"ესებუა ახლა #1 ძებნილია და არა მგონია, მისი მფარველობა ვინმემ გარისკოს" - ესებუების კრიმინალური დრამა
"ესებუა ახლა #1 ძებნილია და არა მგონია, მისი მფარველობა ვინმემ გარისკოს" - ესებუების კრიმინალური დრამა
"მე მაქვს მტკიცებულებები, რომელთა საშუალებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას შევძლებ, მაგრამ შესაძლოა ხელი შემიშალონ და ჯერჯერობით დეტალების გახმაურება არ მინდა..."

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც 12 დეკემბერს დააკავეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბიძინა ესებუას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება... ადვოკატ სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, ბიძინა
ესებუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო. დაცვის მხარემ სასამართლოს 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. "კვირის პალიტრა" ბიძინა ესებუას საქმის დეტალებზე მის ადვოკატს
სოსო ჯანაშიას ესაუბრა:

"ნამდვილად ჯობია ჩაჰბარდეს, რადგან გადარჩენის მეტი შანსი მიეცემა..."

- დანაშაულს, რომელიც საბრძოლო მასალის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკვების გადაზიდვას გულისხმობს, ბიძინა ესებუა არ აღიარებს. ამბობენ, როცა მიდიოდა, უკან მივყვებოდით, რა დროსაც შეგვამჩნია და ამიტომ იძულებული გავხდით დაგვეკავებინაო... ეს ხომ ალოგიკურია - თურმე ბადრისთან მიდიოდა ბიძინა და მაშინ დააკავეს. სინამდვილეში ეს არის ზეწოლა ოჯახის წევრებზე, რათა ბადრი ესებუა ჩაჰბარდეს. როგორ შეინახავდა ბიძინა ამ მასალას მანქანის საბარგულში მაშინ, როცა მთელ ოჯახს სისტემატურად აკონტროლებდნენ.


- მაშ რა მოხდა?
- იარაღი ჩაუდეს. ბიძინა კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სახლის შორიახლო იდგა. საბარგული არ იკეტებოდა, გაფუჭებული იყო, და ჩანს, მაშინ ჩაუდეს.

- ოჯახი ამბობს, რომ ბადრი უდანაშაულოა.
- დიახ, ოჯახი და ახლობლები ამბობენ, რომ ბანკში შესული მძარცველი და ბადრი არც ხმით, არც მოძრაობით თუ სიმაღლით არ ჰგვანან ერთმანეთს. ვფიქრობ, ბადრი იმის შიშით იმალება, რომ დაკავებისას მოკლავენ.

- უდანაშაულო ადამიანი უფლებადამცავ­ ორგანიზაციებსა და მედიას არ დაუკავშირდებოდა?
- დიახ, მაგრამ ამისთვის ვინმეს ხომ უნდა დაუკავშირდეს ტელეფონით ან სხვა გზით... ის გამოძიებას არ ენდობა, თუნდაც იმიტომ, რომ პოლიციამ მასზე ეჭვი სავარაუდოდ იმიტომ მიიტანა­, რომ პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუას მეზობელი სოფლიდან წავიდა ზუგდიდში ავტომანქანით, იმ მაშვ­ელი ბიჭის მანქანაში­ ჩაჯდა და აიძულა ის ბანკის შენობამდე­ მისულიყო. ასე შეიქმნა მითი ბადრის შესახებ. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ მისი ოჯახის წევრებისგან ვიცი, რომ დიდი ალბათობით ეშინია. თავისი უდანაშაულობის გარკვევა რაღაც გზებით ხომ უნდა დაიწყოს, ამასობაში კი არ არის გამორიცხული მისი ლიკვიდაცია. ოჯახიც დარწმუნებულია, თუ გაიგეს ბადრი სად არის, მოიშორებენო.

