"როდესაც გამოფხიზლდება და ნახავს, რაც ჩაიდინა, ძალიან ინანებს" - რა მოხდა თეთრიწყაროში, სადაც ცოლის მკვლელობის ბრალდებით 87 წლის მამაკაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

"როდესაც გამოფხიზლდება და ნახავს, რაც ჩაიდინა, ძალიან ინანებს" - რა მოხდა თეთრიწყაროში, სადაც ცოლის მკვლელობის ბრალდებით 87 წლის მამაკაცი დააკავეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მძიმე დანაშაული მოხდა - ცოლ-ქმრის ათეული წლების თანაცხოვრება შემზარავი მკვლელობით დასრულდა. 87 წლის ო. ა-მ ცივი იარაღით გამოსალმა სიცოცხლეს თავისი მეუღლე, 80 წლის ნ. კ. გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზარახ მკვლელობას გულისხმობს. 87 წლის ო. ა. უკვე დაკავებულია. თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამის შესახებ გვესაუბრება ოჯახის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- ნამდვილად შემზარავი მკვლელობა მოხდა, მსგავსი არც კი გამიგია. შვილები და უკვე ზრდასრული შვილიშვილებიც ჰყავთ და თავისი შთამომავლები რატომ უნდა ჩაეყენებინათ ასეთ მძიმე მდგომარეობაში?! რაც წლები ემატებოდათ, სულ უფრო და უფრო იმრუდებდნენ ცხოვრებას ალკოჰოლის ზემოქმედებით.

- რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმას, რომ ალკოჰოლზე იყვნენ დამოკიდებულები ანუ სვამდნენ და მერე ჩხუბობდნენ. ამ მიზეზით სოფელშიც არაერთხელ უჩხუბიათ. სოფელში მეზობლებს ეს ჩხუბი და აურზაური ესმოდათ, შევარდებოდნენ ხოლმე მათთან, სახლში და აშველებდნენ. ასეთ მდგომარეობაში შვილებმა და შვილიშვილებმა სოფლად მარტონი აღარ დატოვეს და თეთრიწყაროს ცენტრში წაიყვანეს საცხოვრებლად. იქ, კორპუსის ბინაში აცხოვრებდნენ და ყველაფერი ჰქონდათ, რაც მათ ასაკში ადამიანს სჭირდება - სითბო, საკვები და ა.შ. კორპუსში ისე როდი ისმის ჩხუბი და აყალმაყალი, როგორც სოფელში, მით უფრო, რომ ახლა ზამთარია, პანდემიაა და ყველა ცდილობს, შინ ჩაიკეტოს. მოკლედ, მორიგი ჩხუბისას ქმარმა დანას წამოავლო ხელი და ცოლს ყელი გამოჭრა, მერე კი, ვიდრე გამოფხიზლდებოდა, დაიძინა.

- საშინელებაა. მზრუნველი შვილები ჰყოლია, ნუთუ, მათ ვერ შეძლეს მშობლები ამ მავნე ჩვევისთვის გადაეჩვიათ? - შვილებმა რატომ ვერაფერი გააწყვეს, მაგაზე ერთი პასუხია: როდესაც ადამიანი თავად მიდის დაღუპვისკენ, ძნელია, შემოაბრუნო. ალკოჰოლზე დამოკიდებულება მძიმე სენია. მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილად მებრალება მკვლელი. ის ახლა 87 წლის არის, თუ არ ვცდები, ამ დანაშაულისთვის სასჯელი 15 წლამდეა. ცხადია, მას სიცოცხლის ბოლო წლების გატარება ციხეში მოუწევს. როდესაც გამოფხიზლდება და ნახავს, რაც ჩაიდინა, ძალიან ინანებს, მაგრამ ეს ხომ არაფერს შეცვლის?!

(სპეციალურად საიტისთვის)