"ამბობენ, ბელა და მაკა ავარიისას გარდაიცვალნენ, ხოლო მარიამი მანქანის გადავარდნის შემდეგ, წყალში დაიხრჩოო" - კვირის პალიტრა

"ამბობენ, ბელა და მაკა ავარიისას გარდაიცვალნენ, ხოლო მარიამი მანქანის გადავარდნის შემდეგ, წყალში დაიხრჩოო"

27 ნოემბერს მცხეთაში მომხდარ საშინელ ავარიას სამი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ექსპერტიზის შემდეგ მათი ცხედრები არმაზის დასახლებაში, მათ სახლებში გადაასვენეს. უბანში საშინელი გლოვაა, ისინი ერთმანეთის მეზობლები და მეგობრები იყვნენ. მთელი საქართველო განიცდის მომხდარ ტრაგედიას.

გუშინ, დაახლოებით 3 საათზე, ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, ბელა გეგუჩაძე მართავდა, ბორდიურს დაეჯახა, მანქანა ადგილზე რამდენჯერმე დატრიალდა და შემდეგ მტკვარში გადავარდა. როგორც ამბობენ, ფაქტს თვითმხილველი ჰყავს, მან მაშინავე დარეკა 112-ში და დახმარება ითხოვა. დიდხანს მუშაობდნენ მაშველები შემთხვევის ადგილზე, მტკვრიდან დამტვრეული მანქანა ამოიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, სამივე ახალგაზრდა ადგილზე იყო გარდაცვლილი.

გარდაცვლილები არიან: ბელა გეგუჩაძე, მარიამ როსტიაშვილი და მაკა შუბითიძე. მართალია, ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ბელა გეგუჩაძე და მაკა შუბითიძე ავტოავარიისას გარდაიცვალნენ, ხოლო მარიამ როსტიაშვილი მტკვარში მანქანის გადავარდნის შემდეგ, წყალში დაიხრჩო. სამივე გარდაცვლილი 3- 3 შვილის დედა იყო და ამ ტრაგედიით 9 ბავშვი დაობლდა.

ახლობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. სოციალური ქსელი აჭრელებულია სტატუსებით. ჩვენ გარდაცვლილი გოგონების მეგობარს, ირინა გერგედავას ვესაუბრეთ.

ირინა გერგედავა:

- სამივე ჩემი მეგობარია, ჩემი სულის ნაწილი, განადგურებული ვარ ამ ამბით, ცოცხალმკვდარი. ეს ცოცხალ სხეულში სულის გაყინვას ჰგავს. ბელა გეგუჩაძის მეუღლე ჩემი შვილის ნათლიაა, ნათელმირონები ვართ. ყველანი ერთად მოვდივართ, ერთ უბანში ვცხოვრობდით. სამივეს 3-3 შვილი ჰყავს. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რომ ისინი აღარ არიან. ბელა გეგუჩაძე ექთანი იყო, მცხეთაში მუშაობდა, მანამდე თბილისში, ციციშვილის კლინიკაში. სამი მცირეწლოვანი დარჩა, 2 ბიჭი და ერთი გოგონა. საოცარი ადამიანი იყო, იმიტომ კი არ ვამბობ ამას, რომ ოჯახის ნათლიაა, მართლა სამივე სიცოცხლით სავსე, სათნოების განსახიერება გოგონები იყვნენ. ერთად ვიყავით მთელი უბნის რძლები ყოველთვის.

იგივეს ვიტყოდი მარიამ როსტიაშვილზე, მეგობარზე მეტი იყო ჩემთვის, რომელთანაც ძალიან ხშირად ვკონტაქტობდი. სამი წელია ემიგრაციაში ვარ, იტალიაში და ძალიან ელოდებოდა ჩემს დაბრუნებას, მეტყოდა ხოლმე, მალე დაბრუნდიო. სიდუხჭირეში გაზრდილი იყო, რთული ბავშვობა ჰქონდა მარიამს. პატარა ასაკში გათხოვდა ჩვენს სამეზობლოში. ჩვენი შვილებიც მეგობრობდნენ. გაუხარელი გოგო იყო ძალიან, ახლა შვილები რომ წამოიზარდა ძალიან ბედნიერი იყო. უფროსი ბიჭის ფოტო გამომიგზავნა, ნახე, უკვე რამხელაა ჩემი ლევანი და მიხარია ცხოვრება, შვილებს რომ ვუყურებო, აწი რა მიჭირსო. სამი შვილის დედა იყო ისიც. პატარა ბიჭი 5 წლის ჰყავს, მარიამი ძირითადად სახლში იყო, დიასახლისი, მაგრამ პერიოდულად მუშაობდა დალაგებაზე. სოციალურად დაუცველია მისი ოჯახი.

