ესებუას საქმე: 5 საათში ნაშოვნი 50 000 დოლარი - კვირის პალიტრა

ესებუას საქმე: 5 საათში ნაშოვნი 50 000 დოლარი

ესებუას საქმე: 5 საათში ნაშოვნი 50 000 დოლარი

წლის ერთ-ერთი კრიმინალური მოვლენა შეიძლება ეწოდოს 21 ოქტომბერს ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებასა და მძევლების აყვანას. თავდამსხმელი ბანკში ხელყუმბარითა და ავტომატით შეიარაღებული შეიჭრა. მოვლენები ისე განვითარდა, მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგვაგონებდა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან ავტომანქანას და მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. ნიღბიანი თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა, ლაივში ჩაერთო და მოთხოვნების შესასრულებლად პოლიციას 2 საათი მისცა.

სამხედროფორმიან თავდამსხმელს 500.000 დოლარი ინკასაციის მანქანით მიუტანეს - თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ გადასცა და თავადაც გაჰყვა გამტაცებელს ორ მძევალთან ერთად.

22 ოქტომბერს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ 43-ვე მძევალი თავისუფალია და გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავე შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, თუ დამნაშავემ "საზღვარი" გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემდა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა არ დაუსახელებიათ მისი ვინაობა, ხოლო 26 ოქტომბერს სპეციალურ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელის სახელია ბადრი ესებუა.

გავრცელებული ინფორმაციით, ესებუა ყოფილი სამხედროა, რომელიც სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 32 წლის ყოფილ სამხედროს წლებია ქართულ ჯართან კავშირი არა აქვს.

პოლიცია კვლავ ეძებს 32 წლის ბადრი ესებუას და საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

12 დეკემბერს ძებნილის ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე (არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთი უნდა გადაეცა), პოლიცია ახორციელებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას - ვიზუალურ კონტროლს... ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს. ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის ადვოკატს მიაჩნია, რომ ბიძინა ესებუა სატყუარად გამოიყენეს და ამით ძებნილ ბადრი ესებუაზე ზეწოლას ცდილობენ.

"ბიძინა ესებუა ამბობს, რომ ის ნივთები ავტომანქანაში ჩაუდეს. მისი ავტომანქანა ორი დღის განმავლობაში სამსახურთან იდგა და საბარგული არ იკეტებოდა. ჩადებულია 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ცალი ტყვია, საჭმელი და თოკი. პოლიციის ვერსიით, ისინი ბიძინას ძმასთან მიჰქონდა. ძმასთან თუ მიდიოდა, თვალთვალი რატომ არ გააგრძელეს, რატომ არ გაჰყვნენ ბოლომდე? იქნებ მართლა შემდგარიყო კონტაქტი და ძებნილი ეპოვათ?" - ამბობს ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია.