"ბიძინა ესებუა ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ესებუა ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი"

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნივთები, რომელიც დაკავებისას აღმოუჩინეს, ჩაუდეს.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაკავებული თავის ძმასთან რაიმე სახის კონტაქტს უარყოფს.

"ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს, ორი დღე იდგა სამსახურთან მანქანა და საბარგული არ იკეტებოდა, ჩადებულია ორი ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ცალი ტყვია, საჭმელი და თოკი. პოლიციის ვერსიაა, არის რომ თავის ძმასთან მიჰქონდა, მაგრამ გზაში დააკავეს. თუ თავის ძმასთან მიჰქონდა, თვალთვალი რატომ არ გააგრძელეს და რატომ არ გაყვნენ ბოლომდე?! იქნებ მართლა შემდგარიყო ეს კონტაქტი. უბრალოდ რაღაც უაზრო თემაა. ცხადია, რომ ჩაუდეს",- განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისთვისაა ძებნილი.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი",- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"