"ერთადერთი, რასაც ვნანობ, ის არის, რომ..." - რას ჰყვება "ჩაქუჩა" გადატანილ კორონავირუსზე, ამერიკულ საპატიმროებსა და რაჟდენ შულაიაზე
"ერთადერთი, რასაც ვნანობ, ის არის, რომ..." - რას ჰყვება "ჩაქუჩა" გადატანილ კორონავირუსზე, ამერიკულ საპატიმროებსა და რაჟდენ შულაიაზე
"სასჯელის შემცირებას კი არა, გაუქმებას ველი, სხვას არაფერს! თორემ სხვა შემთხვევაში, ათს კიდევ ერთი ნული დაუმატონ და ბარემ გავატარებ დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში!"

ამერიკულ საპატიმროში მესამე ახალ წელს ხვდება. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსიც დაამარცხა და ამბობს, რომ ახლა მხოლოდ პროკურორებთან ბრძოლაღა დარჩა. ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ავთანდილ ხურციძე 2017 წელს რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით დააკავეს. 41 წლის მოკრივე ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს,­ რომ დაჯგუფების მეთაურ რაჟდენ შულაიასთან მხოლოდ მეგობრობა
აკავშირებს. "კვირის პალიტრა" "ჩაქ­უჩას" (ხურციძის ერთ-ერთი მეტსახელია. - რ.შ.) ამჯერად უკვე დასავლეთ ვირჯინიის ციხეში დაუკავშირდა და მორიგ ექსკლუზიურ ინტერვიუში გადატანილ კორონავირუსზე, მომავალ სასამართლო პროცესზე და ამერიკულ საპატიმროებში გატარებულ შობა-ახალ წელზე ელაპარაკა:

- მადლობა, რომ გახსოვართ. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ცოცხალი ვარ­ და მაქვს იმედი! კორონასთან
რამდენიმედღიანი ორთაბრძოლა მქონდა და უკვე დავამარცხე. სიმართლე გითხრათ, ეს ვირუსი უფრო ძლიერი მეგონა, მაგრამ ისეთ პროკურორებთან მიწევს ბრძოლა, კორონა­ ვინაა­ მათთან?!

- რამდენიმე დღის წინ დაწერე სოციალურ ქსელში, ამდენ ხანს სხვადასხვა ავადმყოფობას მიგონებდნენ და როგორც იქნა, გავარტყი ათიანში, კორონა დამიდასტურდაო... რას გიგონებდნენ? ტუბერკულოზს და სიფილისს, რაზეც წინა ინტერვიუში ვილაპარაკეთ?
- რა გითხრათ, მთელი პაკეტი გამ­იკეთა­ ქალბატონმა პიტერსონმა. მას თუ დავუ­ჯერებთ, ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, სიფილისი და დიაბეტი მქონია... 13 ინიექციის შემდეგ მითხრა, განგკურნეო, მაგრამ როცა ბრუკლინიდან ვირჯინიაში გადმომიყვანეს, მთელი ეს პაკეტიც თან გამომაყოლა­ და აქაურმა ექიმმაც ჩამომითვალა იმ დაავა­დებების სახელები, რომელთა მკურნალობაც თურმე მჭირდება, თან მკითხა, დაავადებულად თუ გრძნობ თავსო? როგორც კი ვუთხარი, ჩემი დაავადების სახელწოდებაა 0 დოლარი და არც ერთი დაზარალებული-მეთქი, სასწრაფოდ მომიგო, არა ხარ ავად, არ გჭირდება მკურნალობაო! არც არაფერზე "უმკურნალიათ", ხომ მიმკურნალა ქალბატონმა პიტერსონმა წინასწარ?!

- კორონავირუსი მასობრივად არის გავრც­ელებული საპატიმროში? შენც გქონდა სიმპტომები, თუ მარტივად გადაიტანე?
- ამ საპატიმროში რვაასზე მეტი მსჯავრდადებულია და როგორც ვიცი, რამდენიმე ათეული პატიმრის გარდა, ვირუსით ყველა დაავადდა. ჩემს საკანში ჯერ ფერადკანიანები დაავადდნენ, მოგვიანებით კი მათგან მეც დავსნებოვნდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ფერადკანიანებსა და თეთრკანიანებს დიდად არ ეხატებათ გულზე ერთმანეთი და კამერაშიც ავტონომიებია - ლათინელამერიკელები, თეთრკანიანები და ფერადკანიანები ცალ-ცალკე არიან. მე ჩემთვის ვარ, მარტოკაცი და ხანდახან საკანში დავიყვირებ ხოლმე: "Georgian Nigga" ვარ-მეთქი (Nigga - ჟარგონზე "ზანგი", აფროამერიკელი მამაკაცი. - რ.შ.)!

