ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს - 2011 წელს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაზე შსს განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს - 2011 წელს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

დაკავებული ი.ა. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"