"დიდი ძალისხმევა­ დამჭირდა, რომ ჩემი ტრაგედია გულში ჩამემარხა" - რას ამბობს გიორგი გამსახურდია მამაზე, "ნაცმოძრაობასა" და ესებუას საქმეზე
"დიდი ძალისხმევა­ დამჭირდა, რომ ჩემი ტრაგედია გულში ჩამემარხა"  - რას ამბობს გიორგი გამსახურდია მამაზე, "ნაცმოძრაობასა" და ესებუას საქმეზე
"ხშირად მახსენდება მამას საუბრები, რომლებიც პატიოსნების დაუწერელ კანონად შეიძლება მივიჩნიოთ"
ყველა ბავშვი მშობელს ჰბაძავს, მის იდეალებს იზიარებს და მეც ასე ვიყავი

ექსპრეზიდენტ­ ზვიად გამსახუ­რდიას­ უმცროსი ვაჟი გიორგი­ გამსახურდია,­ რომელიც ამჟა­მად პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა, პოლიტიკისგან შორს ყოფნას ირჩევს. ის მიუკარებელსა და მკაცრს ჰგავს. თუმცა ძალიან გულღია ადამიანია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა და ბევრ საკითხზეც გულახდილად ლაპარაკობს. ცხადია, ვერც მასთან საუბრისას ავუარეთ გვერდი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასა და რთულ დღევანდელობას...

-
თქვენი ბავშვობის შესახებ მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მაინც გკითხავთ - როგორი­ იყო პირველი პრეზიდენტის შვილის ბავშვობა?

- ამ კითხვაზე პასუხი დიდი ხნის წინ მივიღე, როდესაც ჩემს თავს ყურადღებით ჩავეკითხე, მქონდა თუ არა ჩვეულებრივი ბავშვობა და უცებ აღმოვაჩინე, რომ ბავშვობა საერთოდ არ მქონია. რაც, ალბათ, გასაკვირი
არც არის... უკვე 5-6 წლიდან ვაცნობიერებდი, რომ მამაჩემი ჩვეულებრივი­ მამა ვერ იყო. რასაკვირველია, მასაც ისევე ვუყვარდით, როგორც სხვა მამებს უყვართ შვილები, არც მამის მზრუნველობა გვაკლდა, მაგრამ იმავდროულად, ვხედავდი, რომ მამაჩემი შვილებს კი არა, რაღაც სხვას, ანუ ქვეყანას ეკუთვნოდა. მისთვის ეს იყო პრიორიტეტი. როგორც ყველა ბავშვი, მეც ვგრძნობდი, რომ ეს მიკუთვნებულობა მამაჩემისაგან მოითხოვდა უზარმაზარ ენერგიასა და ჯანმრთელობას, რასაც, ალბათ, ქვეცნობიერად ძალიან განვიცდიდი. ამავე დროს, ჩემს ბავშვობაში იყო უამრავი მოვლენა, რაც ჩვეულებრივ ბავშვობაში ვერ და არც მოხდება...

- ალბათ, პროტესტის გრძნობაც გქონდათ.
- ალბათ. თუმცა, რადგან მამა მიიჩნე­ვდა, რომ ამ ქვეყნისთვის­ უნდა ეშრომა­ და ეცოცხლა, ამას მეც აუცილ­ებლ­ობად ვთვლიდი. ყველა ბავშვი მშობელს ჰბაძავს, მის იდეალებს იზიარებს და მეც ასე ვიყავი. მამაჩემი ამ ენერგიას საყვედურის­ გარეშე­ გასცემდა და მეც ვთვლიდი, რომ უსაყვედუროდ უნდა მიმეღო. ზოგადად, სენტიმენტალურად არ ვიზრდებოდი და ასეთი ვარ ახლაც. დღეს, როდესაც წარსულს ამ გადასახედიდან ვუყურებ, ვხვდები, რომ მამაჩემის ეს ენერგია არ გამქრალა, ის ქართველი ხალხის მეხსიერებაში დარჩა... ეს დიდი სიმდიდრეა. მიუხედავად იმისა, რომ მამა დიდ დროს ვერ ატარებდა ჩვენთან, მისგან რაღაცის სწავლა მუდამ შეიძლებოდა. ხშირად მახსენდება მამას საუბრები, რომლებიც პატიოსნების დაუწერელ კანონად შეიძლება მივიჩნიოთ. მისგან ვიცი, რომ საკუთარი ქვეყანა ყოველგვარი დივიდენდებისა და პირადი კეთილდღეობის­ მოთხოვნის გარეშე უნდა გიყვარდეს და როცა შეგიძლია, ადამიანების დახმარებაზე უარი არ უნდა თქვა.