კორონავირუსის დროს, დაახლოებით ისეთივე ტკივილები მქონდა, როგორსაც "ტუბერკულოზსა" და "სიფილისზე" ჩემი წინა "მკურნალობა" იწვევდა: თავის, მკერდის, გულის, წელის ტკივილი და ხელების­ დაბუჟება, მაგრამ რამდენიმე დღეში "კორონიეც" ჩავაგდე ნოკაუტში და ძველებურად ვუბერავ ბებერი "ზილივით". ისევ ვაკეთებ აზიდვებს, ბუქნებს, პრესის ვარჯიშებს. მზად ვარ, ჯერმალ ჩარლოს "დავახიო" ჩემი საჩემპიონო ქამარი.

აბა, სანდერსი (2017 წლის ივნისში ხურციძე სწორედ ბილი ჯო სანდერსთან ბრძოლის წინ დააპატიმრეს - რ.შ.) მაინც "გამექცა" - წონა შეიცვალა­ და ახლა 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის.


- როცა კორონა დაგიდასტურდა, ამბობდი, ჩემს პროკურორებს გაუხარდებათ, იმედი მიეცემათ, რომ ჩემს საქმეს ასე მაინც დახურავენო.
- ასეთი არაფერი გამიგია, ვიხვეწები, სასამართლოზე გამიყვანეთ-მეთქი. წვერი მუხლებამდე ჩამომეზარდა მათ ლოდინში (იცინის). ბოლოს რომ ველაპარაკე ჩემს ადვოკატს, მითხრა, რომ 10 იანვარს გაირკვევა, როდის დაინიშნება ჩემი სასამართლო სხდომა. სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში, ან ივნისში, მაგრამ სასამართლოს მხოლოდ ადვოკატები დავესწრებითო. თუ ასეა, გამოდის, კიდევ მაქსიმუმ ექვსი თვე და... წავიდა "რეკეტი" რინგზე - უქამროდ დავ­ტოვებ ყველას (იცინის).

- ჯერ კიდევ გაქვს იმედი, რომ უახლოეს სასამართლო სხდომაზე ჩამოგაკლებენ იმ ხუთ წელს, რაც ციხის ჩხუბისთვის დაგიმატეს?
- როგორც იცით, პირველი ეტაპიც მოვიგე და ახლაც მხოლოდ სასჯელის მთლიანად გაუქმებას ველი და არა შემცირებას! მხოლოდ ხუთი წლის ჩამოკლებაზე არ არის ლაპარაკი - სასამართლომ თავიდან უნდა განიხილოს საქმე, მთელი ჩემი ქეისი. ყველა ბრალდება უნდა მომეხსნას, თორემ, სხვა შემთხვევაში, არა მაქვს პრობლემა, ადრეც ვთქვი და ვიმეორებ - ათს კიდევ ერთი ნული დაუმატონ და ბარემ გავატარებ დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში! მე რაჟდენ შულაიას მეგობარი ვარ, როგორც ამიხსნეს, ეს კანონით არ ისჯება, მით უმეტეს, მკაცრი რეჟიმის კოლონიით არ ისჯება ძმობა და მეგობრობა. რამეში მონაწილე ან "პადელნიკი" ნამდვილად არა ვარ, ამიტომაც ვდგავარ ასე მტკიცედ და ყველას ვუმტკიცებ ჩემს სიმართლეს... საქართველოში ხალხი ტელევიზიით გამოჰყავთ, მტკიცებულებებიც აქვთ, მაგრამ რაკი იძახიან, რაჟდენ შულაიას არ ვიცნობთო, მოსამართლე უჯერებს და არავინ დაუჭერიათ. ჩემზე რომ ყოფილიყო ასეთი სამხილები, 40 წელიწადს ულაპარაკოდ მომისჯიდნენ! არადა, იმ დროს, რომელზეც მედავებიან, თბილისში ვიყავი და კუს ტბაზე ვვარჯიშობდი.

- ჩვენი წინა საუბრების დროს უკმაყოფილო იყავი და აშშ-ში საქართველოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებდი. ახლა როგორ არის საქმე?
- მეხმიანებიან ხოლმე. ჩემი დის და დედის მიმართაც დიდ ყურადღებას იჩენენ და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა!

- აბა, რამდენიმე თვის წინ შიმშილობა რატომ გამოაცხადე, რას ითხოვდი?
- ნორმალურ საჭმელს. ღმერთის გაჩენილ კაცს პური არ უნდა მოუწამლო. მეტს არაფერს ვითხოვდი და ვითხოვ... ყველანი უფლის წინაშე უნდა ვიყოთ მართალი.

- ლათინელამერიკელებთან ან რომელიმე­ სხვა დაჯგუფებასთან კიდევ ხომ არ გქონია კონფლიქტი?
- არა. აქ უკვე კარგად მიცნობენ, თავხედობის გარეშე, თავაზიანად მომმართავენ, შეიძლება ითქვას, "მუსიკით" მხვდებიან - იციან, "გადატენილი მაუზერი" რომ ვარ (იცინის)!

