"რეალურად, ესენი არიან მომართული, რომ დაასრულონ საქმე..." - რას აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"რეალურად, ესენი არიან მომართული, რომ დაასრულონ საქმე..." - რას აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი?

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ხვალ თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა განუცხადა, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რის გამოა ის უწყებაში დაბარებული.

"ხვალ მობრძანდით 17:00 საათზე დასკვნების გასაცნობადო და უნდა გაგესაუბროთო. მე არ ვიცი, რა თემაზე უნდა გაგვესაუბრონ. მე არაერთხელ მითქვამს, პეტიციაც კი გავაკეთე, რეალურად, ესენი არიან მომართული, რომ დაასრულონ საქმე. მკვლელობით გადაკვალიფიცრებას არ აპირებენ, აპირებენ თვითმკვლელობამდე მიყვანით დაასრულონ, მაგრამ იმასაც არ ეძებენ ვინ ან რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ახლა ეს ყველაფერი უნდათ, რომ მშობლების დისკრედიტაციამდე მიიყვანონ და ამით დაასრულონ ის სიბინძურე, რომელიც დაიწყეს. უნდათ, რომ პირდაპირ ხელი დააფარონ დამნაშავეებს და დამნაშავეებს ვინც აფარებს ხელს, ისიც დამნაშავეა. თან არჩევნები დასრულდა. არაფერი საშიშროება აღარ აქვთ, ძალაუფლება და ხელისუფლება მათია“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"