- ვიცნობ ხალხს, რომელთაც დახმარებიხ­ართ. თუმცა თქვენი ძმა ცოტნე ამ მხრივ მართლაც გამონაკლისია - ყველა ჩემს ავადმყოფ რესპონდენტს პირადი კავშირების წყალობით ეხმარებოდა, არადა, მას არც კი ვიცნობ. როგორ არის?
- უკეთ და საიმედოდ. ძნელია მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით ამ მდგ­ო­მარეობის მიღწევა, მაგრამ ფონდი­ "ქართუ" დაგვეხმარა და ამისთვის მადლობელი ვარ.

- ქართველების რომელი თვისება არ მოსწონდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და როდესაც ავიწროებდნენ, რას საყვედურობდა ქართველებს ყველაზე მეტად?
- მამაჩემი ჩვენი ხასიათის ორ მძიმე­ თვისებას განიცდიდა. ამბობდა, ეს რა უბედურება გვჭირს, ქვეყანა ყველას თავისი პირადი საკუთრება ჰგონია და ყველას ყველასთან "კაიბიჭობა"უნდაო. მეც ძალიან განვიცდი, როდესაც ადამიანი მოღალატეა, დღეს მეგობრობას მე მიმტკიცებს, ხვალ კი წავა და იმას ჩაეხუტება, ვინც მე მანადგურებს.

ასეთ დროს ემოციებს ვერ ვიკავებ. როდესაც ვნახე, როგორ ჩაეხუტა ნიკა გვარამია "ნაციონალების" საპარლამენტო სიის პირველ ნომრებს, დევი ჭანკოტაძესა და ბუბა კიკაბიძეს, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. კაცი, რომელიც დღედაღამ ყვიროდა, ჩემი მშობლები ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ და ამით ვამაყობო, იმ ხალხს შესციცინებდა თვალებში, ვინც სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და უდანაშაულოთა სისხლის ღვრაში მიიღო მონაწილეობა. დევი ჭანკოტაძე რუსთაველის პროსპექტიდან ესროდა მამაჩემს ზარბაზანს. "ნაცმოძრაობას" სადეპუტატო სიაში მკვლელობის არქიტექტორები ჰყავს, თანაც ისე, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს მონანიების განცდა. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც გიორგი რურუას მერაბ კოსტავას ადარებს, რუპორად კი ქალბატონი ირინა სარიშვილი ჰყავს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას მოითხოვდა, ძალაუფლების მოპოვებისას კვლავ სისხლის ღვრას დაატრიალებს. ამიტომ მე ამ ძალის მომხრე ვერასოდეს­ ვიქნები.

ვერ ვიქნები მათი მომხრე, ვინც ბედავს და რევოლუციაზე ლაპარაკობს. ვინმეს როგორ უნდა მოუვიდეს ეს თავში იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა?! თუმცა ვფიქრობ, ჩვენი მძიმე გამოცდილების შემდეგ რევოლუცია ვერ მოხდება. თავადაც ხომ ხედავენ, რომ მხარდამჭერებს კარგავენ! ოპოზიციის მიტინგის შემხედვარე ამას წინათ ვეუბნებოდი ჩემს მეგობარს, ამათ რა რევოლუცია უნდა მოაწყონ, მიტინგებზე იმდენ ხალხსაც ვერ აგროვებენ, ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში ჩემს პანაშვიდზე რომ მოვიდოდა-მეთქი. ის კი ძალიან ცუდად მენიშნა, რომ ელჩების ლანძღვა-გინებას მიჰყვეს ხელი. ჩემთვის ეს რუსული სცენარია, ამიტომ ისევ იმ ხალხის იმედი მაქვს, ვინც ოპოზიციაში მეგობრად მეგულება და ამ ტენდენციის გაღრმავებას ხელს არ შეუწყობს.

შეუძლებელია რომელიმე პარტიამ თუ მხარემ იგრძნოს თავი გამარჯვებულად, როდესაც მეორე მხარეს ქვეყანა და სხვა ქართველები მარცხდებიან. თითქოს ახლაც ჩამესმის ყურში მამაჩემის სიტყვები, რომელიც სულ იმეორებდა, ჩვენ რომ გავიმარჯვებთ, იმ ქართველებისთვის უნდა გავიმარჯვოთ, ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, თუ არადა, ვერც ერთი ვერ ვიქნებით კარგად და ქვეყანას მომავალი არ ექნებაო.

- თქვენ ამ პრინციპს შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც იცავდით, მიუხედავად იმისა, რომ მას გამსახურდიას მომხრეები მუდამ უპირისპირდებოდნენ...
- მე არასოდეს ვიქნები ქვეყანაში დაპირისპირების მომხრე. დიდი ძალისხმევა­ დამჭირდა, რომ ჩემი ტრაგედია გულში ჩამემარხა და არავის შეხებოდა, მით უფრო - ჩემს ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას. ეს ჩემთვის უზენაესი ცნებებია, რადგან ვიცი, რა შეიძლება მოიტანოს სახელმწიფოებრიობის ნგრევამ.