- ფიქრისთვის საკანში დრო საკმარისზე მეტი გაქვს... რაზე ფიქრობ? ნანობ, ნეტავ საერთოდ არ გამეცნო ის ხალხი, ვისი დაჯგუფების წევრობასაც მაბრალებენო?
- ცხადია, ბევრს ვფიქრობ. ადამიანი ფიქრისთვის გაუჩენია ღმერთს... თუ დამიჯერებთ, არც თვითონ მიცნობენ და არც მე ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დაჯგუფებაში არიან. მე ვიცნობ სპორტსმენებს, ყოფილ სამხედროებს, რომლებთანაც ვმეგობრობდი, ერთად ვვარჯიშობდით.
ერთადერთი, რასაც ვნანობ, სწორედ ის არის, რომ მათთან ასე ახლოს დავდექი, ვმეგობრობდი და... მათი მიწოდებული ინფორმაციის შედეგად ციხეში აღმოვჩნდი. ჩემს ოქროს წლებს ციხეში ვატარებ!

- არის თუნდაც თეორიული შანსი, საქართველოში გადმოგიყვანონ და დარჩენილი სასჯელი ქართულ საპატიმროში მოიხადო?
- როგორ არ არის?! ერთს კარგად დავთვრები გრეიპფრუტის ღვინით, ბოძზე მივაშარდავ და დეპორტი გარანტირებული მაქვს (იცინის)! სწორედ ამაზე ოცნებობენ ჩემი საქმის პროკურორები, საქართველოს მთავრობაც ცდილობს დახმარებას, მაგრამ ვერ მითანხმებენ - მე სასამართლოს ვითხოვ!

- როგორი იყო ამერიკულ ციხეში გატარებული ახალი წლები?
- 1990-იანებში ისეთი ახალი წლები გადაგვიტანია, რაღამ უნდა გამაკვირვოს?! მერეც, როცა საქართველოდან წამოვედი, ჩემთვის 31 დეკემბერი ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ხოლმე. უმეტესწილად ვარჯიშისას ვხვდებოდი დღესასწაულს და დღემდე ასე ვარ. განსაკუთრებით მიყვარს დიდ მანძილზე სირბილი. კიევში 3-4 საათს დავრბოდი გოლოსეევსკის პარკში, ვარჯიშის ბოლოს კი კოპანკაში, მორებით ამოშენებულ აუზში ჩავყვინთავდი. მაგარი შეგრძნება იყო - ყველა სახლშია, ისვენებს, დღესასწაულს აღნიშნავს, შენ კი უკვე ახალი წლის ღამიდან ემზადები მომავალი­ წლისთვის, მომავალი ნაბიჯისთვის... ქრისტეშობას უფრო სერიოზულად ვხვდებით ხოლმე და არის დიდი მზადება. სხვათა შორის, ამერიკის მთავრობამ უკვე მომილოცა შობა-ახალი წელი და დიდი ჩანთით მომართვა ტკბილეული. თქვენ კი მეუბნებით, საქართველოს ციხეო (იცინის). ისე, ნიუ-იორკში უფრო საინტერესოდ აღვნიშნავდით ხოლმე ახალ წელს. მე და შულაიამ ტრადიცია ბრუკლინის ციხეშიც გავაგრძელეთ და საახალწლოდ სანთლებიც კი ვიშოვეთ. სხვათა შორის, რაც აშშ-ში ვარ, ყველა დაბადების დღე რაჟდენმა გადამიხადა, მათ შორის ერთხელ საპატიმროშიც.

Вахо
02 იანვარი 2021 19:22
С Новым Годом, gilocav Avto!
aleko
31 დეკემბერი 2020 11:39
მაგრად მიყვარXარ ჩAქუჩA
კ ო მ ბ ლ ე
30 დეკემბერი 2020 14:50
რა მინდოდა ევროპის ციხეში,,და თან არაერთხელ.. მაგას გეტყვი, თუ მექნება საშუალება პირადად შეგხვდე, ... რაც შეეხება ამ კაცის ტყუილად დაჭერას, მე არ მითქვამს, რომ ტყუილად ზის-მეთქი და არც იმას ვამტკიცებ დამნაშავეა-თქო. მე ვთქვი ის, თუ რა მეთოდებიც აქვთ ადამიანის გასატეხად. ... ერთი რამ ცხადია, დასავლეთში, „„ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს.““.. და ამას ეძახიან დემოკრრატიას?
ჩემთვის დამნაშავე დამნაშავეა, გინდ სახელმწიფო იყოს და გინდ პიროვნება, დანაშაულს ერთ კაცს უფრო ვაპატიებ, მაგრამ სისტემას? ხტფუი! არაფრით!!! და ამიტომაც ვისჯებით ბევრი... ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც შეხება ქონია ამათ სისტემასთან...

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები