"გარდაცვლილს მკვლელი სულ ემუქრებოდა, მოგკლავო... ამ ორის მტრობა, ახლა კი არა, ასლან აბაშიძის დროიდან დაიწყო" - კვირის პალიტრა

"გარდაცვლილს მკვლელი სულ ემუქრებოდა, მოგკლავო... ამ ორის მტრობა, ახლა კი არა, ასლან აბაშიძის დროიდან დაიწყო"

ქობულეთში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, 50 წლის ვალერი ვერულიძე მოკლეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელი ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევით გამვლელი დაუკავშირდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაჭრილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარის გამო პოლიცია გარდაცვლილის მეზობელს ეძებს. ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის ფაქტზე გვესაუბრება გარდაცვლილის ახლობელი, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა:

- ალბათ ადვილად წარმოსადგენია, რა ამბავი ტრიალებს ამჟამად გარდაცვლილის ოჯახში. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელი კაცი იყო. ვალერის თოფი შორიდან კი არ აქვს ნასროლი, ზურგიდან ან მკერდში, არამედ მკვლელმა პირი გააღებინა, თოფის ლულა ჩაუდო და ისე ესროლა.

- მკვლელობა რა მიზეზით მოხდა? - ძალიან ძველი შურისძიების გამო. ამ ორის მტრობა ახლა კი არა, ასლან აბაშიძის დროიდან დაიწყო და მაშინდელი პოლიტიკურ-კრიმინალური ამბების ექომ დღემდე მოატანა. ბოროტება ასე ადვილად როდი კვდება! თანაც გარდაცვლილს მკვლელი სულ ემუქრებოდა, მოგკლავო.

როდესაც ვინმე მოსაკლავად დაგდევს, ის ან პოლიციამ უნდა შეაჩეროს, ან თავად უნდა იღონო რაიმე. ამ ორს ურთიერთობა, დაპირისპირების მიუხედავად, მაინც ჰქონდა, თუმცა ბოლოს ძალიან დაეძაბათ. არ ვიცი, როგორ უნდა მოეხერხებინა მკვლელს, მაგრამ ფაქტია, მსხვერპლი მან პირში სანადირო თოფის ლულის ჩადებით მოკლა, თანაც - სადგურის მწვანე ზოლში, სადაც, ცხადია, ვალერი მოტყუებით მიიყვანა. გარდაცვლილს ეჭვიც არ აუღია, რომ მკვლელი სწორედ იმ მომენტში უპირებდა სიცოცხლის გამოსალმებას, თორემ მასთან არ მივიდოდა. ძალიან მძიმე ამბავია. ასეთი სასტიკი მკვლელობები მხოლოდ მოკლულის ოჯახს კი არა, ირგვლივ ყველას გვზაფრავს - როგორ უნდა იყო იქ მშვიდად, სადაც ხალხი ერთმანეთს პირში თოფის ლულის ჩადებით ხოცავს?!

(სპეციალურად საიტისთვის)