"თვეების შემდეგ ისევ ვფიქრობ, რომ თამუნა მოკლეს, თუმცა სუიციდამდე მიყვანასაც არ გამოვრიცხავ" - კვირის პალიტრა

"თვეების შემდეგ ისევ ვფიქრობ, რომ თამუნა მოკლეს, თუმცა სუიციდამდე მიყვანასაც არ გამოვრიცხავ"

დარწმუნებული ვარ, მისი მანქანა იმ ოთხი დღის განმავლობაში მაწევნის თხილნარში არ იდგა... ან იმ ფურცხვანიძის დაჭერა-გამოშვება რა იყო? ეგ კაცი ჩვენი ადვოკატის დისკრედიტაციისთვის იყო მოგზავნილი. როცა პროკურორს ვკითხე, რატომ გამოუშვით-მეთქი, ჯანმრთელობის გაუარესების გამოო. მაშინ დეკანოზი მამალაძეც რატომ არ გამოუშვით-მეთქი...

წლის შემზარავი ტრაგედია 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის სახელს უკავშირდება. გოგონა 18 ივლისს გაუჩინარდა და მას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბოლოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის დაუსახლებელ ადგილას სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს კი ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.

ოჯახი შვილის გარდაცვალებას მის სამსახურს, კომპანია "ზეგს" უკავშირებდა. ამბობდა, რომ თამარი სამსახურიდან ხშირად გაღიზიანებული ბრუნდებოდა. ოჯახი სუიციდს თავიდანვე გამორიცხავდა და მკვლელობის ვერსიას იზიარებდა. ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქმეში FBI-ს ჩართვასაც ითხოვდნენ, მათ მიიღეს კიდეც ამის პირობა, თუმცა ქართულმა მხარემ ფედერალური ბიუროსგან მიიღო განმარტება, რომ ისინი მხოლოდ შტატებში მომხდარ ან მათ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ დანაშაულებს იძიებენ.

პროკურატურა პერიოდულად გვაცნობდა საქმის მასალებს, მათ შორის თამარის ემოციურ ვიდეო-აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც გოგონა საუბრობდა უიმედო სიყვარულზე და ახსენებდა თვითმკვლელობას... ათეულობით ექსპერტიზის დასკვნებს შორისაა ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც გოგონას სუიციდი დასაშვებად მიიჩნია.

პროკურატურამ ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, 17 დეკემბერს, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. "მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ასეთია საქართველოს პროკურატურის ვერდიქტი.

პროკურატურის დასკვნას ოჯახი არ იზიარებს. ამბობენ, რომ სიმართლის ძიებას ევროსასამართლოში გააგრძელებენ.

თეონა თამაზაშვილი, თამუნა ბაჩალიაშვილის დედა: - მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა, რომ დაზარალებულს აქვს საქმის გაცნობის უფლება, ჩვენი საქმე დახურეს. ეტყობა, მასში იყო ისეთი რამ, რაც ვინმეს დანაშაულებრივ ქმედებაზე მიანიშნებდა და არ უნდა გვენახა. ამერიკიდან ჯერ კიდევ ჩამოსასვლელი იყო თამუნას მიმოწერების შინაარსი. ის გოგოც მოსაძებნი იყო - ნინო, რომელიც პანაშვიდზე მოვიდა, სასახლეზე დაემხო და ტირილით ბოდიშებს იხდიდა. არც იმას გამოვრიცხავ, იპოვეს და ურჩიეს, ჰორიზონტზე არ გამოჩენილიყო. მეორეც, გახსნილი კომპიუტერი დაგვახვედრეს და პოლიციის თანამშრომელმა ბაჭულაშვილმა ჩემს მეუღლეს უთხრა, მაგარ შარშია თქვენი შვილიო. თავი თუ მოიკლა, რატომ უნდა ეთქვა ეს? ასევე, მთელი კორპუსი ხედავდა, სახლის წინ როგორ გვითვალთვალებდა უცხო მანქანა. ვერც ის მანქანა მოიძიეს... რომ გვიმტკიცებენ, "კარდოლაქსი" შეიძინაო, ვერ დაადგინეს, რომ თამუნას ნაყიდია და ამბობენ, სახლში ჰქონდაო. ძალიან ეცადნენ, მაგრამ ვერ მოიპოვეს მტკიცებულება, რომ ეს წამალი ოჯახის წევრებიდან რომელიმეს ჰქონდა ნაყიდი. ამერიკიდან ჩამოსულ მასალაში მხოლოდ მათი აიპი-მისამართებია, ვისაც თამუნა ეკონტაქტა, მაგრამ არ არის მთავარი - შინაარსობრივი მასალა. მერე მოიგონეს, თამუნა მომავლის წერილებს სწერდა და მის უფროსს, ნიკა გეჯაძეს უგზავნიდაო.

იმ წერილებში თამუნას სახელი არ არის მითითებული, შეიძლებოდა ისინი ნებისმიერს დაეწერა. ემოციურ ვიდეოებს რაც შეეხება, ვხედავდი, რა დღეშიც იყო ბავშვი და თვითონ ვურჩიე, ფსიქოლოგთან მისვლა - პრობლემებზე არ საუბრობდა, ეტყობა, ჩვენს დაცვას ცდილობდა. ჩემთვის რომ რამე ეთქვა, იცოდა, ყველა ღონეს ვიხმარდი, გადამერჩინა ჩემი შვილი. ნეტავ ეთქვა, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა. მისი საიდუმლო, ალბათ, იმხელა საფრთხის შემცველი იყო, იცოდა, მეც გამაჩუმებდნენ, მეც მომიწყობდნენ უბედურ შემთხვევას ან თვითმკვლელობის ინსცენირებას. როგორც დავრწმუნდი, ის ფსიქოლოგიც ამათ დავალებებს ასრულებს.

თამუნას შეიძლება იმის ეშინოდა, რომ მოკლავდნენ, მაგრამ თვითმკვლელობას არაფრით ჩაიდენდა, იცოდა, რომ თვითმკვლელობა დიდი ცოდვაა... თვეების შემდეგ ისევ იმას ვფიქრობ, რომ თამუნა მოკლეს, თუმცა სუიციდამდე მიყვანასაც არ გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, მისი მანქანა იმ ოთხი დღის განმავლობაში მაწევნის თხილნარში არ იდგა. ან იმ ფურცხვანიძის დაჭერა-გამოშვება რა იყო? ეგ კაცი ჩვენი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის დისკრედიტაციისთვის იყო მოგზავნილი. როცა პროკურორს ვკითხე, რატომ გამოუშვით-მეთქი, ჯანმრთელობის გაუარესების გამოო. მაშინ დეკანოზი მამალაძეც რატომ არ გამოუშვით-მეთქი, ექსპერტიზამ დაადგინა, მას არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემებიო.

ფსიქიატრიულმა ექპერტიზამ დაასკვნა, თამუნა მოწყვლადი ფსიქოტიპია და სუიციდი დასაშვებიაო. იმას ხომ არ წერენ, აუცილებლად ჩაიდენდაო. ანუ ისიც დასაშვებია, თავი არ მოეკლა, ხომ? ორმაგი დანაშაული ჩაიდინეს - მოკლეს და მერე ცილი დასწამეს თვითმკვლელობაზე. ექსპერტებს ჩვენი გენეტიკური ხაზი არ უნდა გამოეკვლიათ? ჩვენ არავინ გვყავს სუიციდისკენ მიდრეკილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი გოგო ვერ ხვდებოდა, ვის გამო ღირდა თავის მოკვლა? მშვენიერი შეყვარებული ჰყავდა - თემურ ჭანუყვაძე, რომელმაც ჩვენებაში დაწერა, იმიტომ დავშორდით, თამუნამ კარიერა არჩია, ჩვენ შორის სხვა მამაკაცი არ ყოფილაო. ეს რატომ არ არის მტკიცებულება, ვერ ვიგებ... პროკურატურაში ისიც თქვეს, თამარს ელექტროშოკით უნდოდა თავის მოკვლაო. ადამიანს თავის მოკვლა თუ სურს, ელექტროშოკით ივლის? მან ხომ ეს ხელსაწყო ვიღაცისგან თავის დასაცავად იყიდა? თამუნა თეონა ყურუას რომ წერდა ნორვეგიაში და თავშესაფარს ითხოვდა, უთქვამს, მტკიცებულება მაქვს და უკან ვერ დავბრუნდებიო. ეს არაფერს ნიშნავს? არც თვითმკვლელობამდე მიყვანას გამოვრიცხავ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი მოკლეს და ეს მის საქმიანობასა და სამსახურს უკავშირდება.

წინ სტრასბურგია და თუ იქ მართლა მოიპოვება სამართალი, ვიპოვი კიდეც. ნურავის ეგონება, ეს საქმე შერჩება და პასუხს არ აგებს. არ ვაპირებ შეგუებას, იმას არავის ვათქმევინებ, თამუნას დედა დააშინეს, ან მოისყიდესო.