"მკვლელებს "ვაპატიე" ხმამაღალი ნათქვამია. არ ვაპატიებ, სანამ არ აღიარებენ" - რას ჰყვება გურამ შარაძის ქალიშვილი მამაზე, სააკაშვილსა და "ოცნებაზე"
"მკვლელებს "ვაპატიე" ხმამაღალი ნათქვამია. არ ვაპატიებ, სანამ არ აღიარებენ" - რას ჰყვება გურამ შარაძის ქალიშვილი მამაზე, სააკაშვილსა და "ოცნებაზე"
"მამა შვილებს არ არჩევდა, თუმცა ორი ბიჭის შემდეგ მე რომ დავბადებულვარ, ძალიან გახარებია. მანამდე თურმე ბებიაქალს ვიღაცისთვის უხარებია გოგოს დაბადება და ის კაცი ისე განერვიულებულა, კინაღამ უცემია. შეშინებული მამაჩემთან მორიდებით მისულა და უთქვამს, გოგოაო, მამას კი სიხარულისგან ხელში აუტაცია, ჩახუტებია და ფულიც უჩუქებია. პირველად ვნახე, კაცს გოგოს დაბადება ასე გახარებოდესო, უთქვამს ბებიაქალს..."

რუსუდან შარაძე 2011 წლიდან დღემდე შვეიცარიაში, ჟენევაში ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად, თუმცა გულისყური მუდმივად აქეთ, სამშობლოსკენ აქვს. დაგეგმილი ჰქონდა,
ახალ წელს საქართველოში შეხვედროდა, მაგრამ პანდემიის გამო გეგმა ჩაეშალა. საუბარი, ცოტა არ იყოს, სევდიანი გამოგვივიდა, თუმცა, ვფიქრობ, საინტერესო...

- შვეიცარიაში, კერძოდ ჟენევაში, პირველად 1998 წელს ჩამოვედი მამასთან­ ერთად, 2006 წელს კი უკვე სასწავლებლად გადავწყვიტე წამოსვლა. თბილისში დავტოვე ოჯახი.

სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ
2007 წლის 20 მაისს მამაჩემი მოკლეს... უმძიმესი წლები გამოვიარე, თან საქართველოში უნდა მებრძოლა, თან ჟენევაში მესწავლა და ჩემი შრომით თავიც მერჩინა. მარტოობის განცდა ცალკე ამბავია... ასე მოვედი 2010 წლის შემოდგომამდე, როდესაც საქართველოში სამართლის პოვნის იმედი გადამეწურა - სააკაშვილმა ან იყიდა, ან მთლიანად გაანადგურა ოპოზიცია, კონსტიტუციას სურვილისამებრ ცვლიდა და უკვე პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან, სამუდამოდ ფიქრობდა ხელისუფლების მართვას. უკიდურესი პროტესტის გრძნობა მქონდა. სადმე, რაიმე ფორმით უნდა დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე. ქმარ-შვილის გარეშე ყოფნაც აღარ შემეძლო. ამასობაში, 2009 წელს, ჩემი ძმა გიორგიც გარდაიცვალა. იცით, რომ 1998 წელს უფროსი ძმა ლაშა საკუთარ ლოგინში მძინარე მოკლეს. სხვა გზა აღარ მქონდა და გადავწყვიტე, შვეიცარიის მთავრობისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა. ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, რადგან საქართველოში მრჩებოდა დედა, რომელიც არასდროს მიატოვებდა მანდაურობას­ და არავინ იცოდა, კვლავ ვნახავდი თუ არა ცოცხალს.

თბილისში რომ ვიყავი, დედაჩემს გავანდე­ ჩემი გადაწყვეტილება. დიდსულოვნად მიიღო. 2011 წლის თებერვალში ბერნში, მიგრაციის დეპარტამენტში მქონდა ერთადერთი ინტერვიუ და ორ კვირაში ფოსტით დადებითი პასუხი მომივიდა. შვეიცარიამ მაქსიმუმი გააკეთა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და დღემდე ასეა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რომელმაც შემიფარა და ფიზიკურად და მორალურად გადამარჩინა. საბედნიეროდ, დადგა 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი და 25-ში, დედაჩემის დაბადების დღეზე, უკვე თბილისში ვიყავი.