- ოჯახის მდგომარეობა როგორია?
- უმძიმესი. ფიზიკურად არავინ ეხება, მაგრამ მორალურად ძალიან მძიმე დღეშია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა დააკავეს. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ელექტრიკოსია და დღედაღამ მუშაობდა. ყველაფერი რაც აუგორეს, თითქოს ბანკში შეჭრის დღესაც ჰქონდა ბადრისთან კონტაქტი და ასე შემდეგ, ტყუილია. ესებუების ოჯახი მსხვერპლია. მამამისს ორჯერ ჰქონდა ინსულტი, ისე ცუდად არის, სამსახურში სიარული კი არა, სახლში ძლივს დადის. დედამისი კი რეალობას ვერ აღიქვამს. ოჯახი დაუდასტურებელი და გაუხსნელი დანაშაულის გამო თვალსა და ხელს შუა იღუპება. დავუშვათ, ბადრია თავდამსხმელი, ოჯახმა რა დააშავა, წარმოუდგენელ წნეხში არიან - მუდმივ დაკითხვაში, თვალთვალში...

- ბიძინა ესებუას შესახებ რისი გარკვევა­ მოახერხეთ?
- ადგილი, სადაც ბიძინას მანქანა იდგა, გარშემორტყმულია­ სათვალთვალო კამერებით.­ არსებობს ჩანაწერები, სადაც მისმა მანქანამ გაიარა, ვგულისხმობ სურსათის მაღაზიებს, სადაც მან პური, კონსერვები და სხვადასხვა სურსათი იყიდა. სხვა კამერებში ასახულია ის ადგილები, სადაც სხვადასხვა დანიშნულების ნივთები შეიძინა. მე მაქვს მტკიცებულებები, რომელთა საშუალებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას შევძლებ, მაგრამ შესაძლოა ხელი შემიშალონ და ჯერჯერობით დეტალების გახმაურება არ მინდა... ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინას პატიმრობა­ უკვე შეუფარდა. ბევრს არაფერს ველოდები, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში.

ამ საქმეში არაერთი დარღვევაა. სასამართლომ ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებაში არ მიიღო და ბადრი ესებუას საქმესთან გააერთიანა. ახლა საჭიროა საზოგადოების ფხიზელი თვალი, რომ ძალოვან სისტემას არ მიეცეს უფლება, ეს საქმე მისთვის სასურველ რეალობად გაასაღოს.
მიმდინარე პროცესებით თუ შევაფასებთ,­ ნამდვილად ჯობია ბადრი ჩაჰბარდეს, რადგან გადარჩენის მეტი შანსი მიეცემა.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოშია?
- არ ვიცი.

"ესებუა ახლა #1 ძებნილია და არა მგონია, მისი მფარველობა ვინმემ გარისკოს"

მის ძმას უსაფუძვლოდ არ დააკავებდნენ. დიდი ალბათობით,
აქვთ ოპერატიული მასალა... ბადრი ესებუას ამდენი ხნის განმავლობაში იმის გაკეთება მაინც შეეძლო, რომ ძმის დახმარებით განცხადება გაევრცელებინა, მოეწოდებინა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველებისთვის, ამ საქმეში უბრალო ვარ, გამოჩენის კი იმიტომ მეშინია, არ "ჩამომკიდონ" ის დანაშაული, რაც არ ჩამიდენიაო...

სამხედრო საკითხების ექსპერტ ამირან სალუქვაძის აზრით, ბადრი ესებუას ძმას უსაფუძვლოდ არ დააკავებდნენ და არც მის დაკავებამდეა დიდი დრო დარჩენილი.

- ის წაღებულ ფულს საქართველოში ვერ გამოიყენებს. მის მოხმარებას ვერ გარისკავს ბევრი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, არ იცის, ფული დანომრილია თუ არა. იმედია, ნახევარი მილიონიდან ნახევარი მაინც იქნება დანომრილი. ამასთან, თავად ხომ არ გამოვა მის გადასახურდავებლად. არა აქვს მნიშვნელობა, სადმე ტყეში სამალავი აქვს, მიტოვებულ სახლშია თუ ვინმესთან აფარებს თავს, ყოფილი სამხედროა და ამაზე ნაფიქრი ექნება. თანხა თუ არ მოიხმარა, რა აზრი აქვს მის შენახვას.

