"შესაძლოა, ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს"

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადოს, გომელაურმა ასე უპასუხა: "ალბათ გამოვაცხადებთ".

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, შს მინისტრი ამბობს, რომ ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა.

"შემთხვევების გახშირება არის 10 ან 20 შემთხვევა რომ მოხდება, ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა რაც მოხდა, დავაკავეთ",- განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"