- ძმები, მამა... ამხელა ტკივილი რამ გადაგატანინათ?
- არ ვიცი... ალბათ, ერთადერთი, რაც დღემდე მაცოცხლებს, არის შინაგანი რწმენა ჩემი და მამაჩემის სიმართლისა.­ ის მართალი იყო ყველასთან, ხოლო მკვლელობის ოფიციალური მოტივი თავიდანვე აბსურდული გახლდათ. სწორედ სიმართლის რწმენა მაძლიერებს, ხალხის სიყვარული და ნდობა კი სიცოცხლის ძალას მმატებს. ის ღირებულებები და ეროვნული, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები, რისთვისაც მამა იბრძოდა, სიამაყის განცდას ბადებს ჩემში. მიუხედავად იმ ტანჯვისა, რაც გავიარე - და, ალბათ, სიკვდილამდე ამ გზით მომიწევს სიარული - გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ვარ მამაჩემისა და დედაჩემის შვილი, მყავდა საუკეთესო ძმები, მყავს შვილი და ძმისშვილები და მაიმედებს მათი მომავალი.

- თქვენს მამაშვილობაზე უნდა გკითხოთ. რა გახსოვთ განსაკუთრებულად, როგორი მამა იყო?
- შვილების მიმართ იყო ძალიან დამთმობი, კეთილი, მეგობრული. სიმართლე გითხრათ, მორალის კითხვა და რჩევა-დარიგებები მაინცდამაინც არ უყვარდა, თავს არ გაბეზრებდა, მაგრამ ლაშას გარდაცვალების შემდეგ სინანულით იტყოდა ხოლმე, იქნებ რამე დავაკელი ჩემს შვილს, რომ არ დავისვამდი და საათობით არ ველაპარაკებოდი, მაგრამ ვფიქრობდი, ბავშვს ლაპარაკით კი არა, საკუთარი საქციელით უნდა მისცე მაგალითიო. რასაკვირველია, გვქონდა ძალიან გულწრფელი, გულახდილი საუბრებიც. ვმეგობრობდით, თუმცა ზღვარი ყოველთვის არსებობდა - მის მიმართ უდიდეს პატივისცემასა და რიდს ვგრძნობდით. ხომ ასეთი კარგი მამა იყო, მაგრამ კიდევ უფრო თბილი და მოსიყვარულე ბაბუა გახლდათ...

- ერთადერთი ქალიშვილის მიმართ, ალბათ, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა...
- შვილებს არ არჩევდა, თუმცა ორი ბიჭის შემდეგ მე რომ დავბადებულვარ, ძალიან გახარებია. მანამდე თურმე ბებიაქალს ვიღაცისთვის უხარებია გოგოს დაბადება და ის კაცი ისე განერვიულებულა, კინაღამ უცემია. შეშინებული მამაჩემთან მორიდებით მისულა და უთქვამს, გოგოაო, მამას კი სიხარულისგან ხელში აუტაცია, ჩახუტებია და ფულიც უჩუქებია. პირველად ვნახე, კაცს გოგოს დაბადება ასე გახარებოდესო, უთქვამს ბებიაქალს.


- როდესაც გენატრებათ...
- სულ მენატრება, სულ... ადამიანს ჰქონია უნარი, რომ უბედურებისგან ჭკუიდან არ გადავიდეს, არ გაგიჟდეს. შეიძლება ამაზე გონებით არ იფიქრო, მაგრამ ეს შეგრძნება მუდმივად შენთანაა - სხეულში, სულში. მონატრების გრძნობა გაუნელებელია და მოუშუშებელი. მშობლის გარდაცვალება ხომ რთულია, მაგრამ ტრაგიკული დაღუპვა ორმაგად ძნელია, რადგან ტრაგიზმი უკიდურესი უსამართლობის გრძნობას იწვევს.

