რატომ უნდა შეხვედროდა სანდრა რულოვსი ზელიმხან ხანგოშვილს?! - კვირის პალიტრა

რატომ უნდა შეხვედროდა სანდრა რულოვსი ზელიმხან ხანგოშვილს?!

იმ დღეს, როცა ზელიმხანი მოკლეს, სანდრა რულოვსი მართლაც ჩავიდა ბერლინში, რათა ჩეჩნურ დიასპორას შეხვედროდა. შეხვედრის ორგანიზება ზელიმხანმა გააკეთა. სანდრასა და ზელიმხანს მიმოწერა ჰქონდათ და ჩემი ძმა მას აეროპორტში უნდა დახვედროდა...

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი გამოჰკითხეს. "დოიჩე ველეს" რუსულენოვანი რედაქციის ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიისა და კრემლის ურთიერთობა გააუარესა. მედიასაშუალება იუწყება, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი და მას ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩასვლა სთხოვეს. სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა. თუმცა გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე, ამიტომ ის ტელეფონით გამოჰკითხეს.

დეტალების გასარკვევად "კვირის პალიტრა" ზელიმხან ხანგოშვილის ძმას ზურაბ ხანგოშვილს ევროპაში დაუკავშირდა.

- იმ დღეს, როცა ზელიმხანი მოკლეს, სანდრა რულოვსი მართლაც ჩავიდა ბერლინში, რათა ჩეჩნურ დიასპორას შეხვედროდა. შეხვედრის ორგანიზება ზელიმხანმა გააკეთა. სანდრასა და ზელიმხანს მიმოწერა ჰქონდათ და ჩემი ძმა მას აეროპორტში უნდა დახვედროდა. ეს ინფორმაცია სასამართლოზე გამჟღავნდა - ტელეფონიდან ჩემი ძმისა და სანდრას მიმოწერა და ზარები ამოიღეს. ამჟამად მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

- სანდრა რულოვსსა და ზელიმხანს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ? - მგონი, ნანახიც არ ჰყავდათ ერთმანეთი, ტელეფონით ურთიერთობდნენ. ზელიმხანმა იმ დღეს სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა სანდრასთვის. ზუსტად არ ვიცი, რულოვსი ჩეჩნურ დიასპორას რა საკითხებზე უნდა შეხვედროდა. როცა ზელიმხანი მოკლეს, სანდრა ჯერ ჩამოსული არ იყო. იმ საღამოს სამნი უნდა ჩამოსულიყვნენ - სანდრა, ედუარდი და მისი მეუღლე. ედუარდი ბერლინში სწავლობდა. ზელიმხანი რომ არ დახვდა აეროპორტში, სანდრა რეკავდა და უთხრეს, რაც მოხდა.

- რატომ ჩათვალა სასამართლომ რულოვსი უმნიშვნელოვანეს მოწმედ? - ვინც ზელიმხანს იმ დღეს ან წინადღეს ურეკავდა, ყველა დაჰკითხეს. ზელიმხანს პოლიტიკურ თავშესაფარს რომ არ აძლევდნენ, სანდრამ გამოთქვა მისი დახმარების სურვილი. შესაძლოა ვახა მაჩალიკაშვილისგან გაიგო სანდრამ ზელიმხანის ამბავი. სანდრას უთქვამს, არ ინერვიულო, დიდი იმედი მაქვს, საქართველოში დაბრუნდებიო. მან ზელიმხანს სარეკომენდაციო წერილი დაუწერა, მისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. როცა გაიგო, რომ ზელიმხანი პატრიოტი ბიჭია და ასეთი ადამიანი საქართველოში მოსაკლავად გაიმეტეს, მისი საქმე არც გამოიძიეს, გერმანიაშიც თავშესაფარზე უარს ეუბნებოდნენ, სანდრამ ადამიანური თანადგომა გამოხატა.

- რა იყო ზელიმხანისა და სანდრას მიმოწერაში? - როგორც გითხარით, სანდრა ჩეჩნურ დიასპორას უნდა შეხვედროდა, ზელიმხანს უნდა გაეწია მასპინძლობა.

სხვათა შორის, როცა ზელიმხანს ჰკითხეს, საქართველოდან რა ჩამოგიტანოთო, უპასუხა, საქართველოს მიწაო. ეს მიწაც მკვლელობის დღეს უნდა გადაეცათ, ერთმა გოგონამ ჩამოუტანა. ბოლოს ოჯახში მოიტანეს.

- თქვენი ძმის მკვლელობის საქმეში არის სიახლე?

- მოწმეები იკითხებიან, ყოველ შემთხვევაში, ვინც დაკავებულია, იმას უმტკიცდება მკვლელობა.

იხილეთ ასევე: "არ მინდა ვიფიქრო ის, რასაც ზოგიერთი წყარო ავრცელებს სანდრა რულოვსზე..."