"ყველამ იცის, რომ აგლაძემ ესროლა ჩემს შვილს... ამ საქმეზე დღემდე დაუსჯელია გოგოჭური, რომელსაც არც კი იჭერენ" - კვირის პალიტრა

"ყველამ იცის, რომ აგლაძემ ესროლა ჩემს შვილს... ამ საქმეზე დღემდე დაუსჯელია გოგოჭური, რომელსაც არც კი იჭერენ"

"ვიცოდით, რომ ამ წლების განმავლობაში, ირაკლი აგლაძე პერიოდულად შემოდიოდა საქართველოში და მერე ისევ გადიოდა... ისიც გავიგეთ, რომ ცოლიც მოიყვანა, შვილიც ჰყავს"

21 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ირაკლი აგლაძე დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. უწყების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ირაკლი აგლაძემ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს 1988 წელს დაბადებული ზურა ტარყაშვილი და მიიმალნენ. დაჭრილი ზურა ტარყაშვილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ირაკლი აგლაძე კი 2011 წლის 25 ოქტომბერს ჩადენილი დანაშაულისთვის დაუსწრებლად მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამდენი წლის შემდეგ აგლაძე დააკავეს და ახლა იგი პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები. იმ დღეს 23 წლის ზურა ტარყაშვილი რუსთაველზე ხალხის თვალწინ ჩაცხრილეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის 11 ტყვია მოხვდა, მათ შორის - საკონტროლოდ ნასროლიც. ამ შემზარავ დანაშაულს კიდევ ერთი მძიმე მკვლელობა უძღოდა წინ. 2010 წლის მარტში გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე "არტ კაფეში" 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს, მაშინ, ასევე, დაიჭრა სამი ახალგაზრდა, მათ შორის - ზურა ტარყაშვილი. მოგვიანებით კი ტარყაშვილი და მისი მეგობრები - ძმები ჩიჩუები ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს, ხოლო სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში მისი უახლოესი მეგობარი, თორნიკე კაჭარავა ამხილეს. კაჭარავა იძებნებოდა, სასამართლომ იგი დაუსწრებლად გაასამართლა და 21 წელი მიუსაჯა. თუმცა საყურადღებო იყო ერთი დეტალი, მოკლული სანდროს ოჯახი პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მათი შვილი მეგობარ კაჭარავას არ მოუკლავს, პირიქით - ბრალდებულის დამცველად გამოდიოდა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვდა კიდეც. ამ მოტივით განაჩენი სააპელაციო სასამართლოშიც კი გაასაჩივრდა.

მოკლული სანდროს მამა, ივერი გოგბერაშვილი აცხადებდა, რომ რეალურ დამნაშავეს მაშინ ხელი ძალოვნებმა დააფარეს. იგი თავისი შვილის მკვლელობაში ზურა ტარყაშვილს ადანაშაულებდა და რადგან იგი ამ ბრალდებით არ გაასამართლეს, მოკლული გოგბერაშვილის მამამ და მეგობრებმა მასზე შურისძიება განიზრახეს. თავად ტარყაშვილი გოგბერაშვილის მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა. 23 წლის ზურა ტარყაშვილი საპატიმროდან ერთი კვირის გამოსული იყო, როცა იგი ქუჩაში სადისტურად ჩაცხრილეს. გამოძიების მტკიცებით, ივერი გოგბერაშვილი მისი შვილის მეგობრებს, 19 წლის დათო რუსიშვილს და 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და ზურა ტარყაშვილის მკვლელობა მათ ერთად განახორციელეს. სწორედ ამ სამ პირს წაუყენა პროკურატურამ ბრალი 2011 წელს ოფიციალურად და ახლა სამივე ბრალდებული ციხეშია გამოკეტილი. ყველა მათგანი ცალ-ცალკე გასამართლდა.

პირველად მართლმსაჯულების წინაშე დავით რუსიაშვილი წარდგა. მაშინ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და მსაჯულებმა რუსიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს, მას 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შემდეგ ირაკლი აგლაძის საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. მას მაშინ 30-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, რადგან იგი იძებნებოდა. აგლაძის ადვოკატები კი გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ, ირწმუნებოდნენ, რომ აგლაძე შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და რომ ის უკანონოდ დაისაჯა.

