"სიკვდილის ექსპორტი" - კვირის პალიტრა

"სიკვდილის ექსპორტი"

საპატიმროებში ტუსაღები თავიანთიბარგი-ბარხანითგაამწესეს?!

ახლახან სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებიდან პატიმრები ყოფილ მატროსოვის ქუჩაზე მდებარე კოლონიაში გადაიყვანეს. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მსჯავრდადებულთა ოჯახის წევრები კოლონიის შესასვლელს მიაწყდნენ ფუთებითა და ჩანთებით. როგორც ირკვევა, პატიმრები ახალ კოლონიაში თავიანთი საყოფაცხოვრებო ნივთებით გაამწესეს.

კოლონიასთან რას არ ნახავთ: პლედებში გახვეულ ბალიშებს, ტაშტებს, ტელევიზორებს, ცოცხებს, საკვებ პროდუქტებს. შესასვლელთან პატიმართა ოჯახის წევრების უწყვეტი რიგი დგას.

ეს ამბავი ყოფილი პატიმრისგან შევიტყვე:

- ღმერთმა ნუ ქნას, პატიმარი ავად გახდეს, ციხეში სასტიკად უსწორდებიან! ვთქვათ, ტემპერატურამ აუწია, არც კი უნდა დაიჩივლოს!

- რატომ?

- იმიტომ, რომ მოვა ზემდეგი, სიცხიანს კარცერში გაიყვანს და ძვალს რბილად მოუქცევს!..

ყურებს არ დავუჯერე:

- კი მაგრამ, რისთვის სჭირდებათ ავადმყოფ ადამიანთან ანგარიშსწორება?

- საპყრობილეებში ფიზიკურად და ფსიქიკურად ანადგურებენ პატიმარს. ზოგიერთი მათგანი ამის გამო ჭკუიდანაც შეიშალა. თქვენ კი "ნაციონალური არხებით" ყურები გაქვთ გამოჭედილი, რომ ციხეში ცხოვრება ბევრად უკეთესი, კომფორტული და იაფია, ვიდრე გარეთ...

კოლონიის შესასვლელთან სხვადასხვა დღესა და დროს ორჯერ მივედი, ვითარება კი თითქმის უცვლელი დამხვდა: ასფალტზე შეფუთული ბალიშები, ტელევიზორები, ტაშტები, ცოცხები და საკვები პროდუქტი ეყარა. პატიმართა ოჯახის წევრებიდან ზოგი რიგში იდგა, ზოგიც ტროტუარზე ჩამომჯდარიყო, ზოგიერთი მანქანებშიც იჯდა. სახეებზე კი ყველას დარდი და ნაღველი ემჩნეოდა. არავისთვის გამიმხელია, რომ ჟურნალისტი ვიყავი, რიგში ისე ჩავდექი და კადრები ფარულად გადავიღე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიშით არავინ დამელაპარაკებოდა, რომ მათი ოჯახის წევრი საპყრობილეში ანგარიშსწორების ობიექტი არ გამხდარიყო.

ტროტუარზე, შეფუთულ ტელევიზორებთან ახლოს, პატარა ბიჭი წამოსკუპებულიყო.

"ალბათ, მამა უნდა ნახოს... ის კი ციხიდან რომ გამოვა, ბიჭი უკვე დავაჟკაცებულიც იქნება", - გავიფიქრე უნებურად.

რიგში მდგომი ბერიკაცი ერთ ახალგაზრდა ქალს უყვებოდა თავისი გაჭირვების ამბავს: "ჩემს შვილს 12 წელი აქვს მისჯილი, 4 უკვე მოიხადა... 8 დარჩა, - მოხუცმა ისე ამოიოხრა, ალბათ, გაიფიქრა, ნეტავ 8 წლის შემდეგ ცოცხალი თუ ვიქნებიო, - ჩემს შვილს ორთაჭალის ციხეში არაფერი დახვედრია, ყველაფერი მე მივუტანე", - დასძინა მოხუცმა.

"ამ ოთხ წელიწადში ვითარება აშკარად უნდა შეცვლილიყო, სასჯელაღსრულების სისტემას ისეთი დაფინანსება აქვს, პატიმარს კოლონიაში ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი თუ ჰიგიენური საშუალება უნდა ხვდებოდეს", - გამიელვა აზრმა, თუმცა იმ წუთებში ზედმეტი კითხვა არ დამისვამს. მოგვიანებით იქვე მდგარმა ქალმა ამიხსნა:

- ციხეებიდან პირდაპირ აქ კი არ გზავნიან პატიმრის ნივთებს, ჯერ ოჯახის წევრებს აწვდიან და მათ მოაქვთ კოლონიაში.

- ე.ი. ადრეც ოჯახის წევრებს შეჰქონდათ პატიმრისთვის საყოფაცხოვრებო ნივთები?

- ჩვენი გლდანის ციხეში იყო, იქ აკრძალული იყო საყოფაცხოვრებო ნივთების შეტანა. აქ საწოლები და ლეიბები მაინც დახვდათ პატიმრებს, მაგრამ ბალიშები არ ჰქონიათ.

