"მამაკაცს მისი ყოფილი შეყვარებულის დამ აგური ჩაარტყა, ამას მოჰყვა გასროლაც" - კვირის პალიტრა

"მამაკაცს მისი ყოფილი შეყვარებულის დამ აგური ჩაარტყა, ამას მოჰყვა გასროლაც"

"მამაკაცს მისი ყოფილი შეყვარებულის დამ ჯერ აგური ჩაარტყა, ამას მოჰყვა გასროლაც" - კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

1-ლ დეკემბერს თბილისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით Ambebi.ge-სთვის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, გუშინდელი ინციდენტი ახალგაზრდა მამაკაცსა და მისი ყოფილი შეყვარებულის დას შორის შელაპარაკებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, საღამოს საათებში მამაკაცი ყოფილი შეყვარებულის სახლთან მივიდა, სადაც შემთხვევით წააწყდა მისი შეყვარებულის დას, რომელმაც მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და კამათის დროს აგური ჩაარტყა. შედეგად მამაკაცმა თავის არეში დაზიანება მიიღო. ფაქტს შეესწრო ჩხუბში ჩართული ქალის არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობდა. ჩხუბის ხმაზე შემთხვევის ადგილზე თავი მოიყარეს უბნის მცხოვრებლებმა, რომელთა შორის იყო ერთი შეიარაღებული პირი. მან ცეცხლსასროლი იარაღით ორივე მუხლში დაჭრა 2004 წელს დაბადებული არასრულწლოვანი და მიიმალა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომელსაც ბრალი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ამავე სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთისა და დაკავების მიზნით. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

იხილეთ ლინკი: ambebi.ge