"ბიძინა ესებუა ბრალს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს" - რას აცხადებს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ბიძინა ესებუა ბრალს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს" - რას აცხადებს ადვოკატი?

"საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბრალი მას ოფიციალურად შესაძლოა, დღის ბოლოს ან ხვალ დილით წარუდგინონ.

“ბიძინა ესებუა ბრალს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს. ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს და შესაბამისად, არც სასამართლო პროცესია ჩანიშნული", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში "საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვისაა ძებნილი.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა - შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი "ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი",- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"