"იმედა სატვირთოზე მუშაობდა და გზაზე უსიამოვნო შემთხვევა ერთხელაც არ მოსვლია" - ვინ არის ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარიისას დაღუპული ოჯახის 3 წევრი - კვირის პალიტრა

"იმედა სატვირთოზე მუშაობდა და გზაზე უსიამოვნო შემთხვევა ერთხელაც არ მოსვლია" - ვინ არის ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარიისას დაღუპული ოჯახის 3 წევრი

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ ერთი ოჯახის სამი წევრი იმსხვერპლა. 42 წლის იმედა ოქროჭელიძე, 40 წლის იზო ენდელაძე და მათი 16 წლის ვაჟი - ბექა ოქროჭელიძე. გარდაცვლილები ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფერსათის მცხოვრებნი არიან.

კახა კაპატაძე, ადგილობრივი მცხოვრელი: - ლაპარაკი ნამდვილად მიჭირს იმაზე, რაც მოხდა. ამ ავტოკატასტროფამ ისეთი ხალხი შეიწირა, სამყაროს რომ აცარიელებენ. იმედა 42 წლის იყო, საოცრად მშრომელი ადამიანი, სატვირთო ავტომაქანაზე მუშაობდა, მუდამ საზღვრებს კვეთდა და გზაზე უსიამოვნო შემთხვევა ერთხელაც არ მოსვლია. ამის გამო, ცხადია, ჯანმრთელობასაც მუდამ იკონტროლებდა. ასე რომ, არაფერი აწუხებდა და არა მგონია, ამ უბედურების მიზეზი მისი ჯანმრთელობის უცაბედი გაუარესება ყოფილიყო. მსუბუქი ავტომანქანა მუდამ მოწესრიგებილი ჰქონდა. მაგრამ ეს უბედურება მაინც მოხდა. თუ რატომ და რა სიტუაციაში, ვერავინ გეტყვით, თვითმხილველი არ არსებობს.

- შესაძლოა, რომ კატასტროფა სხვისი მიზეზით მომხდარიყო? - შესაძლოა. მაგრამ დეტალები ექსპერტ-კრიმინალისტებმა უნდა დაადგინონ. ეს უბედურება დაახლოებით, დილის 10 საათისთვის მოხდა, ამ დროს ნაწვიმარი იყო, გზა - სველი. როგორც ჩანს, ავტომანქანა სველ გზაზე მოსრიალდა, იქვე, გზისპირას, ტყეში შევარდა და ამოტრიალდა. მიუხედავად იმისა, რომ გზიდან ტყემდე  არც ხევია და არც დამრეცი ფერდობი, როგორც ჩანს ავტომანქანა ხეებს შეეჯახა, მერე კი ძარაზე ამოყირავდა.

(სპეციალურად საიტისთვის)