"ეს ეშმაკური სვლაა, რათა იმ პოლიტპატიმრებმაც დატოვონ ციხე, რომელთა გათავისუფლებასაც ასე ცდილობს ოპოზიცია" - კვირის პალიტრა

"ეს ეშმაკური სვლაა, რათა იმ პოლიტპატიმრებმაც დატოვონ ციხე, რომელთა გათავისუფლებასაც ასე ცდილობს ოპოზიცია"

როცა პატიმრები ციხიდან გამოვლენ და მათ ოჯახებში არ დახვდებათ ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა, როცა არც სამუშაოა და შემოსავლის მიღების ლეგალური საშუალებები ძალიან მწირია, ეს და სხვა პირობები მათ ისევ ციხეებში შებრუნებას გამოიწვევს. ასე რომ, ეს ამნისტია იქნება ხელისუფლების ფარული სვლა, შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები და ფორმალურად ჰქონდეს სათქმელი მომავალში. თუმცა რაღა მომავალში, მომავალ წელს უკვე ადგილობრივი არჩევნები მოდის და მათ ამ ფანდის გამოყენება დასჭირდებათ...

"ქართულმა ოცნებამ" პირველი ინიციატივა - ამნისტია დააანონსა და საჭირო კანონპროექტი მეათე მოწვევის პარლამენტში დაარეგისტრირა. ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 45-ზე მეტ მუხლს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულების კატეგორიაში გადის. მათ შორის არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; შრომის დაცვის წესების დარღვევა; ნარკოტიკების უკანონო მოხმარება და სხვა მუხლები.

კანონპროექტის თანახმად, ამნისტია გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე. გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ამნისტია შეეხება იმ პირს, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.

"ჰუმანური აქტის შესახებ" კანონპროექტის შეფასება იურისტ ლია მუხაშავრიას ვთხოვეთ.

- როგორ შეაფასებთ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს? ეს პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას ხომ არ ემსახურება?

- იმ ვითარებაში, როცა პრეზიდენტმა პრაქტიკულად გააუქმა შეწყალების ინსტიტუტი, ახლა ამნისტია, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, "ოცნების" მეთაურები ამბობენ, რომ ამნისტია პოლიტპატიმრებს არ შეეხება (არც ცნობენ იმ პირებს პოლიტპატიმრებად), ვფიქრობ, ეს ეშმაკური სვლაა, რათა იმ პოლიტპატიმრებმაც დატოვონ ციხე, რომელთა გათავისუფლებასაც ასე ცდილობს ოპოზიცია. ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის ვითომდა მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი რომ გაათავისუფლეს, ეს ხომ მოულოდნელი იყო?.. ახლა ამისთვის ამნისტია მოიგონეს. აშკარაა, რომ ის პირები პოლიტპატიმრები არიან, რაც არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის სასახელო, მით უფრო, ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს. ვფიქრობ, ეს დასავლელი პარტნიორების მესიჯიც არის. ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ მათი გათავისუფლება თავიდან ააცილებს იმ მძიმე ვითარებას, რაც პოლიტპატიმრების გამო არსებობს.

- როგორ გაათავისუფლებენ, როცა ჩამოთვლილი მუხლებიდან არც ერთი მათ არ შეეხება? - ეს მაინც პროექტია და ვფიქრობ, საბოლოო ვარიანტში ეს მუხლებიც დაემატება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამნისტიის კანონი საზოგადოების უკმაყოფილების წყარო გახდება.

- ირაკლი კობახიძემ სასტიკი უარი თქვა, კანონპროექტს არც ერთი სხვა მუხლი არ დაემატებაო. - ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ისინი ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. იმ ქვეყანაში, სადაც არაფორმალურმა მმართველმა გადაგვაგდო პროპორციული არჩევნების დაპირებაზე, რა გასაკვირია, მეორე და მესამე რანგის პოლიტიკოსმაც იგივე გააკეთოს?

- მაგალითად, კარტოგრაფებს ლამის სამშობლოს ღალატის მუხლთან გათანაბრებული ბრალი აქვთ წაყენებული. ამ მუხლის ჩამატება რეალურად მიგაჩნიათ? - ამის პარალელური მაგალითი იქნებოდა, 2013 წლის ამნისტიაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლის აღმოჩენა... მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლებას რა დღეში ჰყავდა ციხეში პატიმრები, ამის მიუხედავად, ეს მწამებლები ამნისტირებული არიან. ყველაზე დიდი სასჯელი, რაც ამ დანაშაულისთვის მსჯავრდადებულმა მოიხადა, იყო 6 წელი და 9 თვე. საერთაშორისო სამართლითა და პრაქტიკით წამების ჩამდენის მიმართ სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს სასჯელის შემსუბუქების არანაირი ღონისძიება - ამნისტია, უდო, შეწყალება და სხვა. ხელისუფლებამ კი, რომელიც იმ ტალღით მოვიდა, რაც ე.წ. ციხის კადრების გამოქვეყნებას მოჰყვა, არ მიიჩნია საჭიროდ წამების მუხლის ამოღება ამნისტიის კანონიდან. ახლა სულაც არ გამიკვირდება, რომ ილიჩოვასა და მელაშვილისთვის ასევე დაუშვან გამონაკლისი და მათი მუხლები გადაკვალიფიცირდეს, ის მუხლები მისცენ, რომლებიც ამნისტიაში მოჰყვება...

ყოველთვის მომხრე ვარ ამნისტიის კანონის - ვადაზე ადრე გათავისუფლება დადებითი მოვლენაა, მიუხედავად იმისა, ვიცი, ბევრმა შესაძლოა ხელი არ აიღოს დანაშაულზე და ციხეში შებრუნდეს, მაგრამ, თუკი თუნდაც მცირედი ნაწილი შეიცვლის ცხოვრების გზას, ეს მაინც დიდი სიკეთეა.

- როგორც ირკვევა, ამნისტია უმეტესად ნარკოდანაშაულის ჩამდენ პირებზე გავრცელდება და ასეთი 600-ზე მეტია. ითქვა ისიც, რომ ამნისტია ჯამში 860 პატიმარს შეეხება. - ძალზე საინტერესო რამ არის, როცა ხელისუფლება არ მიდის ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე და თან ასეთ ფართო ამნისტიას აცხადებს ამისთვის დაკავებულ პირებზე. სავარაუდოდ, "გირჩის" ამომრჩევლის 3%-იანი მხარდაჭერა იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებაში პროტესტია ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრობის გამო. თითქოს იყო დაპირებული ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაცია, მაგრამ ხელისუფლებისგან არ ეღირსა აღსრულება და სავარაუდოდ, ამ ამნისტიასაც ამისთვის აცხადებენ - ხელისუფლებას დასჭირდა საზოგადოების ამ ნაწილის მხარდაჭერა და ამიტომ წავიდა ამნისტიაზე.

- ოპონენტებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ: რომ "ოცნება" ამით კოჭს უგორებს კრიმინალურ სამყაროს, ე.წ. ქუჩის მაყურებლებს, რომლებიც მათ არჩევნებში ეხმარებოდნენ, რომ ვალს იხდის ამომრჩევლის წინაშე და ა.შ. - შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მოტივი. როცა ხელისუფლება დამნაშავეებთან ან დანაშაულის პოტენციურ ჩამდენებთან ისე მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც არჩევნებზე მოხდა, არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი არაოფიციალური დაპირება ესეც იყო. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ, რომ ორი ათეული წლის განმავლობაში ხელისუფლებასა და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირებს შორის არაფორმალური ურთიერთობა ტრადიცია გახდა.

- როგორ ფიქრობთ, ამნისტია კრიმინალის ზრდას შეუწყობს ხელს? - რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისის გამო აშკარად მოსალოდნელია კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესება. როცა პატიმრები ციხიდან გამოვლენ და მათ ოჯახებში არ დახვდებათ ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა, როცა არც სამუშაოა და შემოსავლის მიღების ლეგალური საშუალებები ძალიან მწირია, ეს და სხვა პირობები მათ ისევ ციხეებში შებრუნებას გამოიწვევს. ასე რომ, ეს ამნისტია იქნება ხელისუფლების ფარული სვლა...

- ფარული სვლა რისკენ? - რომ შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები და ფორმალურად ჰქონდეს სათქმელი მომავალში. თუმცა რაღა მომავალში, მომავალ წელს უკვე ადგილობრივი არჩევნები მოდის და მათ ამ ფანდის გამოყენება დასჭირდებათ.

- როგორც ამბობენ, 2013 წლის ამნისტიამ გაამართლა იმ თვალსაზრისით, რომ გამოსული პატიმრების მხოლოდ 6% შებრუნდა ციხეში. - მაშინ არ იყო ასეთი მძიმე ეკონომიკური სიტუაცია. ბევრი კვლავინდებურად აღმოჩნდება ციხეში, მით უფრო, რომ სასამართლო აბსოლუტურად კონტროლირებადია. პირი, რომელიც დანაშაულს იძულებით სჩადის, იმიტომ, რომ არა აქვს სახსარი, ვერ მოახერხებს ვერც მოსამართლის მოსყიდვას, ვერც კარგი ადვოკატის დაქირავებას, რომ არგუმენტირებულად სცადოს თავის დაცვა. ამიტომაც უკან შებრუნდებიან და მომავალში ხელისუფლებას კიდევ ექნება საშუალება, მათი გამოშვების საფასურად, ოჯახის წევრებისგან საარჩევნოდ დახმარება მოითხოვოს. ეს განსაკუთრებით ნარკომომხმარებლებზე ითქმის, რადგან მკურნალობის არანაირი პროგრამა არ არსებობს. თუ ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაცია არ მოხდა, ეს ხალხი შევა და გამოვა ციხიდან და მათი ოჯახის წევრები ყოველთვის იქნებიან ხელისუფლების მძევლები...

- როგორ ფიქრობთ, ეს ამნისტია გახდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი? - ჩემი აზრით, გახდება. ეს "ოცნებისთვის" მართლაც მოხერხებული გზაა საიმისოდ, რომ მსოფლიოს აჩვენოს, პოლიტპატიმრები არ მყავსო. მართლაც შეუსაბამოა ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერ სახელმწიფოს 2020 წლის არჩევნებში ჰყავდეს ერთადერთი პარტია პარლამენტში. ეს ნონსენსია და ახლა "ოცნებას" თუნდაც თვალთმაქცურად, თუნდაც ფარული ქვენა განზრახვებით ყველანაირ ჰუმანურ, ყველანაირ დემოკრატიულ ხერხებზე დასჭირდება ორიენტაციის აღება, რათა როგორმე რეპუტაცია გამოისწოროს.