- ერთ-ერთ პოსტში თქვით, თითქმის ყველას ყველაფერი უხმოდ ვაპატიეო. მართლაც ასეა?
- პატიება შევძელი, სხვანაირად ურთიერთობა ვერ მექნებოდა ადამიანებთან. რამდენიც გინდათ, იმდენი კლავდა სიტყვითაც, მაგრამ მისი მკვლელობის შემდეგ ვიღაცას სინანული შევატყვე, ვიღაცამ პირდაპირ მითხრა ეს, ვიღაცას შერცხვა და ვერ გაბედა, თუმცა მივხვდი. ადამიანს ოდნავ მაინც თუ შევატყობ სინანულს, პატიება შემიძლია, რადგან ადამიანები ვართ და თანაც, რა უნდა იყოს დანაშაულის შეგრძნებით ცხოვრებაზე დიდი სასჯელი? რაც შეეხება მკვლელებს, "ვაპატიე" ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. არ ვაპატიებ, სანამ არ აღიარებენ. თუ იტყვიან სიმართლეს, თუ შევამჩნევ სინანულს, ესეც საკმარისი იქნება... მე მხოლოდ ის მჭირდება, რომ სიმართლე ოფიციალურად გამოცხადდეს. არავის დასჯა არ მინდა არა იმიტომ, რომ კეთილშობილი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მინდა მშვიდად ვიყო. გურამ შარაძის მკვლელი ან მკვლელობაში მონაწილე რომ ხარ, ამაზე მეტი სირცხვილი და დასჯა რაღა უნდა იყოს? "ოცნება" ხშირად თავს იმართლებს,­ რომ "ნაციონალებს" თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ და პარტიას ვერ აკრძალავენ. აბა, გამოაცხადონ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, გურამ შარაძის მკვლელობების შემკვეთად, ქართული ტერიტორიების გამყიდველად, არაერთი ახალგაზრდის მკვლელად, კიდევ თუ ვინმე გაბედავს და სირცხვილით ხმას ამოიღებს ან კვლავ თუ დაუჭერენ მხარს! და ვინც დაუჭერს, ისიც მკვლელი იქნება. სააკაშვილი, როგორც მკვლელი, გასამართლდა? არა! დღესაც ძალიან ბევრია სახელმწიფო უწყებაში, ხმას ქვეყნის დამანგრევლებს რომ აძლევს, ამიტომაც კოაბიტაცია და ის შემდგომი სიამტკბილობა, რაც ამ წლების განმავლობაში ვიხილეთ, ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაულია. როდესაც გურამ შარაძის ერთ-ერთი მკვლელი გია ფაჩულია დღეს ზუგდიდში სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რაღა უნდა ვთქვა?

- რომელიმე პოლიტიკური ძალა თუ გეიმედებათ? თქვენი აზრით, ვის შეუძლია ახლანდელი მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა?
- არავის ვენდობი. საუბედუროდ, არ ჩანს ძალა, რომელიც შეძლებს და ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს, თუმცა არის ხალხი, რომელიც არსად ჩანს, ტაბუ აქვთ დადებული, არადა, შეუძლიათ ააშენონ ისეთი სახელმწიფო, რომელზე შეიძლება არც კი გვიოცნებია. "დანიშნული" ოპოზიციისთვის ყველაფერი ხსნილია იმ მოტივით, რომ დემოკრატია მწვერვალზე იყოს. არის ამაში სიმართლე, კი ბატონო, მაგრამ ნაღდ ოპოზიციასაც ახსნან ტაბუ...

მე რომ "ქართულ ოცნებას" ხოტბას ვასხამდე, ყოველდღე იქნებოდა ლაპარაკი გურამ შარაძის მკვლელობაზე და ამას სათავისოდაც გამოიყენებდნენ. ბედნიერი ვარ, რომ დღემდე ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ბედავს მამაჩემის მკვლელობის სათავისოდ გამოყენებას. სპეკულაციის უფლებას არავის მივცემ - ეს იციან და ამიტომაც არიან ჩუმად.

- თქვენი პოსტებით ჩანს, რომ ყოველთვის თვალს ადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქტიურად გამოხატავთ თქვენს აზრს. არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ პროცესებზე მინდა გკითხოთ - როგორია თქვენი შეფასება? მოლოდინი?­ ამ გასაიდუმლოებულმა საუბრებმა და შეთანხმებებმა ბევრი ვარაუდი და პროტესტის გრძნობა გააჩინა საზოგადოებაში. თქვენი აზრით, რატომ და რაზე თანხმდებოდნენ ასე საიდუმლოდ?
- სულ ვამბობ, საქართველოში ვცოცხლდები, აქ მხოლოდ მივედინები-მეთქი და მართლაც ასეა. თვალი და ყური სულ საქართველოსკენ მაქვს.

ზოგჯერ მომბეზრდება ყველაფერი და ვამბობ, არაფერს ვნახავ, არ წავიკითხავ-მეთქი, მაგრამ ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკი­თხი - მამას მკვლელობა და ამ მკვლელობის მოტივები ისეა გადა­ჯაჭვული საქართველოს პოლიტ­იკურ ცხოვრებასთან, რომ ძალაუნებურად მიჯაჭვული ვარ ჩემს ქვეყანას.

თითო-ოროლას გარდა, ვიტყოდი, რომ ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ბანდა, მკვლელებისა და პოლიტიკური მეძავების­ ნაკრები, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველაფერს კადრულობს. ისინი საქართველოს არევ-დარევითა და დაქცევით ცოცხლობენ, როგორც პოლიტიკოსები. სანამ ეს ოპოზიცია იქნება, "ოცნება" ყოველთვის გაიმარჯვებს, რაც ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომაც არ გაასამართლა კანონიერად "ნაციონალური მოძრაობა", როგორც დამნაშავე პარტია. ისეთი არაფერი გვჭირს, რაც სხვაგან არ მომხდარა, ან არ ხდება. თუ რამე გვაკლია - პოლიტიკური გემოვნება ან გამჭრიახობა, არც არის გასაკვირი - რამდენი ხანია, ჩვენ სახელმწიფო და საკუთარი თავი არ გვიმართავს.

30 წელია, დამოუკიდებლები გვქვია,­ მაგრამ როდის იყო, ხალხს რამეს ეკითხებოდნენ? პოლიტიკოსები ჩვენ გვიყურებენ, როგორც საარჩევნო ხმებს, საჭიროს, უსარგებლოს ან მხოლოდ მტერს. ვინ მოთვლის, რამდენი კანონია ქართველი ხალხის ზურგს უკან, ჩუმად მიღებული? სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა გურამ შარაძე, არ ინდობდა არავის და სააშკარაოზე გამოჰქონდა სააკაშვილის მიერ "მოქალაქეთა კავშირსა" თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნის დროს მოღალატეობრივად დაკანონებული, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები.

- თქვენს სიტყვებს გაგახსენებთ: "მიშიზმი ავადმყოფობაა, სიტლუე და სიგონჯე!­ არ იკურნება, მორჩა! აპატიე რამდენიც გინდა, მოგეპარება და მაინც დედას გიტირებს..." რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას ბელადომანია, რა შედეგების მომტანია და როგორ გგონიათ, რატომ არის სააკაშვილი ოპოზიციურ ფლანგზე კვლავ ერთპიროვნული­ ლიდერი, რატომ ვერ ანაცვლებს მას რომელიმე თანამებრძოლი, მაგალითად, ნიკა მელია?..
- "ნაცმოძრაობის" მომხრეებისთვის სააკაშვილი შეუცვლელია. მათ უყვართ მიშა ისეთი, როგორიც არის და მას აძლევენ ხმას.

მიშიზმი იდეოლოგიაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ნიკიზმი, გიგიზმი ან გიგაზმი? ადამიანი შეიძლება იყოს იდეის ერთგული და მისდევდეს, მაგალითად, ილია ჭავჭავაძეს ან სხვას ვინმეს, მაგრამ მოქმედი პოლიტიკოსის "ისტობა" უბედურებაა. ბელადომანიას ვგულისხმობ, თორემ სიმპათია და მომხრეობა სხვა რამეა. "ისტობა" წარმოშობს სუბიექტურობას, რაც ადამიანებს რეალობას აშორებს, ეს კი მათ აქცევს იარაღად ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ხელში. საბოლოოდ ეს შობს ისეთ ვითარებას, როგორშიც ახლა ვართ.

