"ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ლუდომანია დაავადებათა სიაში ჩაიწეროს" - კვირის პალიტრა

"ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ლუდომანია დაავადებათა სიაში ჩაიწეროს"

"ეს ხომ მილიარდიანი ბიზნესია და როგორც შეუძლიათ, ბლოკავენ, რადგან არ უნდათ მსუყე ლუკმის დაკარგვა"

20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში შეჭრილმა ლევან ზურაბაშვილმა, რომელსაც შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი, რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, ერთ-ერთი - აზარტული თამაშების აკრძალვა გახლდათ; სასამართლო სხდომაზე დაკავებულმა განმარტა, რომ სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის იბრძვის და მიკროსაფინანსოში შეჭრა ერთგვარი პროტესტი იყო.

ლევან ზურაბაშვილს საზოგადოების ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა, რითაც კიდევ ერთხელ ცხადი შეიქნა აზარტული თამაშდამოკიდებულთა რაოდენობის მასშტაბურობა.

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერის ანა დოლიძის თქმით, ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადაადგმევინოს, არის მედიისა და საზოგადოების ერთობლივი მასშტაბური აქციები და პრევენციული ზომები.

- ლევან ზურაბაშვილის ამბავმა დაგვანახა, როგორი სოციალური ფონია ქვეყანაში და რამდენად დიდია ამაში ონლაინთამაშების როლი. პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე (მის თვითმკვლელობას ოჯახი თამაშდამოკიდებულებას უკავშირებდა - ავტ.) ჰყვებოდა, თუ როგორ იწყებენ თამაშს 12 წლის მოზარდები.

ამ პანდემიის დროს, როცა ბევრი რამ გაჩერდა, მოსახლეობის ნაწილმა ვითომ იოლი გამოსავალი იპოვა და ონლაინთამაშებით გადაწყვიტა შემოსავლის მიღება. უამრავ მოქალაქეს გამოაქვს სესხი სათამაშოდ. კიდევ მეტი არიან ისეთები, ვისაც ბანკში არ მიესვლება, რადგან გადაუხდელი სესხები აქვთ. ეს ფენა სრულად გადავიდა ონლაინთამაშებზე. არადა, ეს თამაშები საქართველოში არ ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც ატლანტიკ-სითიში, მონაკოსა და ლას-ვეგასში, სადაც მას გართობის ფუნქცია აქვს. ზურაბაშვილის საქმემ ცხადყო, რომ აზარტული ონლაინთამაშები ყველასთვის და ყველგან ხელმისაწვდომია. ადამიანებს თამაშით გაჭირვებისგან გადარჩენის ილუზია უჩნდებათ და იღუპებიან.

მძიმე ვითარებაა ძალოვან სტრუქტურებშიც. თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას აღმოვაჩინე, რამდენად მწვავეა პრობლემა და დავაყენეთ საკითხი, რომ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის აზარტული თამაშები აკრძალულიყო. 2016 წელს ჩვენი ინიციატივა დაბლოკეს. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და ადვილი წარმოსადგენია, როგორ დამძიმდა მდგომარეობა - სუს-ის, პოლიციისა და თავდაცვის ის თანამშრომლები, რომლებიც თამაშობენ და ვალები აქვთ, პირდაპირ უცხო ქვეყნების ინტერესის ობიექტია, ძალიან ადვილად შეიძლება მათ გავლენაში აღმოჩნდნენ. ეს არა მარტო პირადი ადამიანური უბედურება, სახელმწიფოს ინტერესების საზიანო პრობლემაც არის.

ვერც ჯანდაცვის სამინისტროში მივაღწიეთ იმას, რომ დაავადებათა ჩამონათვალში ლუდომანიაც ჩაიწეროს, ისე, როგორც არის ამერიკაში. ხელისუფლებას არ უნდა პანდორას ყუთის გახსნა - ეს რომ ჩაამატოს და დაითვალოს თამაშდამოკიდებულები, სტატისტიკა აწარმოოს, უმძიმეს რეალობას აეხდება ფარდა და ზომების მიღება მოუწევთ, ეს კი არ სურთ.

ეს ხომ მილიარდიანი ბიზნესია და როგორც შეუძლიათ, ბლოკავენ, რადგან არ უნდათ მსუყე ლუკმის დაკარგვა. ლევან ზურაბაშვილის მხარდამჭერების რაოდენობამ დაგვანახა, რომ ეს პრობლემა იმაზე ბევრად მეტს აწუხებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

სანამ დაზარალებული ადამიანები არ შეიკრიბებიან და მწვავე საპროტესტო აქციებს არ გამართავენ ან რაღაც დისკომფორტს არ შეუქმნიან ხელისუფლებას, ამ პრობლემას არაფერი ეშველება.

მხოლოდ ინტერნეტში ქომაგობით საქმე არ გაკეთდება. ხალხის ძალის დამსახურებაა სარეკლამო ბილბორდების შეზღუდვა, თორემ "ოცნების" რეკლამების ნაცვლად, ახლა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და შენობების კედლებზე ონლაინთამაშების რეკლამა იქნებოდა. სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების ახლოსაც დააპირეს რეკლამირება, მაგრამ საზოგადოების პროტესტის შემდეგ უკან დაიხიეს, რაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს კამპანია შარშან დავიწყეთ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წევრები გამოვიდნენ და პირდაპირ ისაუბრეს ამ უბედურებაზე, ანუ პრობლემას სტიგმა მოეხსნა, რაშიც სანდრო ბერაძის ტრაგედიამ, მისი ოჯახის აქტიურობამ დიდი როლი ითამაშა.

ახლა პანდემიამ უარესად დაამძიმა ვითარება - თუ შარშანდელი კვლევით, რომელიც "ლუდომანიის პრევენციის" ორგანიზაციამ ჩაატარა და 14 წლის ასაკიდან გამოკითხულთა 48% თამაშობდა, წელს გაცილებით მძიმე შედეგი გვაქვს და ასაკიც შეიცვალა.