"ორი წელი იქნება, რაც ცოლად შეირთო... როგორც ჩანს ნასვამი იყო და მთვრალმა მოკლა საწყალი გოგო" - კვირის პალიტრა

"ორი წელი იქნება, რაც ცოლად შეირთო... როგორც ჩანს ნასვამი იყო და მთვრალმა მოკლა საწყალი გოგო"

სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე, ქმარმა ცოლი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამზარეულოს დანით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ქალი კი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე მისულ სასწრაფო ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა. ძალოვნებმა აღნიშნული დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებული 32 წლის მალხაზ მხეიძე მალევე სამტრედიაში, საკუთარ სახლთან ახლოს, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ მალხაზ მხეიძეს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგ მოკლულის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. თუმცა უცნობია დეტალურად რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას.

მხეიძეების მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის დეტალები მათთვის უცნობია. მათი თქმით, მოკლული ქალი ბრალდებული მამაკაცის მესამე ცოლია. "ორი წელი იქნება რაც ცოლად შეირთო ეს გოგო, მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. რატომ იჩხუბეს ცოლ-ქმარმა, არ ვიცით, ეტყობა სახლში მარტო იყვნენ, ისე მათთან ერთად ცხოვრობდა დაკავებულის მამა და ძმა. როგორც გავიგეთ, დილით უჩხუბიათ საუზმის დროს ძეხვის დაჭრის გამო. არა შენ დაჭერი, არა შენო. გაბრაზებულ მამაკაცს კი ცოლისთვის უსვრია სამზარეულოს დანა და პირდაპირ არტერიაში მოხვდა. ქალი გასულა მეორე ოთახში და იატაკზე დავარდნილა. ბრალდებულის ძმას გამოუძახია სასწრაფო, მაგრამ რომ მოვიდნენ, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ეტყობა არტერიაში რომ ჰქონდა ჭრილობა, სისხლისგან უცებ დაიცალა. მერე გავიგეთ რომ მალხაზი დააკავეს, სხვა არაფერი ვიცით", - აღნიშნა მხეიძეების მეზობელმა.

გარდაცვლილი ქალი ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულადან იყო. ექსპერტიზის შემდეგ თავის სოფელში გადაასვენეს. მოკლულის ქალის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. "ეს მკვლელი სისტემატურად სვამდა და ცოლს შეურაცხყოფას აყენებდა. ძალიან ცუდი კაცი იყო, ლოთი, რომ გამოფხიზლდებოდა ისევ სვამდა. რატომ იჩხუბეს არ ვიცით, როგორც ჩანს ნასვამი იყო და მთვრალმა მოკლა საწყალი გოგო. ჩვენ ახლობელებმა პოლიციისგან შევიტყვეთ მომხდარი და მორგში რომ მივედით, იქ არავინ დაგვხვედრია. დანა კისრის არეში აქვს ჩარტყმული, ეტყობა ყელი გამოჭრა. ეს საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე და მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იჯდეს დამნაშავე. ვითხოვთ მის უმკაცრესად დასჯას", - ამბობს მოკლულის ახლობელი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

(სპეციალურად საიტისთვის)