მართალია, ბრალდებულის ადვოკატი ბრალს არ ეთანხმებოდა, მაგრამ სახეზეა გამოტანილი გამამტყუნებელი, საკმაოდ მძიმე ვერდიქტი. შეიცვლება თუ არა სასჯელის ნაწილში რამე, ესეც, ალბათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ წლებია, პატიმრობაში იმყოფება ივერი გოგბერაშვილი, იგი უკრაინაში დააკავეს და მისი სასამართლო სხდომები საკმაოდ ხმაურით მიმდინარეობდა. ივერი გოგბერაშვილს მაშინ სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება ზურა ტარყაშვილის ოჯახს, ისინი გამოძიებით უკმაყოფილოები არიან და წლებია, ინსტანციიდან ინსტანციაში დადიან და საქმის ბოლომდე გამოძიებას და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვენ. ზურას დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის სხვა მთავარი ფიგურანტები ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდებიან და დღემდე დაუსჯელები დადიან.

თამილა კოჭლამაზაშვილი, ზურაბ ტარყაშვილის დედა:

- ირაკლი აგლაძის დაკავების ამბავი ჟურნალისტებისგან შევიტყვე. ის იყო ამ მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, მთავარი როლი ეკავა. ჩემი ჭიშკრიდან მისდევდა სროლით ზურას და მან ესროლა ჩემს შვილს. ეს ყველამ იცის, მისი ამოცნობა არ გასჭირვებია არავის, მისი სპეციფიკური აღნაგობიდან გამომდინარე. თავიდან ჩვენ ოჯახს ასეთი ინფორმაცია გვქონდა, რომ  "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ირაკლი აგლაძე დაიჭირეს, მაგრამ მეორე დღესვე გაუშვეს ის ქვეყნიდან. ტყუილია, რომ მას მფარველები არ ჰყავდა, მაშინ ასე არ გაყალბდებოდა ეს საქმე, მას მფარველები რომ არ ჰყოლოდა, ამდენი წელი დააკავებდნენ და ასე თავისუფლად არ იქნებოდა. როცა მთავრობა შეიცვალა და "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემს მეუღლეს და ჩვენს ოჯახს იმედი გაგვიჩნდა, რომ დაისჯებოდა ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი. სამართალი რომ გვეპოვა, ჩემი მეუღლე დადგა "ქართული ოცნების" მხარეს, მაგრამ მას მერე სადაც მივიდოდით, ვერსად ვერაფერს მივაღწიეთ. ამ ხელისუფლებაში უფრი მეტი მფარველები აღმოაჩნდათ დამნაშავეებს. ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ ამ წლების განმავლობაში, ირაკლი აგლაძე პერიოდულად შემოდიოდა საქართველოში და მერე ისევ გადიოდა, ვაწვდიდით ამ ინფორმაციას სამართალდამცავებს, მაგრამ მას არავინ აკავებდა. ისიც გავიგეთ, რომ ცოლიც მოიყვანა, შვილიც ჰყავს. ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ შს სამინისტროს, მაგრამ ცალსახაა, ის ამ დრომდე არავის დაუკავებია და ახლა როგორ დააკავეს, ჩემთვის უცნობია. ოფიციალურად ვინ მფარველობდა შს სამინისტროში მკვლელობაში ბრალდებულ აგლაძეს, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მას მფარველები ჰყავდა. როგორც ვიცი, მამამისი იურისტია და, სავარაუდოდ,  შვილის დაცვას თავისი კავშირებით ახერხებდა.

- აგლაძის ბრალში დარწმუნებული ხართ? მახსოვს, მაშინ მისი ადვოკატები  მკვლელობის ადგილზე მის ყოფნასაც უარყოფდნენ...

- მის დანაშაულში ეჭვი არასოდეს გვეპარებოდა, ზურა ციხიდან რომ გამოვიდა, ის პირადად მოვიდა, იქაც კი უნდოდა, ალბათ, ესროლა და მოეკლა. სურათიც კი იყო გადაღებული. კონსერვატორიის წინ, როცა ზურა სახლიდან გამოდიოდა, მუდმივად იქ იდგა. კადრები გვაქვს ამის, უამრავი სამხილი არსებობდა აგლაძის წინააღმდეგ, მაგრამ აქამდე რატომღაც არ დააკავეს. სასაცილო ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში ავრცელებენ  ჭორებს, თითქოს უდანაშაულო ადამიანების დასჯას ვითხოვდით. როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ მე ჩემი შვილის მკვლელი არ მინდა დაისაჯოს და მინდა ვიღაც სხვას დავაბრალო დანაშაული, ეს ხომ არის სრული აბსურდი და წარმოუდგენელი რამ. კადრებში კარგად ჩანდა, ვინ ესროლა ჩემს შვილს, მაგრამ დღემდე დაუსჯელები არიან ისინი. ტყუილად რატომ უნდა დავადანაშაულო ვიღაც? თვითონ აგლაძე რამდენჯერმე ნასამართლევი იყო და იმ დროს, როცა ჩემი შვილი მოკლეს, 11 წელი პირობითი ჰქონდა მისჯილი. ასეთი ადამიანი დაკავებული ჰყავდათ და გაუშვა მაშინ პოლიციამ. დღემდე დაუსჯელია ამ საქმეზე გოგოჭური, რომელმაც პირველი ტყვია ესროლა ჩემს შვილს. კადრში კარგად ჩანს, როგორ ესვრის, მას რომ არ ესროლა, შეიძლება ზურას გაქცევა მოესწრო და გადარჩენილიყო. გოგოჭურს არც კი იჭერენ, სხვანაირად არის დალაგებული, ვერაფერი მოვახერხეთ.

