გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს - კვირის პალიტრა

გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ბეჟუაშვილი უწყებაში გამოკითხვაზე 13:00 საათზე მივა.

გელა ბეჟუაშვილი დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

"ინტერპრესნიუსი"