"გახშირდა ნარკოტიკის კუსტარულად დამზადება" - კვირის პალიტრა

"გახშირდა ნარკოტიკის კუსტარულად დამზადება"

"ახლა ნარკოტიკების დეფიციტია, მიმოსვლა შეზღუდულია, ამიტომ დაიწყო ნარკოტიკების შიდა წარმოება"

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს - თბილისში დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალი, რომელიც ნარკოტიკ "მეფედრონს" დროებით საცხოვრებელ სახლში სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან კუსტარულად ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 2 კილოგრამი და 300 გრამი "მეფედრონი", ასევე მისი დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და ლაბორატორიული ინვენტარი. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1.200.000 ლარს შეადგენს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯემალ ჯანაშია, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი:

- საქართველოში 50 ათასზე მეტი ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი გვყავს, კანაბისზე აღარაფერს ვამბობ, რომელიც უკვე ცხოვრების ერთგვარი ელეგანტური წესი გახდა, რაც ცალკე პრობლემაა, მით უფრო, გაერომაც შეარბილა მოთხოვნები, რაც ნიშნავს, რომ მან ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა ამ პრობლემას და ის 1961 წლის "ნარკოტიკების შესახებ კონვენციის" მეოთხე სიიდან ამოიღო. ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები ჩართული იყვნენ პროგრამებში, მაგალითად, მეტადონის (2000-ზე მეტი კაცი იყო პროგრამაში ჩართული) და სხვა, რაც აადვილებდა მათ კონტროლსა და რეაბილიტაციას. ახლა ეს სისტემა როგორც საჭიროა, ისე აღარც ფუნქციონირებს. ეს 50 ათასი მომხმარებელი ხომ არსებობს, მათ ხომ უნდა დაიკმაყოფილონ მოთხოვნილება, შიმშილი? ახლა ნარკოტიკების დეფიციტია, მიმოსვლა შეზღუდულია, ამიტომ დაიწყო ნარკოტიკების შიდა წარმოება. შესაბამის სამსახურებს ისედაც უნდა ევარაუდათ, რომ ასე მოხდებოდა. მომხმარებლებმა, რომელთა რიგებშიც არიან ქიმიკოსები, პროვიზორები, სამედიცინო დარგის მუშაკები და ამ საქმეში გამოცდილება აქვთ, დაიწყეს ძველი კუსტარული ნარკოტიკების დამზადება ფარულ ლაბორატორიებში.

- ძირითადად, რომელი საშუალებები მზადდება ფარულად და მასობრივად? - "მეფედრონი" (მეტამფეტამინი), "კროკოდილი" (დეზომორფინი)... არის ბევრი სხვა საშუალებაც, რომელთაც კუსტარულად ამზადებენ და ეიფორიის შეგრძნებას იწვევს. თუ ადამიანი დამწყებია, შეიძლება ზედოზირება მოხდეს და ყველაფერი ლეტალურად დამთავრდეს. ბევრ შემთხვევაში ახალგაზრდების დანაშაულებრივი გამოხდომები შესაძლოა ნარკოტიკულ შიმშილთან იყოს დაკავშირებული.

მსოფლიო პრაქტიკამ ცხადყო, როცა ეკონომიკური სახსრების დეფიციტია, მაშინ იწყება ნარკოტიკის ძალისმიერი მეთოდებით მოპოვება, ანუ ქურდობით ჯერ თანხის, შემდეგ კი ნარკოტიკული საშუალების მოპოვება.

- დღესდღეობით, რამდენი პრეკურსორია ცნობილი ქართულ კანონმდებლობაში, რამდენი აკრძალული ნივთიერება არსებობს? - ქართულ კანონმდებლობაში ცნობილი იყო 26 პრეკურსორი, მაგრამ გაერომ დაამატა და 29 გახდა. პრეკურსორები აკრძალული ნივთიერებებია, რომლებიც ნარკოტიკების დასამზადებლად გამოიყენება.