რაც შეეხება მაკა შუბითიძეს, ჩემი მაზლის ცოლის ძმისშვილია, მაკა მამიდასთან ცხოვრობდა სწავლის პერიოდში. სურამიდან არის და ამიტომ არმაზში გადმოვიდა მამიდასთან, აქედან დადიოდა თბილისში და სწავლობდა. მერე იქვე უბანში გათხოვდა, გამორჩეულ ოჯახში იყო. ბედნიერი დედა იყო, სამ პატარას ზრდიდა. უფროს შვილს სკოლა დამთავრებული აქვს.

- რა იცით მომხდარზე? - როგორც ვიცით, გოგოები იმ დღეს ბელას მანქანით მიდიოდნენ მცხეთაში, ზუსტი დეტალები არ ვიცი. ბელას სახლში შეკრებილან გოგონები ყავაზე. ამბობენ მარიამს ჰქონდა რაღაც საქმე და ამიტომ სამივე ერთად წავიდნენო და ეს საშინელი ტრაგედიაც მოხდა. მიზეზებს გამოძიება დაადგენს, მაგრამ დღეს უბანში საშინელება ტრიალებს.

- ბელამ მანქანის მართვა კარგად იცოდა? ამბობენ, მუხრუჭის ნაცვლად სიჩქარეზე აქვს ფეხი დაჭერილი და ამან გამოიწვია ეს ტრაგედიაო, მსგავსი ხომ არ გაგიგიათ? - ბელას დიდი ხანი არ არის, რაც მართვის მოწმობა ჰქონდა აღებული. მან პირველივე გასვლაზე ჩააბარა პრაქტიკაც და თეორიაც. 2 კვირა იქნება, რაც მანქანა იყიდა და მივულოცე კიდეც. თავის ძმებს ჰყავდა მანქანა და არ ვიცი მანამდე ატარებდა თუ არა. გამორიცხულია ჩქარა წასულიყო, ახალბედა მძღოლი იქ სიჩქარით ვერ ივლიდა. სიმართლე ჯერ არავინ იცის, ვნახოთ, გამოძიება რას იტყვის. როგორც გავიგე, ფაქტს თვითმხილველი ჰყავს. მძღოლი შეესწრო თურმე ამ ავარიას. ის ამბობს, მანქანას მარჯვენა მხარე, ანუ წინა საბურავი, წინა თვალი, ჩაუვარდა გზაზე თხრილში, მერე რა მოხდა არ ვიცით, შიშის ფაქტორი იყო თუ დაბნეულობის, არავინ იცის, ამბობენ მუხრუჭის მაგივრად სიჩქარეს მისცაო. თუმცა, ეს შეიძლება ჭორი იყოს, ამიტომ დაველოდოთ ექსპერტიზას.

ბელას გვერდით იჯდა მაკა შუბითიძე, მაკა წლებია კარგად მართავდა მანქანას. ამმობენ, ბელა და მაკა ადგილზე გარდაიცვალნენ და მარიამ როსტიაშვილი სავარაუდოდ, ცოცხალი იყო, რომ გადავარდა მანქანა, წყალშია დამხრჩვალი. არავინ იცის სრული სიმართლე. მანქანა სანამ გადავარდებოდა, გადაბრუნდაო. ჩემი განცდები იმდენად ახლოს მიიტანეს აქ იტალიაში ჩემმა მოხუცებმა, რომლებსაც ვუვლი, მთხოვეს მეჩვენებინა ამ გოგონების ფოტოები და ისინი ჩემთან ერთად ტიროდნენ. ორმაგად მძიმეა, რომ ვერ გამოვემშვიდობები უკანასკნელ გზაზე.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

(სპეციალურად საიტისთვის)