ჩემს ქვეყანას მხოლოდ მოვემსახურები, სადაც და როგორც შემეძლება. 14 წლის ვიყავი, როდესაც გროზნოში მამაჩემის სიკვდილის ამბავი მოგვიტანეს და, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა გადავიტანეთ ამის შემდეგ. აი, სწორედ მაშინ განვსაზღვრე ჩემი პრიორიტეტები.

- გაქვთ ურთიერთობა ჯოჰარ დუდაევის ოჯახთან? გვახსოვს, მან თქვენს ოჯახს როგორი უმაგალითო მეგობრობა გაუწია...
- როგორ შეიძლება ურთიერთობა არ მქონდეს! ჯოჰარის შვილებთან - ანზორთან, ალისასთან, დეგისთან მისვლა-მოსვლაც კი მაქვს. იმ მძიმე დღეებიდან ჩვენ ერთ ოჯახად ვიქეცით. ისე კი, მეგობრებში სულ სხვადასხვა მრწამსის და შეხედულების ხალხი მყავს. გამოვიმუშავე ძალა, რომ პირადი ტრაგედია გულში ჩამემარხა და იმ ხალხთანაც მემეგობრა, ვისი შეხედულებებიც რადიკალურად განსხვავდება ჩემი შეხედულებებისაგან. ეს გზა დამოუკიდებლად გავიარე. ჩვეულებრივი პოლიციის ინსპექტორობით დავიწყე, არავინ შემიწუხებია დახმარების თხოვნით. თუკი ვინმემ შემამჩნია და წინსვლაში დამეხმარა, დარწმუნებული ვარ, ჩემი შრომა დაინახა.
პრინციპულად ვებრძვი ქართული ხასიათის იმ ნაკლს, როდესაც ბიჭებს ე.წ. პრინცებად, გოგონებს კი პრინცესებად ვზრდით, პირში დაქუცმაცებულ ლუკმას ვუდებთ, რომ დაღ­ეჭვა არ გაუჭირდეთ. არასოდეს მივიჩნევ ქვეყანას ჩემს პირად საკუთრებად და არასოდეს დავავალებ, სათბურში მამყოფოს. არავინ არის ვალდებული, გარჩინოს. ჩემთვის ის ხალხი, სამსახურში მიღებისას იქ სავარძლითა და კაბინეტით რომ მიდის, ადეკვატურად ვერ აღიქმება.

თუკი ვინმე მეტყვის, გიორგი, ადექი და წადიო, ავდგები და წავალ. მივალ იქ, სადაც­ შემეძლება, ჩემს ქვეყანას ვემსახურო. ამჟამად პოლონეთში ვცხოვრობ და ვსაქმიანობ ჩემს მეუღლესთან, ანი აბულაძესთან ერთად.

- ვიცი, საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ. ალბათ, ყველაზე მეტად იქ მიგეჩქარებათ­, სადაც ბავშვობა გაატარეთ, კოლხურ კოშკში.
- წარმოიდგინეთ, რომ იქ არ მიმეჩქარება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ამ კოშკთან ჩემი ბავშვობაა დაკავშირებული, მაგრამ ჩემი ძმებივით მიმაჩნია, რომ ის საქა­რთველოს საკუთრებაა, მას უნდა გადაეცეს.

- დაბოლოს, ცნობილია, რომ თქვენ ბადრი ესებუას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობთ. ამის გამო სამეგრელოში ჩასვლისთვის ოპოზიცია გაკრიტიკებთ. ხომ არ არის სიახლე ამ ბურუსით მოცულ საქმესთან დაკავშირებით?
- ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ. იმ ხალხს კი, ვინც სამეგრელოში ჩასვლას მიზომავს, უკვე ვუპასუხე და აქაც გავიმეორებ: არავის საქმე არ არის, სად ვივლი. სამეგრელოში ჩამოვდიოდი და მომავალშიც ჩამოვალ. ვატყობ, ბევრს ეჩხირება ყელში ჩემი სამეგრელოში ყოფნა, მაგრამ მე, გიორგი გამსახურდია, არავის ვუთანხმებ, სამეგრელოში როდის ვიქნები და რას გავაკეთებ.

ეთერ ერაძე

ნინო
19 თებერვალი 2021 22:43
უბრალოდ, წმინდანი იყო, სამშობლოს და ქართველი ხალხის მიმართ უანგარო სიყვარულით სავსე! როგორ გაწირეს ასე ულმონლად, როგორ?!
do majoris
29 დეკემბერი 2020 20:36
აბა უმუშევარი ყოფილიყო, თანამდებობა არ ეკავა რიგითი ინსპექტორი იყო.
levani
29 დეკემბერი 2020 10:55
ეხხხ გიორგი გიორგი! ჩემთვის ზვიადი არის და იქნება ყველაზე დიდი ქართველი მაგრამ შენი მომკალი და არ მჯერა, შენი მგებრიშვილის სპეცნაზში მუშაობის მერე,

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები