"ბაჩალიაშვილის საქმეს სტრასბურგში გავგზავნით!"
"ბაჩალიაშვილის საქმეს სტრასბურგში გავგზავნით!"
"სასწრაფო წესით დახურეს საქმე, ასე სჭირდებათ და მორჩა! თუ ვინმეს დისკომფორტს უქმნი, გაგასაღებენ და იტყვიან,­ შემთხვევით მოხდაო და მორჩა! დაამტკიცებ? ეს ყველასთვის მაგალითია - არ მოკეტავთ და ჯერ გამოგიყენებთ, მერე გაგაქრობთ, თუ არ გაჩერდებითო"

პროკურატურამ ექვსთვიანი მუშაობის შემდგომ 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. "მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად,
მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ასეთია საქართველოს პროკურატურის ვერდიქტი.

ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურის ოფიციალურ ვერსიას კვლავ არ იზიარებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. როგორც ოჯახის ადვოკატი­ მიხეილ რამიშვილი ამბობს, საქმე ევროსასამართლოში წავა.

- რას იტყვით პროკურატურის ოფიციალურ ვერსიაზე, წარმოდგენილ მასალაზე, რა არგუმენტები და
კითხვები გაქვთ?

- არგუმენტების მეტი რა არის? - ექსპერტიზაზე გახსნილი კომპიუტერი დამახვედრეს; პოლიციელმა ბაჭულაშვილმა თამუნას მამას დაურეკა და უთხრა, თქვენი შვილი შარშიაო; ფლეში, რომელიც კომპიუტერს თან ჰქონდა, გაქრა; კომპიუტერს ვითომ ექსპერტიზა ჩაუტარეს და ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, არ გაგზავნეს აშშ-ში.

- პროკურატურა ამბობს, რომ მასალა და თამარის ინტერნეტაქტივობები გაიგზავნა აშშ-ში, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის შეტანა, არალეგალური მოპოვება, წაშლა, გამორიცხულია და ადვოკატების ვარაუდი არ დადასტურდა.
- იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ვისთან­ ჰქონდა საუბარი ან მიმოწერა, არამედ საუბრის შინაარსი გვაინტერესებდა, რომელიც არ გვინახავს.
1000 ფურცელზე წერია, რომ ამა და ამ წუთზე ილაპარაკა პეტრესთან, მერე პავლესთან, მაგრამ რაზე, არ ვიცით. პროფილზე ატვირთული ვიდეო და ფოტომასალაც წაშლილია. საქმე დახურეს, ამომწურავი პასუხები კი არ მიგვიღია.

- გარდაცვალების წინადღეს, 17 ივლისს, თამარი "ფეისბუკის" დახმარების განყოფილებაში­ გაეცნო ინფორმაციას "ანგარიშის წაშლის ან მემორიალიზაციის მოთხოვნა" და "რა მოუვა ჩემს "ფეისბუკის" ანგარიშს თუ გარდავიცვლები?"­ ეს არაფერზე მიანიშნებს?
- არა და არა! როგორ შეიძლება რამეზე დავეთანხმო ამათ, როცა გახსნილი კომპიუტერი დამახვედრეს? ჩვენი მოთხოვნა იყო გადაეგზავნათ კომპიუტერი. მოსამართლის დადგენილებაში წერია, რომ ტექსტების შინაარსზე,­ ვოთსაფიდან ლოკაციებზე, ვინ დაურეკა ბოლოს, პასუხები­ არ მოსულა. თუ არის მოსული, ეტყობა,­ შინაარსი არ მოეწონათ და გამოძიება შეწყვიტეს.

- მედიკამენტებზე რას იტყვით, ერთ-ერთზე­ ამბობდით, თამარს არ შეუძენიაო?
- როცა კითხვა დავსვი, სად შეიძინა თამარმა მთავარი მედიკამენტი, იცით, რა მიპასუხეს? არ ვიცით, მაგრამ ნამდვილად მან იყიდაო. ყველა აფთიაქარმა ჩამოთვალა­ მედიკამენტები: დამამშვიდებელი, გასახდომი ჩაი, ანტიდეპრესანტი, მაგრამ ის მთავარი­ მედიკამენტი თამუნას არ უყიდია. არსად ჩანს, რომ მან იყიდა. ერთი წლის განმავლობაში ამ წამალზე სააფთიაქო ქსელებიდან ამოღებული აქვთ ინფორმაცია, ოჯახის რომელიმე წევრს ხომ არ უყიდია. სურდათ გაემყარებინათ ვერსია, რომ თამარმა წაიღო სახლიდან. მიუხედავად ამისა, პროკურატურა დაჟინებით ამტკიცებდა, მედიკამენტი თამარმა იყიდა, ექსპერტიზა ჩავატარეთ და ფირფიტაზე მისი დნმ აღმოჩნდაო. ამ პრეპარატზე თუ ჩაატ­არეს, სხვა მედიკამენტებზე რატომ არ ჩაატარეს? მითხრეს, საჭიროდ არ ჩავთვალეთო.­ ამტკიცებენ, მთავარი­ მედიკამენტი ბაჩალიაშვილს 17 ივლისამდე ჰქონდა ნაყიდიო. თუ ასე იყო, რატომ­ მეუბნები, 17-ში წამლის ძებნით­ გადაატ­რიალა კომპიუტერიო? ნაყიდი ჰქონდა და მაინც ეძებდა სად იყიდებოდა ურეცეპტოდ? 21 აგვისტოს მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი, რომ ის პრეპარატი რეცეპტით გაიცემა. მაინტერესებს, სად იშოვა თამარმა რეცეპტი.
ჩვენ გვქონდა კითხვები მედიკამენტებისა­ და სუს-ის თანამშრომლების ჩვენებების შესახებ, ვითხოვდით გარე პერიმეტრის ჩანაწერებსაც. პროკურატურამ კი ამ კითხვების დასმიდან მეორე დღესვე დახურა საქმე.