უცებ ახსენდება:

- ნეტავ წამალი მეყიდა... იქნებ შეგზავნის უფლება მოეცათ...

ადრე ამის უფლება არ მქონდა და უფრო გაუარესდა ჩემი შვილის მდგომარეობა. ჯერ ორთაჭალიდან გლდანში გადაიყვანეს, ახლა კი ამ კოლონიაშია.

- ციხეში ლეიბი თქვენ შეიტანეთ?

- თავის დროზე ორთაჭალის ციხეში მივიტანე ლეიბი, ციხის ადმინისტრაციამ კი მომცა წამოღების უფლება, მაგრამ ხელი ვერ მოვკიდე, ბაღლინჯოებითა და ტილებით სავსე იყო.

KvirisPalitra.Ge- ნეტავ ჩვენი რიგი როდის დადგება? - კითხულობს ერთი.

- რა ვიცი, დილის 6 საათიდან მოვედი და შესვლა მაინც ვერ მოვახერხე, მგონი აქ ხალხი ღამეს ათენებს, - ამბობს მეორე.

- ძალიან ნელა მუშაობენ, - კიდევ ერთი შეწუხებული კაცის ხმა მესმის.

ამ დროს ზემდეგი კოლონიის მძიმე კარს აღებს და რიგში ჩაწერილი შემსვლელის გვარს აცხადებს.

ბუნებრივია, კომენტარისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურს დავუკავშირდით:

- ვერ გეტყვით, ყოფილ მატროსოვის ქუჩაზე მართლაც გადაიყვანეს თუ არა პატიმრები.

- იქ ახლაც დგას უწყვეტი რიგი, ოჯახის წევრებს პატიმრებისთვის საყოფაცხოვრებო ნივთები მიაქვთ.

- დავაზუსტებ ინფორმაციას... თქვენი შეკითხვა წერილობით გამოგზავნეთ და გიპასუხებთ...

მოგვიანებით ასეთი პასუხი მივიღეთ:

"ვადასტურებთ, რომ ქალთა ყოფილ დაწესებულებაში (ყოფილ მატროსოვის ქუჩაზე) მოხდა მსჯავრდადებულთა ეტაპირება. თავიანთი პირადი ნივთები მსჯავრდადებულებმა გადაიტანეს სურვილისამებრ. ამასთან, მათ იმ დაწესებულებაში, სადაც მოხდა მათი ეტაპირება, დახვდათ ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი და პირადი ჰიგიენის საშუალება"(?!).

ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი: - რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია საყოფაცხოვრებო ნივთები დაახვედროს პატიმარს. ამისთვის ბიუჯეტში სოლიდური თანხებია გაწერილი. სავალდებულოა პატიმრის კვებისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. ციხეებში პროდუქტების ყიდვაც შეიძლება, მაგრამ გარდა იმისა, რომ ძვირია, მეტწილად ვადაგასულიც არის...

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახსნეს აფთიაქის ჯიხურებიც, სადაც ვადაგასული წამლები იყიდება, პატიმრებს კი მათ შეძენას აიძულებენ.

მაგრამ ეს ყველაფერი მესამეხარისხოვანია იმ ტრაგედიებთან შედარებით, რაც საპატიმროებში ტრიალებს. ვგულისხმობ ტუსაღების ცემას, წამებას, მათთვის ბანაობის შეზღუდვას. სამედიცინო მომსახურების არარსებობაც ერთ-ერთი მძიმე ფაქტორია.

- მართლა არის შემთხვევები, როცა ავადმყოფ პატიმრებს სცემენ?

- კი, არის. კარცერში ავადმყოფ პატიმრებს სასტიკად ექცევიან. შემდეგ, უმძიმეს მდგომარეობაში, სიცოცხლის ნიშანწყალი რომ აღარ ემჩნევათ, გადაჰყავთ სტაციონარში. იქ მოხვედრილები თუ მოკვდებიან, გარდაცვლილ პატიმართა შორისაც აღარ აღრიცხავენ. ასე აყალბებენ სტატისტიკას.

- ამგვარი ფაქტები სახალხო დამცველმაც შეიტანა თავის ანგარიშში და "სიკვდილის ექსპორტი" უწოდა.

- სიმართლე გითხრათ, არც კი ველოდი, სახალხო დამცველი თუ ასეთ მწვავე ანგარიშს წარმოადგენდა. ციხეებში უკონტროლო ვითარებაა.

P.S. "სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნების ანალიზით  დგინდება,  რომ 2010 წელს გარდაცვლილი 142 პატიმრიდან 32%-ს სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, რაც სიკვდილამდეა მიყენებული გარეშე საგნებით".

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ პატიმრები სამკურნალო დაწესებულებაში მომაკვდავ მდგომარეობაში გადაჰყავთ, რასაც სახალხო დამცველმა  "სიკვდილის ექსპორტი" უწოდა.

2010 წლის 1-ელ იანვრამდე პატიმართა საერთო რაოდენობა 21 098-ს შეადგენდა, 2011 წლის 1-ელი იანვრისთვის კი - 23 684-ს.