სამტრედიაში მამაკაცმა ცოლს დანა ესროლა და მოკლა. ბრალდებული დაკავებულია - კვირის პალიტრა

სამტრედიაში მამაკაცმა ცოლს დანა ესროლა და მოკლა. ბრალდებული დაკავებულია

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ცოლი მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 50-წლამდე მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა.

კერძოდ, როგორც ადგილობრივები ყვებიან, კაცმა ცოლს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა.

მამაკაცი დაკავებულია. ის პოლიციაში თავად გამოცხადდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული მ.მ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"