"ჯაბას ენატრებოდა სამშობლო, - ამერიკა კარგია, მაგრამ საქართველო მირჩევნიაო, ჩამოსვლას აპირებდა, მაგრამ ეს უბედურება მოხდა" - კვირის პალიტრა

"ჯაბას ენატრებოდა სამშობლო, - ამერიკა კარგია, მაგრამ საქართველო მირჩევნიაო, ჩამოსვლას აპირებდა, მაგრამ ეს უბედურება მოხდა"

ნიუ-იორკში, ბრუკლინში 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს. ჯაბა ადამიას, დაახლოებით, 5.30 წუთზე დაესხნენ თავს, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს და ცივი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული პოლიცია ჯაბას მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებს, საქართველოში კი, ჯაბას საახლობლოში ტრაგედია ტრიალებს. გარდაცვლილის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ჯაბა კონფლიქტური არ იყო და შეუძლებელია, იგი რამე კონფლიქტის გამო მოეკლათ:

- თავზარდამცემი და საშინელი ამბავი გავიგეთ. ძალიან ძნელია ამ ტრაგედიის გათავისება, ბიჭი ისეთი თბილი და სიცოცხლით სავსე იყო, რომ მისი გარდაცვალება, თითქოს, დაუჯერებელიც კია. დადიოდა და თან გიტარა და ხალისი დაჰქონდა. შესანიშნავად მღეროდა. იმდენად პოზიტიური ახალგაზრდა იყო, რომ მისმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა ამ უბედურების გამო ისიც კი დაწერა, ჯაბას გარდაცვალებას სჯობდა, მე მოვმკვდარიყავი, უფრო კანონზომიერი იქნებოდაო.

- წარმომიდგენია რამხელა შოკია. 18 წლის ბიჭი როდის წავიდა ამერიკაში? - დაახლოებით, 2 წლის წინ წავიდა. ჯაბას ორი და ჰყავს. ერთ-ერთი და ამერიკაში წლების წასული იყო და ოჯახმა გადაწყვიტა, თავადაც წასულიყვნენ. აქ ე.წ მწვანე ბარათის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა, მოიგეს და ყველანი წავიდნენ, ჯაბაც წაიყვანეს, ვერ ვიტყვი, რომ დიდი ხალისით, მაგრამ, ხომ ყველანი ვხედავთ, რომ სამშობლოში ცხოვრება რა ძნელი გაგვიხდა. ჯაბა თბილისში სწავლობდა და მაშინ მე-11 კლასში იყო. მერე, თუ არ ვცდები, ამერიკაში ქართული სკოლა დაამთავრა და მუშაობდა. ბიჭს ძალიან ენატრებოდა საქართველო და იწერებოდა, - ამერიკა მომწონს, კარგია, მაგრამ საქართველო მირჩევნია, რაც უნდა იყოს, სამშობლოში უკეთესია და გაუძელით. ყველანი მენატრებით და აუცილებლად ჩამოვალო. როგორც ვიცი, თებერვალში აპირებდა ჩამოსვლას. თუმცა პანდემიის დროს როგორ მოახერხებდა ამას,  არ ვიცი. ახლა კი ეს უბედურებაც მოხდა. ჩვენ როგორც გავიგეთ, ბავშვი სახლთან არის მოკლული, ზურგში აქვს რაღაც მძიმე საგანი ჩარტყმული.

- გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული პოლიცია მკვლელს ეძებს. შესაძლოა, ეს ქართველი ყოფილიყო? - ამას გამოძიება დაადგენს. ვიცი, რომ ჯაბას ამერიკაში ქართველი მეგობრები ჰყავდა. მაგრამ არ ვიცი, წარმოუდგენელია, რატომ უნდა მოეკლათ. საერთოდ არ იყო კონფლიქტური, სულ ხუმრობდა და ხალისობდა. და თუ ხუმრობით გააბრაზებდა ვინმეს, მაშინვე ისევ ხუმრობით ურიგდებოდა. თუმცა ბოროტებას ხომ მიზეზი არ სჭირდება!

- პანდემიის დროს ისიც ძალიან რთულია, რომ გარდაცვლილი სამშობლოში ჩამოასვენონ...

- ამ ბიჭს საოცარი მშობლები ჰყავს, ღმერთმა გამძლეობა მისცეთ... ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბიჭი საქართველოში დაიკრძალოს. როგორც ვიცი, ეს ძალიან მალე მოხდება.

(სპეციალურად საიტისთვის)