- დავუშვათ, რომელიღაც ჯიხურში შეიტანეს დანომრილი ფული.
- სადმე ერთი კუპიურაც რომ ამოვარდეს, უკვე საკმარისი იქნება, რომ კვალს მიჰყვნენ. სულ ცოტა, 200 დოლარი მაინც უნდა დახარჯოს, რომ პური, ბურღულეული და კონსერვები იყიდოს, თავი რომ შეინახოს. ფული ვიღაცას უნდა გაატანოს, რადგან თავად ვერ გამოჩნდება. ადრე თუ გვიან, მას დააკავებენ, რამდენ ხანს დაიმალება. თუ გეგმაში აქვს ქვეყნიდან გასვლა, თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ან მთებით, თუ რუსეთში ან სხვა ქვეყანაში გადავიდა, იქ უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, ფული დანომრილია თუ არა, მაგრამ იქამდე როგორღაც ხომ უნდა მივიდეს.
ყოველი მისი და მისი ხელშემწყობის ნაბიჯი სარისკოა. ის ახლა #1 ძებნილია და არა მგონია, მისი მფარველობა ვინმემ გარისკოს.

- პოლიტიკურ ძალას გულისხმობთ?
- არ ვიცი, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისგან გამორიცხული არაფერია, რადგან წლების განმავლობაში იმდენი მავნებლობა აქვთ ჩადენილი. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ეჭვებზე დაყრდნობით მსჯელობს, თუმცა შესაძლოა მის უკან ვიღაც დგას. ეს გაირკვევა მაშინ, როცა მას დააკავებენ და ვფიქრობ, ეს მალე მოხდება. მან უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, თანაც არჩევნების წინ, რაც პოლიტიკურ პროცესებში გამოიყენეს.

რაც შეეხება მისი ძმის დაკავებას, მას უსაფუძვლოდ არ დააკავებდნენ. დიდი ალბათობით, აქვთ ოპერატიული მასალა. ეჭვი მეპარება, ძმებს სატელეფონო კავშირი ჰქონოდათ, ან ისეთი ნომრებით ჰქონდათ ურთიერთობა, რომლებიც მათ სახელზე არ არის რეგისტრირებული. ეს და სხვა დეტალებიც ეცოდინება გამოძიებას. ამდენი ხნის განმავლობაში იმის გაკეთება მაინც შეეძლო, რომ ძმის დახმარებით განცხადება გაევრცელებინა, მოეწოდებინა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველებისთვის, ამ საქმეში უბრალო ვარ, გამოჩენის კი იმიტომ მეშინია, არ "ჩამომკიდონ" ის დანაშაული, რაც არ ჩამიდენიაო.

ვერსია
22 დეკემბერი 2020 11:32
მისი ცოცხლად დაკავება არავის აწყობს. თავიდან არ უნდა მოეკიდა ხელი ვიღაცის დავალებით.
კ ო მ ბ ლ ე
21 დეკემბერი 2020 20:40
ფაქტი ერთია, ძმა ზალოგში ყავთ დაკავებული, თუ არ გამოჩნდა, არ გაუშვებენ, მძევლად იქნება. აი ეს არის დღევანდელი პოლიციის პროფესიომალიზმის დონე. გაიქცევი? ძმას ან მამას დაიჭერენ, თუ შვილი გყავს, ან ცოლი, ჩათვალე, რომ მძევლად იქნებიან აყვანილი...
მოკლედ შახები და სულთნები რასაც უკეთებდნენ ქართველ მეფეებს, ის ხდება დღესაც... მძევლად მიყავდათ ტახტის მემკვიდრე, აღარ მიღალატებს და მორჩილი იქნებაო... ეეეხ, რა დრო დადგა, ძებნილს და მძევალს ერთი ფასი აქვს, ყოჩაღმა პოლიციელებმა კი, პროფესიონალიზმი აიმაღლეს მე-14 საუკუნის დონემდე.....ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა ოცნებს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები