კარტოგრაფების საქმე: ბრალი უმძიმესია, ბრალდებულები კი განაჩენს ელოდებიან - კვირის პალიტრა

კარტოგრაფების საქმე: ბრალი უმძიმესია, ბრალდებულები კი განაჩენს ელოდებიან

"ყოფილ პრეზიდენტს ვერ მისწვდებიან, სხვა სახელმწიფოშია, მაგრამ ჩვენ რას გვერჩიან?!"

წლის ყველაზე სკანდალური საქმის გამოძიება პროკურატურაში ისევ გრძელდება. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გენპროკურატურამ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების ბრალდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმების პროცესში დაახლოებით 3 500 ჰა ტერიტორიის საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქცევისთვის ხელშეწყობა და დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაკარგვის საფრთხის შექმნა. როგორც ირკვევა, საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანა იყო ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენას ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ანდობდა. პროკურატურის თქმით, ისინი ვალდებული იყვნენ, ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და მასალები, შეეჯერებინათ ისინი და მათი ანალიზის საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წლის), რაც ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი გახდებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულთა მიერ შედგენილ ალბომებში კი შეტანილი იყო მათ მიერვე შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთები - ეს იყო ორ სახელმწიფოს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების პროცესის ძირითადი სახელმძღვანელო მასალა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებს კომისიაში საქმიანობის პერიოდში ხელთ ჰქონდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, თუმცა ისინი საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს, სავარაუდოდ, უმალავდნენ ამ ინფორმაციას, რათა ის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში არ გამოეყენებინათ. რუკის დედანი გამოძიებამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოაჩინა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. ბრალდების მტკიცებით, რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას ბრალდებულებმა განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც რეალურად არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიულად და სამართლებრივად დადასტურებულ ტერიტორიას. პროკურატურის ცნობით, მელაშვილმა და ილიჩოვამ დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემულ 1:100 000 და 1:50 000 მასშტაბის რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზი, რომელიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებს. ამის დასადასტურებლად გამოძიებამ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჩაატარა ექსპერტიზა, რომელშიც ჩაერთვნენ პროფესორები და კარტოგრაფიის ექსპერტები. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს და სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3 500 ჰექტარამდე ფართობს მოიცავს. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა მიზანმიმართულად არ გამოიყენეს 1937-1938 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, სადაც საქართველოს საზღვარი, განსაკუთრებით, დავითგარეჯასთან, საქართველოს სასიკეთოდ არის დადგენილი.

ამ ხმაურიანი საქმის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება - საზოგადოება პროკურატურისგან ისევ ელოდება პასუხს მთავარ კითხვაზე - რა მოტივით არის ჩადენილი დანაშაული? ასევე ყველას აინტერესებს, რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო. ბრალი უმძიმესია, ბრალდებულები კი განაჩენს ელოდებიან.

"ადამიანმა მთელი ცხოვრება ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა, დღეს კი მოღალატეს უწოდებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ ვიღაცას მისწვდნენ!"

თამარ სულაძე, ივერი მელაშვილის მეუღლე: - ჩემი მეუღლე უკანონო პატიმარია, ამას ვამბობ მისი დაკავების პირველივე დღიდან და ეს გამოჩნდა ამ დღეებში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითაც. მან მიმართა შოთაძეს, დააკავონ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები. რასაც ჩვენ ვფიქრობდით, ახლა აშკარად გამოჩნდა - ეს არის პოლიტიკური ინტერესების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მართალია, ივერის და ნატალია ილიჩოვას არა აქვთ არანაირი პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ ხელისუფლებას უნდოდა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დადანაშაულება, რისთვისაც ჩემი ქმარი და ქალბატონი ნატალია დასჭირდათ. სამწუხაროა, რომ ყველა ნაბიჯზე ვხედავ უსამართლობას, თეთრზე შავს ამბობენ. გიყურებენ თვალებში და არ რცხვენიათ, რომ გატყუებენ. ადამიანმა მთელი ცხოვრება ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა, დღეს კი მოღალატეს უწოდებენ. ამაზე დიდი საშინელება რა უნდა იყოს?! თანაც ეს ხდება იმიტომ, რომ ვიღაცას მისწვდნენ! "ოცნება" ებრძვის "ნაციონალებს" და ამ ბრძოლაში უდანაშაულო ადამიანები იჭყლიტებიან. ყოფილ პრეზიდენტს ვერ მისწვდებიან, სხვა სახელმწიფოშია, მაგრამ ჩვენ რას გვერჩიან?! ქვეყანა გასული საუკუნის 37 წელს უბრუნდება. ახალი დოქსოპულოები გამოჩნდნენ. სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე?! და ეს მარტო ჩვენ არ გვეხება. თუ დროზე არ მოვლენ გონს და არ შეცვლიან ამ დამოკიდებულებას, ძალიან ცუდად წავა საქმე.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი მეუღლე რატომ აღმოჩნდა ამ საქმეში ბრალდებული?

- მეგონა, ვიღაცას მაინც აღმოაჩნდებოდა სინდისი და სიმართლეს იტყოდა, მაგრამ მოსამართლეს დავალებული აქვს, ასე მოიქცეს. ივერი იმისთვის უნდოდათ, რომ ეთქვათ, იმ პერიოდში გაყიდეს ტერიტორიაო, არადა, იმ დროს დავითგარეჯის არც ერთი მონაკვეთი არ არის შეთანხმებული. როდესაც დააპატიმრეს, შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ორივეს დაითანხმებდნენ და ისინი ვიღაცისკენ გაიშვერდნენ ხელს, მაგრამ ნახეს, რომ ხელში შერჩათ წესიერი და პატიოსანი ადამიანები, რომლებიც თავის გადასარჩენად სხვას არ დაღუპავდნენ. დაკავებამდე ტელევიზიით თქვა ივერიმ ყველაფერი, რაც ხდებოდა. რომ დამაპატიმრებენ, მერე ვერ ვიტყვიო... ახლა ამნისტიის გამოცემას აპირებენ, უშვებენ ქურდობაში, ნარკომანიაში ბრალდებულებს, ამათი დევიზია: "ქურდები და კრიმინალები გარეთ, პატიოსნები ციხეში!"ივერისა და ნატალიას ისეთი მძიმე მუხლით აქვთ ბრალი წაყენებული, ამნისტიაც ვერ შეეხებათ. ამაზე უარესი მუხლი არ არსებობს. მოღალატეობაზე უარესი რა უნდა დააბრალო ადამიანს?! ივერი ამას ძალიან განიცდის. ვუთხარი, ხალხმა იცის, რომ არ ხარ დამნაშავე-მეთქი და ცოტა დამშვიდდა. მართლაც ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს, ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანები მაჩერებენ და თანადგომას გვიცხადებენ. მათ სჯერათ ჩვენი და ეს ძალას მმატებს. ივერი ერთ გოჯ მიწას არ თმობდა და ამიტომ არ უნდოდათ, კომისიაში ყოფილიყო. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს მოღალატე უწოდო?! მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე გაიმარჯვებს.