ამდენი წელი გავიდა და დღემდე ვერ ვიპოვეთ სამართალი, ვიბრძვით წლებია. ყველა ძალოვან სტრუქტურაში მივედით, ყველა გენპროკურორთან, ყველა გამომძიებელთან, ვინც კი ყოფილა ხელისუფლებაში, ყველას შევხვდით. ერთადერთი, როცა თინა ხიდაშელი იყო დეპუტატი, მან მოახერხა, რომ საქმე გადასცეს გენერალურ პროკურატურას, დაიწყო გამოძიება, მიემატა ტომები და გაგვიჩნდა სამართლის პოვნის იმედი, მაგრამ მერე ჩემი შვილის მკვლელობის საქმე ისევ უკან, თბილისის პროკურატურაში წაიღეს. ბევრჯერ პირდაპირ მითხრეს, თავს ზემოთ ძალა არ გვაქვს, მათ მფარველები ჰყავთო. უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს. კადრში ჩანს, ადამიანი როგორ ესვრის და როცა გეუბნებიან, ვერ ვადგენთო ვინაობასო, ამ დროს რისი იმედი უნდა მქონდეს? თან ამდენი წელი გავიდა უკვე ზურას მკვლელობიდან.

ახლა როგორ ვარ, იცით? აღარ ვფიქრობ უკვე დამნაშავეებზე, ღმერთმა დასაჯოს ისინი. ვამჩნევ, რომ ვეღარ მივაღწევ ამ ქვეყანაში სამართალს. მივხვდი ამ ბრძოლის უაზრობას. კი მინდა, ბოლომდე სიმართლე გაირკვეს, მაგრამ უკვე ჩემი შვილის სულის შეწუხებაც აღარ მინდა. ხომ ვიცი, რომ იგი ცამდე მართალია. მაშინ აგლაძესთან ერთად დაკავებული იყო ჯოხაძეც, რომელიც იარაღს ურნაში აგდებს, მიმდებარედ ამოღებული კადრებიდან ჩანს ეს და გვეუბნებიან, არ ვიცით, რას აგდებს ის ურნაშიო. ჯოხაძე შემდეგ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაიჭირეს და მოიხადა ამ ბრალდებით სასჯელი. დღეს რუსიშვილი და გოგბერაშვილი სხედან ციხეში, ახლა აგლაძეც დააკავეს. ძალიან მძიმე და მტკივნეულია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი. ჩემი შვილის სადისტურ მკვლელობას უამრავი ადამიანი შეესწრო, უამრავი კამერის ჩანაწერი ამოიღეს, უამრავი სამხილი იყო, მაგრამ ამდენი წელია, უშედეგოდ ვითხოვ ყველა დამნაშავის დასჯას.

ერთი პერიოდი აგლაძე ოფიციალურად არც კი იძებნებოდა. "ოცნების" მთავრობა რომ მოვიდა და ერთ-ერთი შეხვედრის დროს გამომძიებელმა აღმოაჩინა, აგლაძე ძებნაში არ იყო, მერე დარეკა და ააყვანინა ის ძებნაში. თუმცა ესეც ფორმალურად იყო, რადგან იგი პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. სიმართლე გითხრათ, არც მაქვს იმედი, რომ ჩემი შვილის საქმეში გარეული ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯება. ეს წლები ყველა შევაწუხე, ვისაც შეიძლება ადამიანმა მიმართოს, სამართლის პოვნის იმედით, მაგრამ - უშედეგოდ. არ მაქვს მოლოდინი, მაგრამ ვიცი, რომ ღმერთი არასდროს არავის არაფერს აპატიებს.

(სპეციალურად საიტისთვის)