან 29 წლამდე 290 000 ნარკოტიკების მომხმარებელი ჰყავს. ყოველ ნახევარ საათში მათი რაოდენობა ერთი ნარკომომხმარებლით იზრდება. მძიმე ნარკოსიტუაციის გამო მოსახლეობის 70% უარს აცხადებს სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე.

მალაიზიაში სასამართლო პროცესები სამ წლამდე გრძელდება. სიკვდილმისჯილები განაჩენის აღსრულებას ციხეებში წლობით ელიან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ციხეების რეფორმა წამოიწყო და თანხაც გამოყო, რომ ყველა პატიმარს ინდივიდუალური ლეიბი ჰქონოდა (სხვა ელემენტარულ პირობებზე ლაპარაკი ზედმეტია), ესეც ვერ განხორციელდა. მალაიზიურ ციხეებში აუტანელი პირობებია...

მალაიზიის მეზობელი "ოქროს სამკუთხედის" ქვეყნები (ბირმა, ლაოსი და ტაილანდი) მსოფლიოში ნარკოტიკების წარმოებით მეორე ადგილზე არიან (ლიდერის პოზიციებს არ თმობენ "ოქროს ნახევარმთვარის" ქვეყნები: ავღანეთი, ირანი და პაკისტანი).

აზიის ქვეყნებში ნარკოტრაფიკთან ბრძოლის ორი მოდელი მოქმედებს: ჩინური და არაბული. ჩინური მოდელი ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას დახვრეტით. დამნაშავის დახვრეტა ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე - მოედანზე, სტადიონზე. ორიოდე წლის წინ ჩინეთში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის ინგლისის მოქალაქე დააკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აქტიურად იყო ჩართული პროცესში და პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე პირადად სთხოვა ჩინეთის ხელისუფლებას, არ გამოეტანათ სასიკვდილო განაჩენი, ნარკორეალიზატორი სახალხოდ დახვრიტეს. მოგვიანებით, როდესაც ინგლისის პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა მომხდარის შესახებ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დელიკატურად მიანიშნა, - ჩინეთში კანონი იმიტომ არსებობს, რომ ყველამ უნდა დაიცვასო.