ღვთის გულისათვის, ნახეთ ფირები! - კვირის პალიტრა

ღვთის გულისათვის, ნახეთ ფირები!

სასამართლო უდანაშაულობის მამტკიცებელი დოკუმენტების ნახვაზე უარს ამბობს(?!)

ქართული სასამართლო, განსაკუთრებით ბოლო დროს, ყველა "სიკეთესთან" ერთად უარს ამბობს აშკარა მამტკიცებელი დოკუმენტების - ვიდეოფირების ნახვასა და გამოთხოვაზე.

გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი: - ქართული მართლმსაჯულება ემსახურება ხელისუფლებაში მოკალათებული პირების არცთუ კეთილშობილურ მიზნებს და არა სამართალს. რამდენი შემთხვევა შეიძლება ჩამოვთვალო? გია ბურჯანაძისა და კიდევ ოთხი პირის დაკავება, ლაშა ჩხარტიშვილის, ჯაბა ჯიშკარიანის, ირაკლი კაკაბაძის... ვინ მოთვლის? ფირი არსებობდა მაშინაც, როცა ვეტერანებს პოლიციის წინააღმდეგობისთვის ასამართლებდნენ, მაგრამ ფირებს სასამართლო პრინციპულად არ ნახულობს.

ზემოთ ჩამოთვლილ პირებს ბრალად დასდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, გაასამართლეს და ბრალეულად ცნეს მხოლოდ პოლიციელთა სიტყვიერი ჩვენების საფუძველზე. მოწმეები და  ფირები ამ გაუგონარ უსამართლობასთან უძლურია. არადა, ძალიან კარგად იყო ფირებზე აღბეჭდილი, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია და პოლიციელებმა იცრუეს. ეს კარგად იცის მოსამართლემ, იცის პოლიციელმაც, მაგრამ მაინც იტყუება.

- კანონის, მათ შორის - ევროკონვენციის მუხლების მიხედვით, მოსამართლეს არა აქვს უფლება, უარი თქვას მტკიცებულების გაცნობაზე. რა მოტივით ამბობენ უარს ქართველი მოსამართლეები?

- მოტივი ათასგვარია. უმეტესად გაიძახიან, ფირს დაამონტაჟებდნენ ან საჭირო მომენტი არ იქნება ასახულიო. თუ სასამართლოს ეჭვი ეპარება ფირის ნამდვილობაში, ექსპერტიზის ჩატარებას რა უდგას წინ? შე მამაცხონებულო, ფირი თუ არ ნახე, მომენტი საჭიროა თუ უსარგებლო, რას გაიგებ? ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული.

როცა ვეტერანების აქცია დაარბიეს, სწორედ იმ დღეებში რუსეთში ბორის ნემცოვი დააკავეს. რუსულმა სასამართლომ უარი განაცხადა ტელეკომპანიების მიერ გადაღებული ფირების მტკიცებულებად მიღებასა და ნახვაზე (ამ "უსამართლობას" ჩვენმა ტელეარხებმა ვრცელ-ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს). როგორც კი ამ ფაქტზე "ამნისტი ინტერნეშენელმა" და "ჰუმან რაიტს ვოჩმა" განაცხადეს, ასეთი ქმედება პირდაპირი ნიშანია სასამართლოს არაობიექტურობისა და მიკერძოებულობისაო, რუსეთის სააპელაციო სასამართლომ ფირი ნახა და მტკიცებულებადაც დაურთო ნემცოვის საქმეს. მათ საერთაშორისო ორგანიზაციების მითითება გაითვალისწინეს, რასაც არ აკეთებს ჩვენი სასამართლო.

- ქართული სასამართლო მხოლოდ პოლიტიკურ საქმეებზე ამბობს ფირების ნახვაზე უარს თუ სხვა შემთხვევებშიც?

- პოლიტიკური აქციები მედიის ყურადღების ცენტრშია და ფირების არსებობაც ამით არის განპირობებული.

სათვალთვალო კამერებით გადაღებული ფირის მოპოვება ხომ შეუძლებელია. ერთადერთი შემთხვევა იყო ლუტიძეების საქმე, რომელიც თქვენ ამოიღეთ და დღემდე მიკვირს, როგორ მოახერხეთ.

ადვოკატებს კანონით აგვეკრძალა არათუ ფირების მოპოვება, მტკიცებულებების (სატელეფონო მონაცემების და ა. შ.) მოსაპოვებლად  სასამართლოში შუამდგომლობის აღძვრაც კი. თუ ფირის ამოღებას მოვინდომებთ, ორგანიზაციები გვეუბნებიან, მოგვმართოს სასამართლომო, სასამართლო კი კანონზე მიგვითითებს და დავდივართ მოჯადოებულ წრეზე.

ერნსტ ისააკოვიჩი, რუსი უფლებადამცველი: - საქართველოში ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მოვხვდი და თავზარი დამეცა. მოსამართლემ უარი თქვა განსასჯელის უდანაშაულობის მამტკიცებელი დოკუმენტების მიღებაზე! მოსამართლეს განსასჯელი ეუბნებოდა, აი, ჩემი უდანაშაულობის მამტკიცებელი საბუთი - ვიდეოფირი, აუდიომასალა, დოკუმენტები, ჩვენებები... ნახეთ ფირიო! მოსამართლემ კი უთხრა, არ მჭირდებაო!

თუ მოსამართლეს არ აინტერესებს წარდგენილი დოკუმენტები, მაშ, რაღა საჭიროა სასამართლო? მას შემდეგ, რაც ქართულ სასამართლო სისტემას გავეცანი, დავესწარი რამდენიმე პროცესს, შემიძლია, გითხრათ: ჩვენი ხელისუფლებები ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ჰგავს! სასამართლო არ არსებობს არც რუსეთში და არც საქართველოში.

კახა ლომია, ადვოკატი: - მე პროფესორ ვახტანგ ვახანიას ადვოკატი ვარ. ვახანია თავისივე ბინაში დააკავეს, სადაც იარაღი და მთელი საბრძოლო არტილერია "აღმოუჩინეს". მას სახლში სათვალთვალო ვიდეოკამერები ჰქონდა დამონტაჟებული და ფირებზე დაწვრილებით არის აღბეჭდილი, ვინ რა მოიმოქმედა მის სახლში. ოფიციალურად თითქოს ჩხრეკა ორმა პოლიციელმა ჩაატარა, არადა ბინაში კბილებამდე შეიარაღებული ნიღბებიანი სპეცრაზმი შეიჭრა.

მათ მონიტორი გამოგლიჯეს და წაიღეს. ცოტა ხანში დააბრუნეს, მაგრამ ფირი გაფუჭებული აღმოჩნდა. მონიტორი ოჯახმა საზღვარგარეთ მწარმოებელ კომპანიაში გაგზავნა, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ ფირი მაღალი ძაბვის მიერთებით გაფუჭებულა. მაინც აღადგინეს და გამოგზავნეს, მაგრამ სასამართლომ მისი ნახვა არ ისურვა და განაცხადა, არ ასახავს ჩხრეკის მიმდინარეობასო, არადა, სწორედ ამას ასახავს, სხვას არაფერს.

გია მეფარიშვილი, პროფესორი: - საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის პრინციპი აღარ არის! გამოძიებისა და სასამართლოს ვალდებულება, რომ გადაწყვეტილება უტყუარად დადასტურებული ჭეშმარიტების დონეზე მიიღონ, კანონში აღარ არსებობს. ეს შემაშფოთებელია და შედეგიც არ აყოვნებს. ეს ისეთი აქლემია, რომელიც ყველა ოჯახის კართან აუცილებლად ჩაიმუხლებს და მათ შორის მათთანაც, ვინც ამ პოლიტიკის შემქმნელები და აღმსრულებლები არიან!

ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია გია ბურჯანაძის დაპატიმრება

ვეტერანთა დარბევისა და დაპატიმრების ამსახველი ვიდეო

პროფესორ ვახტანგ ვახანიას სახლის ჩხრეკის ვიდეო

P.S. რადგან სასამართლო თვალს ხუჭავს მამხილებელი ფირების ნახვაზე, ჩვენ ვთვლით, რომ ამ და სხვა ფირების ნახვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ინტერნეტმისამართებზე www.palitratv.ge დაwww.kvirispalitra.ge შეგეძლებათ მათი ნახვა და დასკვნების გამოტანა.

თუ მოგეპოვებათ ვიდეოფირი, რომლის ნახვაზეც უარი თქვა სასამართლომ, მოგვაწოდეთ.