ასლან ვაშაყმაძე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს - კვირის პალიტრა

ასლან ვაშაყმაძე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცველებზე ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი "ფაცებოოკ"-ის საშუალებით განხორციელებულ Lივე-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

"აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ასლან ვაშაყმაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით მან აღნიშნული ვიდეომიმართვა სოციალური ქსელიდან წაშალა.

"ინტერპრესნიუსი"