"ვეღარ ვკითხულობ გიორგის ნაწერებს, ვნადგურდები, ვერც საფლავზე მივდივარ" - კვირის პალიტრა

"ვეღარ ვკითხულობ გიორგის ნაწერებს, ვნადგურდები, ვერც საფლავზე მივდივარ"

"არასოდეს დამავიწყდება მისი გამოხედვა. რაღაც სერიოზულ თემაზე საუბრის დროს რომ გახედავდი, ცისფერ, ულამაზეს თვალებს დახუჭავდა და თავს ჩახრიდა. სულ ვეუბნებოდი, შვილო, რა გჭირს, ცოტა მაგრად დადექი-მეთქი. ამ ასაკში ხშირად ვხვდებით რთულ ბავშვებს თავხედობაში გადაზრდილი ამბიციურობით, მაგრამ ეს მეორე უკიდურესობა იყო..."

2020 წელს მომხდარი ყველაზე მძიმე განზრახ მკვლელობა საზოგადოებას კარგად ახსოვს. იმ საბედისწერო დღეს 19 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. ამ შემზარავმა ფაქტმა მთელი საქართველო შეძრა.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ერთ-ერთ აგარაკზე, დაბადების დღის წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, გიორგი შაქარაშვილმა და კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ - გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით გაუყვნენ. გაირკვა, რომ აგარაკზე დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან, ნაძალადევის რაიონიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთის მიმართულებით "მერსედესითა" და "ტოიოტა ქამრით""გაეშურნენ. ამ მანქანებში ისხდნენ არასრულწლოვნებიც... სწორედ ეს პირები წამოეწივნენ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გამოძიების ცნობით, ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გიორგის კვალი კი""ტოიოტა ქამრიდან" გადმოსული მდევრების გამოჩენისას დაიკარგა. გამოძიებით დადგენილია, რომ "ტოიოტა ქამრის" ხუთმა მგზავრმა გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც ის იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. ისინი ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს. გიორგის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა, სხეულზე დაფიქსირებული უამრავი დაზიანება კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე მიაყენეს.

ამ საქმეზე 17 პირია ბრალდებული, მათ შორის - ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება მიმდინარეობს ოთხი - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარედგინა ხუთ პირს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს. ისინი ახლა განაჩენს ელოდებიან. უკვე დასრულდა საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანის სასამართლო პროცესი და ექვსიდან სამს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობა და ძალადობაში მონაწილეობა. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა კიდევ ერთ არასრულწლოვანს. დანარჩენ ორ ბრალდებულს გამოძიება ედავებოდა როგორც ჯგუფურ ძალადობას, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მოსამართლემ ორივეს 6 წლითა და 9 თვით აღუკვეთა თავისუფლება. არასრულწლოვნების მიმართ გამოყენებული მუხლები 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მიუხედავად მძიმე კატეგორიის დანაშაულისა, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ. სხვა ეპიზოდების განხილვა ისევ მიმდინარეობს და საზოგადოება ვერდიქტს ელოდება.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე: - ვერასოდეს იფიქრებ, რომ შენს ოჯახში შეიძლება ასეთი საშინელი რამ მოხდეს. ჩვენ ძალიან დიდ თანაგრძნობას ვგრძნობთ საზოგადოებისგან, ალბათ, სწორედ ამან გაგვაძლებინა. იყო დიდი მხარდაჭერა ჟურნალისტებისგანაც. ხშირად ვფიქრობ, რომ არა მათი ასეთი აქტიურობა, რას ვიზამდით? რა უნდა ექნა ერთ კაცს, მირიან ნიკოლაძეს?! კონკრეტულმა არხმა ამ თემის პოლიტიზებაც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მედიამ მათ, ფაქტობრივად, ხელიდან გამოსტაცა ჩვენი ტრაგედია და ამისთვის გულწრფელ მადლობას გიხდით ჟურნალისტებს. ამ უბედურების შემდეგ ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ბევრი რამ უფრო ნათელი გახდა. დავინახე, რომ სისტემაში - იქნება ეს შსს თუ პროკურატურა - ყველა რგოლი თანაბრად ძლიერი არ არის; ზოგან არის ხარვეზები, ზოგან კი პირიქით, გამოცდილი და მოაზროვნე ადამიანების სიჭარბეა. მადლობელი ვარ, რომ სწორედ პროფესიონალების ხელში მოხვდა ეს საქმე და მივედით იქამდე, სადაც დღეს ვართ. ჯერ ერთი განაჩენი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა. წინ არის სასამართლო პროცესები და ველოდებით ყველას განაჩენს. ვიცი ამ საქმის ყველა დეტალი და მტკიცებულება, ვიცი გამოძიების ხარისხი და ძიების დონე, მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლებს, მათგან უზომო თანადგომა ვიგრძენი. ეს იყო თავდაუზოგავი ყოველდღიური შრომა. ბიჭები სამსახურში ათენებდნენ და აღამებდნენ, რომ საქმე ობიექტურად გამოეძიათ. ასეთმა თავდადებამ შედეგი გამოიღო და დღეს ყველა დამნაშავე დაკავებულია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ურთულესი საქმე იყო. მიუხედავად ერთი შეხედვით პრიმიტიული დანაშაულისა, ფაქტობრივი გარემოებებით დიდი სირთულის წინაშე დავდექით. ბრალდებულები სინანულის ნაცვლად აქეთ გვიტევდნენ, თხზავდნენ ამბებს და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ უდანაშაულოები იყვნენ. ეს იყო მათი ტრიუკი, ამით ცდილობდნენ სასამართლოზე ზემოქმედებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. "კვირის პალიტრა" ინტენსიურად აშუქებდა ამ ფაქტს და ახლა უკვე ყველასთვის ყველაფერი ცხადია.