დღეს მრავალი ახალი ნივთიერება გამოჩნდა, რომლებიც აკრძალულ ნივთიერებებს არ წარმოადგენენ, მაგრამ სხვა ნივთიერებებთან მათი დაკავშირება ახალ ნივთიერებას წარმოშობს. 700-მდე ასეთი ნივთიერებაა, რომლებიც შეიძლება ნარკოტიკის დასამზადებლად გამოიყენო.

ვფიქრობ, ახალი კვლევებია ჩასატარებელი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გამოსაკვლევად. უნდა ვიცოდეთ, რომელი საშიში ნივთიერებებია გავრცელებული ქვეყანაში. როცა ქვეყანაში ნარკოტიკების შიდა წარმოება (იგულისხმება მცირე რაოდენობით დამზადება) იზრდება, მისი საწინააღმდეგო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს.

გიორგი ღლონტი, კრიმინოლოგიის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი:

- არსებობს წამლის დამზადების რამდენიმე ფორმულა, რომელიც დროდადრო იცვლება. ეს იმაზეა დამოკიდებული, ფინანსურად რამდენად შეძლებულია მოსახლეობა - რაც უფრო შეძლებულია, მით უფრო რაფინირებულ ნარკოტიკს იყენებს და რაც მეტია მოთხოვნა, მით მეტია მიწოდება. რეალიზატორები ღარიბ ქვეყანაში უფრო ქიმიური საშუალებებით დამზადებულ ნარკოტიკს ყიდიან. ასეთ საშუალებებს ამატებენ ისეთ კომპონენტებს, რომლებიც დამანგრეველია ორგანიზმისთვის. როდესაც ფული არა გაქვს სუფთა, ძვირი ნარკოტიკის საყიდლად, იაფფასიანი ქიმიური ნაერთებით დამზადებულს ყიდულობ.

საზღვრები ჩაკეტილია და ნაკადი პატარაა, ნარკოტიკების მოზიდვა ჭირს, საზღვარზე გადამსვლელ-გადმომსვლელებს მკაცრად აკონტროლებენ.

აქედან გამომდინარე, საქართველოში ნარკოტიკის შემოდინება შემცირდა. ამიტომაც გახშირდა ნარკოტიკის კუსტარულად დამზადება.

- "მეფედრონი" მეტამფეტამინის ჯგუფია და ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, მასზე დამოკიდებულების რისკიც ძალზე მაღალია... - ის ქიმიური, სინთეზური საშუალებაა და სწრაფად იწვევს აბსისტენციის სინდრომს, ადამიანი სწრაფად ეჩვევა და მერე ჯანმრთელობის პრობლემებიც ეწყება. "მეფედრონის" დასამზადებლად კომპონენტებს სააფთიაქო ქსელებში ყიდულობენ ან ამანათებითაც იღებენ. თუ ქიმიური ნივთიერება კარგად შეფუთულია, მას ძაღლი ვერ მიაგნებს.

მწარმოებლები ნარკოტიკს ინტერნეტით ყიდიან, მერე ე.წ. ზაკლადკებს აკეთებენ და მათი აღმოჩენა არც ისე მარტივია. თუმცა უკვე არის მეთოდიკაც, თუ როგორ გამოიძიო ეს საქმეები. რაც უფრო ჩაკეტილი ვიქნებით, ნარკოდამოკიდებულები შიდა რესურსებს გამოიყენებენ. ინტერნეტში ყველაფერი შეიძლება მოძებნო - წამლის ფორმულა, გამსაღებლები... მეც რამდენიმეჯერ მომივიდა მესიჯი, შემოთავაზებები ვაიბერით - გვაქვს მაღალი ხარისხის ნარკოტიკი და თუ გსურს, შეუკვეთეო. მათი გამოჭერა შეუძლებელია, გეტყვიან, თანხა გადარიცხე საფოსტო ყუთშიო, მერე მოგცემენ მისამართს, წადი, აიღეო, მიხვალ და აიღებ. მუდმივად იცვლიან ადგილებს და მათ ვერ გააკონტროლებ. შესაძლოა რუსეთში ან ჰონკონგში გადაგაგზავნინონ ფული.