არ ვიცი, როგორ დაამთავრებს "ოცნება" არსებობას. ღვთის სამართალს თუ გავითვალისწინებთ, კარგად არ უნდა გამოუვიდეთ, მაგრამ მაინც ეს დრო შეფასდება, ერთი მხრივ, შვების, ამოსუნთქვის პერიოდად, როდესაც ხალხს აღარ აწამებენ და ქუჩაში აღარ ხვრეტენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იქნება წარმოუდგენელი უსამართლობის, ტყუილის, ხალხის დაღალატების ხანა და კოაბიტაცია მკვლელებსა და სამშობლოს გამყიდველებთან გამოცხადდება მთავარ სირცხვილად.

- ამაჟამად რას საქმიანობთ შვეიცარიაში? კოვიდთან დაკავშირებითაც მაინტერესებს, რა მდგომარეობაა...
- ჟენევის ხელოვნების სკოლის ბიბლიოთეკაში ვმუშაობ, ბიბლიოთეკარი ვარ. აქ ბევრი რამ არის მოსაწონი, მაგრამ უპირველესად რასაც საქართველოსთვის ვისურვებდი, არის ის, რომ მანდაც ყველაფერი რეფერენდუმით წყდებოდეს და სახელმწიფოს მართლაც ხალხი მართავდეს. რაც შეეხება ვირუსს, აქაც მსგავსი ვითარებაა, რაც მთელ მსოფლიოში.

ვიცავთ წესებს, დავდივართ პირბადეებით, არ ვყვებით პანიკას. ცოტა ხნის წინ ჟენევა ევროპის ყველაზე დაინფიცირებულ ქალაქად გამოცხადდა, რადგან ზაფხულში აქაც იყო გასართობი თავყრილობები. მერე ცოტა იკლო შემთხვევებმა. სკოლების, წრეებისა და სუპერმარკეტების გარდა ყველაფერი დაკეტილი იყო, მაგრამ შობის წინ თითქმის ყველაფერი გახსნეს. სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ეხმარება ხალხს, მაგრამ ბუნებრივია, შეზღუდვებმა ბევრი უარყოფითი შედეგი გამოიღო, ზიანი მიადგა კულტურულ ცხოვრებასაც. შვეიცარიაშიც, ისევე როგორც ყველგან, არის ხალხი, ვინც შეზღუდვებს­ აპროტესტებს. სხვადასხვა კანტონში ჩატარდა არცთუ მცირერიცხოვანი აქციები.

ნინო ჯავახიშვილი
qeti
25 დეკემბერი 2020 18:00
ღმერთმა გაანათლოს ნაღდი ეროვნული კაცის - გურამ შარაძის სული! რაც შეეხება მის მკვლელებს... ეეჰ, მოღალატე იუდები არ დაელია ქვეყანას, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა მიიღებს დამსახურებულს და რა მწარე იქნება ეს ამ ჯალათებისთვის!?
ხატია
24 დეკემბერი 2020 11:22
თუ მართლა გიყვართ საქართველო, რატომ ეფარებით "პრესტიჟულ" ქვეყნებს, შექმენით ან გამოაჩინეთ რეალური ოპოზიცია ! შორიდან ქვეყნის ვითომ სიყვარულის სჯერა ვინმეს? რამდენს ეხება ეს ვინმემ დათვალოს.... ეჰ.
ეკა
24 დეკემბერი 2020 01:43
ასეთი ხალხი აქ ახლოს უნდა იყოს საქართველოში . მიყევით ბოლომდე ამ საქმეს და გამოაშკარავეთ დამნაშავეები...მართალია მეც მიკვირს რატომ არ სჯიან ნაცებს ვეტ გამიგია

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები