ცნობილია, თუ რას ითხოვდნენ "ავერსის" ფილიალში შეჭრილი პირები - კვირის პალიტრა

ცნობილია, თუ რას ითხოვდნენ "ავერსის" ფილიალში შეჭრილი პირები

პოლიციამ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით, ხოლო მეორე პირი არასრულწლოვანია.

"ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული. ერთია არასრულწლოვანი", - განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ამოღებულ სავარაუდო იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.

ცნობისთვის, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" ფილიალში ინციდენტი მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ავერსის" პრესსამსახურში განუცხადეს, აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც წარმოადგენს რეცეპტით გასაცემ პრეპარატს. მას შემდეგ კი, რაც არასრულწლოვნებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო "ფისტოლეტით" დაემუქრნენ.

"ინტერპრესნიუსი"