- საქმის ირგვლივ კითხვები არ დაგრჩათ? - ვისაც ბრალი ედება, ისინი რომ გიორგის განზრახ მკვლელობის მონაწილეები არიან, უეჭველია. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩაჰყვნენ გიორგის ბოლომდე, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ რა როლი შეასრულა მკვლელობაში. ექსპერტიზით უტყუარად დადასტურდა, რომ ბავშვი ჯერ ფეხზე მდგომია ნაცემი, მერე კი, სავარაუდოდ, დაცემულსაც სასტიკად გაუსწორდნენ. მენჯ-ბარძაყისა და საზარდულის არეში ჰქონდა დაზიანებები; ისეთი რთული ჰემატომები აღმოჩნდა, მუშტით ამის ჩადენა შეუძლებელი იყო. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ფეხით, წიხლებით იყო წაქცეული ბავშვი ნაცემი და მერე მოკლული, მაგრამ კონკრეტულად ვინ რა ჩაიდინა, ჯერ არ ვიცით, თუმცა ამას შედეგებისთვის მნიშვნელობა არც აქვს.

- გიორგის მშობლები მედიასთან ურთიერთობას ერიდებიან... - დიახ, ერიდებიან. ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ვფიქრობთ, რომ გიორგის სული დაგვყურებს, გვისმენს. ძალიან ახალგაზრდები არიან გიორგის მშობლები და სულ ვეუბნები, რომ გიორგი ჩვენთანაა, ვერ ვეფერებით, ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ის ჩვენთანაა. ქრისტიანობა სხვაგვარად უყურებს ტრაგედიებს. მორწმუნემ იცის, რომ სიცოცხლე მხოლოდ ხორციელი არ არის, ამიტომ უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გარდაცვლილები ჩვენთან არიან და თუ ამის გვჯერა, თავი არ უნდა მოვიკლათ. თანაც გიორგის ჰყავს საუკეთესო და ანი, გიორგიზე 6 წლით უფროსი. ახლა ყველამ ერთმანეთისთვის უნდა ვიცოცხლოთ და გიორგისთვის ვილოცოთ, იმიტომ, რომ ქრისტიანები ვართ.

- თქვენ გიორგისთან განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ... თქვენი მიმოწერაც ცნობილია... - გულწრფელად გეტყვით, ვეღარ ვკითხულობ მის ნაწერებს, არ შემიძლია, ვნადგურდები, ვერც გიორგის საფლავზე მივდივარ, არადა სხვას ვარიგებ ხოლმე ჭკუას. ყველას ვთხოვ, სამართლებრივ ნორმებს არ გავცდეთ, თუმცა მე თვითონ მისი საფლავიდან წამოსული რას ვიზამ, არ ვიცი! ჩემს ქვეცნობიერს ისე ჰყავს შემონახული გიორგი, როგორიც იყო ის ყოველდღიურ ურთიერთობაში - საოცრად თბილი, ყურადღებიანი, უკარგესი ადამიანი. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ნათესავებს. დედაჩემი მათ ოჯახშია გაზრდილი, გიორგის მამა ლევანი - ჩვენს ოჯახში და მართლაც განუყრელები ვართ. გიორგი თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, უკვე კაცი იყო.

ნათესაობის გარდა, მეგობრებიც ვიყავით და ეს მაბედნიერებდა. ბიძა ვერ შესთავაზებ შენს მეგობრობას მოზარდს, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ გიორგიმ თვითონ გამოხატა ჩემთან მეგობრობის სურვილი და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით. მეც 16 წლის შვილი მყავს, ვაკვირდები ახალგაზრდებს და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა. ხშირად დადიოდა ჩემთან სამსახურში. მოდიოდა და ვსაუბრობდით ყველაფერზე. საოცრად დახვეწილი, გემოვნებიანი იუმორი ჰქონდა. სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო. ერთმანეთს ავყვებოდით, რაღაცებს ვთხზავდით და მერე ხმამაღლა ვიცინოდით. თუმცა ძალიან მორიდებული და მორცხვი იყო. არასოდეს დამავიწყდება მისი გამოხედვა. რაღაც სერიოზულ თემაზე საუბრის დროს რომ გახედავდი, ცისფერ, ულამაზეს თვალებს დახუჭავდა და თავს ჩახრიდა. სულ ვეუბნებოდი, შვილო, რა გჭირს, ცოტა მაგრად დადექი-მეთქი. ამ ასაკში ხშირად ვხვდებით რთულ ბავშვებს თავხედობაში გადაზრდილი ამბიციურობით, მაგრამ ეს მეორე უკიდურესობა იყო. ძალიან ბევრს ვარჯიშობდა, არასდროს ეცალა, ამიტომ ხშირად გვიწევდა მიმოწერა. მიხაროდა, ისეთი სულისკვეთებით ლაპარაკობდა ფეხბურთზე. მეც მიყვარს ფეხბურთი და საათობით ვსაუბრობდით. ისეთ მოწადინებას ამჟღავნებდა, ვიცოდი, დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო...

ჩეხეთში იყო, კონტრაქტის წინა პირობები თითქმის შეთანხმებული ჰქონდა. აქ ჯარის გადავადება სჭირდებოდა და მერე წასვლას აპირებდა. მართლაც საოცარი ბიჭი იყო და როგორ შეიძლება ასეთი ბავშვი სასიკვდილოდ გაიმეტო! ბავშვი არასდროს კონფლიქტში არ ერეოდა. იმ ღამის კადრებშიც ჩანს, რომ ერთი ბიჭი გამოარიდა მანქანას, რომ არ დასჯახებოდა. წარმოუდგენელია, მას ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა, ან რამე გაუგებრობაში გარეულიყო და მითხარით, როგორი გადასატანია ჩვენთვის, ასეთ ადამიანს რომ გიკლავენ! მამა-შვილს საოცარი ურთიერთობა ჰქონდა. ლევანი ისეთი მეგობრული და კარგი ბიჭია, უპრობლემო და ძალიან ლმობიერი, არ შეიძლება, მასთან კარგი ურთიერთობა არ გქონდეს. წარმოიდგინეთ, ახლაც კი, ამ მდგომარეობაში მყოფი იმას ფიქრობს, სხვას უნებლიეთ რამე არ დაუშავოს.

- ოჯახი მზად არის, საპროცესო შეთანხმებას დაეთანხმოს? - ბრალდებულების მხარე დაგვიკავშირდა, პროკურატურასაც ჰქონდა ჩვენთან კონსულტაცია. ყველა შევთანხმდით, რომ ბოლო პასუხს ჩვენ ვეტყვით, მაგრამ იქ სხვა დაზარალებულებიც არიან. როდესაც მათგან მიიღებენ პასუხს, მერე ჩვენ ჩვენს პოზიციას გავამჟღავნებთ.

- ცნობილია ისიც, რომ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ ორი ბრალდებულის საქმეს მკვლელობის ნაწილში... - განზრახ მკვლელობა არის ძირითადი დანაშაული, რომლის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. ის უსწრებს ნაფიცი მსაჯულების ეპიზოდს. ნაფიცი მსაჯულების შერჩევას დიდი დრო უნდა, პროცედურებია გასავლელი. მკვლელობის და ძალადობის ნაწილშიც გამამტყუნებელ განაჩენს ველოდებით. მეორე მხარე თავს რატომ იტყუებს, არ ვიცი. ვერ ვხვდები, ერთმანეთს აბრიყვებენ თუ ტყუილში არწმუნებენ. ამდენი ხანი გავიდა და იმ ახალგაზრდებს შორის ერთიც არ გამოჩნდა, რომელიც ყველაფერს აღიარებდა. პროკურატურა ამას ელოდა, თუმცა მე ამას თავიდანვე გამოვრიცხავდი. ეს საქმე ისე დამთავრდება, ხმას არავინ ამოიღებს. უდანაშაულო ბიჭის მკვლელის სახელი არავის უნდა და რა ქნან? ერთი დაადებს ხელს მეორეს და იტყვის, მე არ ვიყავი, სხვები იყვნენო? დანაშაული ყველამ ჩაიდინა. სასურველი იყო, მათში ადამიანობას გაეღვიძა, მაგრამ ოჯახები ჰყავთ გარეთ და მათ უფრთხილდებიან. წარმოდგენებს დგამენ, უდანაშაულობას თამაშობენ, ათას სისულელეს აკეთებენ, მაგრამ სიმართლე არ დაიმალება. მათ სრულიად უდანაშაულო ბიჭი მოგვიკლეს და ამისთვის პასუხისგება მოუწევთ.