- პროკურატურა პერიოდულად გვაცნობდა საქმის მასალებს და თამარის ემოციურ ვიდეო-აუდიოჩანაწერებს. ამას თან დაერთო­ ნიკა გეჯაძისთვის გაგზავნილი ე.წ. მომავლის წერ­ილები, რომლებშიც გოგონა ხშირად ახსენებს თვითმკვლელობას. არ დაგიშვიათ, რომ თამარმა სიყვარულის გამო მოისწრაფა სიცოცხლე?
- რა იდიოტიზმია! თამუნამ თურმე თავისსავე ფოსტაზე გაგზავნა­ წერილი და იკითხა, ცოცხალი ხარო? თუ 2021 წელს აპირებდა პასუხის მიღებას, მაშინ რაღას იკლავდა თავს? არც ისაა დადასტურებული,­ მისია თუ არა ეს წერილი. იქნებ სხვისი­ დაწერილია? პროკურორმა თქვა, 2017 წელს დაიწყო "ზეგში" მუშაობა და ნიკა გეჯაძე შეუყვარდაო. თამუნას 2019 წლამდე­ სხვა უყვარდა და სამ თვეში ისე როგორ შეუყვარდა გეჯაძე, თვითმკვლელობა გად­აწყვიტა? რომ ამბობენ, თვითმკვლელობა 2012 წელს არ გამოუვიდაო, ამ ინფორმაციას მხოლოდ დეა კაპანაძე ახმაურებს,­ ყველა მისი თანაკლასელი კი უარყოფს? მერე ვითომ ოჯახში ჰქონდათ კონფლიქტი და ეს გახდა თვითმკვლელობის მაპროვოცირებელიო. თუ მართლა იყო სუიციდის საშიშროება, თამუნას თებერვლიდან ივნისამდე ფსიქოლოგი ჰყავდა და ვალდებული­ იყო, მისთვის ეს აერიდებინა. ფსიქოლოგმა ქეთევან კობალაძემ სუიციდის ნიშნები ვერ დაინახა? ან დაინახა და ფეხებზე დაიკიდა, ან არც იყო და რას დაინახავდა.

- პროკურატურის მასალაში ამოვიკითხეთ, რომ ოჯახის არჩეული­ ფსიქოლოგი ფსიქიატრიულ ექსპერიმენტში არ მონაწილეობდა. რატომ?
- ესეც ტყუილია! ჩვენ ვითხოვდით სრულ მასალას, სრულ მტკიცებულებებს.­ რაში მიგვეღო მონაწილეობა, როცა არ არის მოსული ფე-ეს-ბეს, "ინსტაგრამისა" და სხვა მიმოწერების სრული შინაარსი?

ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნება დეა კაპანაძისა და ბაჩანა ლობჟანიძის ჩვენებებს, თან 8-ჯერ მაინც შეცვლილს. ჩვენ ვითხოვდით ექსპერტიზაში მონაწილეობა მიეღოთ "ემპა­თიის" ექსპერტებს, ფსიქიატრებს,­ ფსიქოლოგებს. ისინი სრულ მასალას ითხოვდნენ.­ მათ ექსპერტებს ბაჩალიაშვილის დედ-მამა და ძმაც არ გამოუკვლევიათ. მხოლოდ ბაჩანას და დეას ჩვენებებმა უნდა დაგაკმაყოფილოს?

- ამ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულმა და სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ "თამარი მისი ფსიქოპორტრეტის მიხედვით არის მოწყვლადი ჯგუფის ტიპური წარმომადგენელი­ და დასაშვებია სუიციდის ჩადენის ფაქტი".
- როცა ასეთი დასკვნა იწერება, გამოდის, ქეთევან კობალაძის პასუხისმგებლობა დგება, ვინაიდან თამარს მასთან ბევრი ვიზიტი ჰქონდა.

ასე მარტივად არ იქმნება ფსიქოპორტრეტი. ის ვიდეოები, სადაც თამარი ტირის, გახსოვთ, როგორ იწყება? "მოხვედი, თამარ, აბა, დავიწყოთ". გოგონა საუბარს იწყებს მშვიდად და მერე შვილებზეც ლაპარაკობს. ეს ვიდეო და აუდიოჩანაწერები წლების წინანდელია. ან თავის მოსაკლავად სად წავიდა, ვინ მიასწავლა ის გზა? სასწრაფო წესით დახურეს საქმე, ასე სჭირდებათ და მორჩა! თუ ვინმეს დისკომფორტს უქმნი, გაგასაღებენ და იტყვიან,­ შემთხვევით მოხდაო და მორჩა! დაამტკიცებ? ეს ყველასთვის მაგალითია - არ მოკეტავთ და ჯერ გამოგიყენებთ, მერე გაგაქრობთ, თუ არ გაჩერდებითო.

- რა სამართლებრივი გზა დაგრჩათ?
- ჩვენ ყველა შიდა რესურსს ამოვწურავთ და მერე, რა თქმა უნდა, საქმეს სტრასბურგში გავგზავნით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები