"აზარტული თამაშებიდან შემოსული თანხები შავ ბუღალტერიაში ილექება"
"აზარტული თამაშებიდან შემოსული თანხები შავ ბუღალტერიაში ილექება"
"როგორ შეიძლება "ქართულ ოცნებას" უჭერდე მხარს და თან აზარტული თამაშების გაუქმებას მოითხოვდე"

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მათ, ვინც ლევან ზურაბაშვილს თანაუგრძნობს, პრობლემის სიმწვავე ხელისუფლებამდე სხვა გზით უნდა მიიტანონ:

- აყვავებული აზარტული თამაშების ბიზნესი ხელისუფლების პირველი პირებისა და მისი ბიზნესგარემოცვის ინტერესებშია. ამ თანხების გარეშე საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებდნენ. ახალი არ არის, რომ აზარტული თამაშებიდან შემოსული თანხები შავ ბუღალტერიაში ილექება და შემდეგ არჩევნებს ხმარდება. ამ ხელისუფლებას და მის სათავეში მყოფ
პირს სჩვევიათ ასეთი ბიზნესების წახალისება. გაიხსენეთ არც ისე დიდი ხნის წინ მარიხუანას ლეგალიზაციის მცდელობა, თუმცა
არ გაუვიდათ. ეს ახასიათებს დიქტატორული ქვეყნის მმართველობებს, ამგვარი გზებით ფულის კეთება.

ამ უმძიმეს პრობლემას საკანონმდებლო ორგანოც თვალს უხუჭავს, არ სურთ ვიღაცებს შავი ჯიბეები დაცარიელდეს, მორალური მხარე, ადამიანური ტრაგედიები, სახელმწიფო ინტერესები არ ადარდებთ. საზოგადოებაც პასიურობს, თორემ როგორ შეიძლება "ქართულ ოცნებას" უჭერდე მხარს და თან აზარტული თამაშების გაუქმებას მოითხოვდე. თუ გსურს ეს პრობლემა მოგვარდეს, მაშინ "ოცნება" არ უნდა აირჩიო. პესიმიზმის საფუძველს მაძლევს ისიც, რომ ამ საკითხის ლობისტი დეპუტატები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან, ვინც სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვდნენ, პარლამენტში არ შესულან. მალე ბევრად მეტი ლუდომანი გვეყოლება, ვიდრე თუნდაც შარშან ამ დროს, რადგან ნარკო და თამაშდამოკიდებულების უმთავრესი მიზეზი სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, უპერსპექტივობაა - ყველა ის სიმპტომი, რომლებიც ღარიბ საზოგადოებას ახასიათებს...

- როგორ ფიქრობთ, რატომ პასიურობს საზოგადოება, დაზარალებულები?
- გასაგებია, რომ ეპიდემიის გამო ქუჩაში ვერ გამოდიან, მაგრამ სხვანაირად ხომ შეუძლიათ აზრის გამოხატვა? მაგალითად, თუნდაც შეეძლოთ არჩევნებზე ხმა არ მიეცათ იმ გუნდისთვის, ვინც ამის მომხრეა და უმძიმესი რეალობის შეცვლას არც აპირებს. "ქართული ოცნება" კეთილი ნებით არაფრის შეცვლას არ აპირებს. ამიტომ ისევ ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა, ოღონდ არა ისეთი რადიკალური ფორმით, რომელიც ლევან ზურაბაშვილმა გამოიყენა. ფაქტობრივად, მან ცხოვრება დაინგრია. მათ კი, ვისაც მისი ამბავი გულზე მოხვდა და სოლიდარობას უცხადებს, მოვუწოდებ, იაქტიურონ - მთავრობა შეაჯანჯღარონ, რომ ეს თაობა იღუპება და უმოქმედობის გამო ვინ იცის, კიდევ რამდენი შეეწირება. არადა, ჩვენი ინიცირებული რეგულაციები რომ მიეღოთ, ბევრად ნაკლები ლუდომანი გვეყოლებოდა. ამისთვის სახელმწიფოს აზარტული ონლაინთამაშების მარგინალიზაცია უნდა მოეხდინა, მაგრამ ეს რომ გააკეთოს, მკაცრი ზომები უნდა მიიღოს: აკრძალოს რეკლამა, გაამკაცროს რეგულაციები, გაზარდოს გადასახადები. ერთი სიტყვით, ვისაც ეს პრობლემა უნდა ადარდებდეს, არ ადარდებს.
მოამზადა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები