"ალბათ, ცდილობენ, ბადრი როგორმე გამოვიდეს, შეცდომა დაუშვას..." - კვირის პალიტრა

"ალბათ, ცდილობენ, ბადრი როგორმე გამოვიდეს, შეცდომა დაუშვას..."

"არ მინდა შვილი მომიკლან... სიმშვიდე მინდა... მინდა ყველაფერი გაირკვეს, თორემ შეიძლება ამ ამბავს მთელი ოჯახი ვემსხვერპლოთ"

"კვირის პალიტრა" ძებნილის მამას, ტარიელ ესებუას ესაუბრა:

- რატომ ხართ დარწმუნებული თქვენი შვილის უდანაშაულობაში?

- ვინც ტელევიზიით აჩვენეს, ის არ არის ჩემი შვილი. თავდამსხმელს არც ბადრის თვალები ჰქონდა, არც სიმაღლე, არც მანერები.

- თქვენი აზრით, დამნაშავე თუ არ არის, რატომ იმალება, ჰგონია, სიმართლის დამტკიცებას ვერ შეძლებს? - ალბათ, ეშინია, რომ მოკლავენ. არ მინდა შვილი მომიკლან, ისედაც განადგურებული ვართ მთელი ოჯახი. ნაინფარქტარი კაცი ვარ, ძლივსღა მიდგას სული. დედამისს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, არეული აქვს დროისა და სივრცის შეგრძნება,…ლაპარაკიც უჭირს. ისიც არ ვიცით, ბადრი ცოცხალია თუ მკვდარი.

- ხომ შეეძლო ძმის ან ვინმეს საშუალებით გაევრცელებინა, რომ სხვის დანაშაულს აბრალებენ? - ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონია, არაფერი ვიცით. კი შეეძლო, მაგრამ, სავარაუდოდ, იმ ადამიანს შეექმნებოდა პრობლემა, ვისგანაც ეს ინფორმაცია გავრცელდებოდა. ალბათ, სხვას გაუფრთხილდა.

- ბოლოს სად და როდის ნახეთ თქვენი შვილი, საეჭვო ხომ არაფერი შეგიმჩნევიათ? - ბოლოს 21 ოქტომბრის დილას ვნახე, სამსახურში წავედი და სახლში მძინარე დავტოვე, მას მერე აღარ მინახავს. არაფერი შემინიშნავს მისთვის, არც რაიმე ნივთი, ან საეჭვო ქცევა.

- დავუშვათ, მან ჩაიდინა დანაშაული, რა მოტივი უნდა ჰქონოდა? - არც ვალები ჰქონია, არც სოციალური პრობლემები, მსგავსი დანაშაული რომ ჩაედინა. ჩვენ არც ისე გვიჭირდა, რომ ფულის გამო ამხელა დანაშაული ჩაედინა.

- ბოლო დროს რას საქმიანობდა ბადრი? - თხილი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები მოგვყავდა, რაღაც შემოსავალი გვქონდა, ყველანი ვშრომობდით. ადრე ბადრიც და ბიძინაც სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ, ბოლო პერიოდში ბადრი სენაკის მეორე ბრიგადაში აღადგინეს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც იმალება, ბადრი 5-ჯერ დაუსხლტა სამართალდამცავებს, მათ შორის ახსენეს ახლახან სოფელ ყულიშკარში ჩატარებული სპეცოპერაცია. - არ არის სიმართლე, მით უმეტეს, ის ინფორმაცია, ამ ბოლო დროს რომ გავრცელდა ვაჟა გულუაზე, თითქოს მისი ავტომანქანით დადიოდა ბადრი. როგორც შევიტყვეთ, ეს სულ სხვა თემა იყო - ფინანსური პოლიცია სიგარეტების საქმეზე მუშაობს და ბადრი რა შუაშია, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, გაუგებარია. გულუა ჩვენი თანასოფლელია, მაგრამ ბადრის ახლო ურთიერთობა მასთან არ ჰქონია. გულუას ძებნის მიზეზი მათგან ვიცით, ვინც მას ეძებდა, "მთავარმა" რატომ გაუშვა ასეთი სიუჟეტი, გაუგებარია. გულუა არც იმალებოდა, პოლიციაში დადიოდა დაკითხვაზე.

- პიროვნულად როგორ დაახასიათებთ თქვენს შვილს? - წესიერი ბიჭია. მასზე აუგის მთქმელს ვერ ნახავთ. გულითადი, მეგობრული, მზრუნველი იყო და ჯარშიც ყველა დადებითად ახასიათებს. სამი ვაჟი გავზარდე, ბადრი ყველაზე უმცროსია. ახლა მეორე დიდი პრობლემა გაგვიჩნდა, ბიძინა დააკავეს. ის არაფერ შუაშია. ამის მერე უფრო გამიმძაფრდა შიში და ეჭვი, რომ შეიძლება ბადრი დაკავებისას მოკლან.

- იმაშიც დარწმუნებული ხართ, რომ ის ნივთები, ტყვია-წამალი და პროდუქტები, რაც ბიძინას ავტომანქანიდან ამოიღეს, მისი არ არის და როგორც ადვოკატი ამბობს, პოლიცია მის დაკავებას ძმაზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის იყენებს? - თუ პოლიციას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბიძინა ძმასთან მიდიოდა, რატომ დააკავეს? წესით, კვალზე უნდა მიჰყოლოდნენ. ამას ბავშვიც არ დაიჯერებს. ალბათ, ცდილობენ ბადრი როგორმე გამოვიდეს, შეცდომა დაუშვას.

- ითქვა ისიც, რომ ბანკზე თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბადრი დეიდას სტუმრობდა და ზუგდიდის ქუჩებშიც დადიოდა. - ეს ხდება 26-ში, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი ბადრი ესებუა იყო. მას შემდეგ იმალება.

ბადრის არაფერი ეეჭვებოდა, ისე იყო მისული დეიდაშვილთან. ტელევიზიით რომ გავრცელდა ბადრის სახელი, ეს მასზე ადრე ბიძინამ გაიგო და როცა მასთან მივიდა, უთხრა ძმას, ასეა საქმეო. მერე ბადრიმ ძმას გასაღები გამოართვა, ბიძინა დეიდაშვილთან დატოვა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ისე, რომ არაფერი დაუბარებია. ბიძინას ძმასთან კავშირი აღარ ჰქონია. მერე ის მანქანა ისეთ ადგილას გაჭედილა, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ფეხით წასულა. მას მერე იკარგება ბადრის კვალი.

- თუ იცით, მის წინააღმდეგ რა უტყუარი მტკიცებულებები აქვს გამოძიებას? - როგორც ვიცი, არც აქვთ. უბრალოდ, საზოგადოებრივი აზრია შექმნილი, რომ დამნაშავე ბადრია. როგორც მითხრეს, ერთადერთი, რაც აქვთ, სახლიდან ამოღებული ერთი მასრაა. როგორც ადვოკატი მეუბნება, შემთხვევის ადგილზე სამი გასროლა მოხდა და 4 მასრაა ამოღებული.

ვეჭვობთ, ის ერთი მასრა, რომელიც ჩვენს სახლში აღმოჩნდა, სხვა იარაღისაა. ან რა ვიცი, ჩვენს სახლში იპოვეს? იქნებ არცაა მისი და ჩადებულია? მეორე მტკიცებულებად ის აქვთ, ბადრის ხმის იდენტურობა დავადგინეთო - შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ბადრის "112"-ში დაურეკავს და როგორც გვეუბნებიან, იქიდან ამოღებული ხმის ნიმუში ბანკში მყოფისას დაემთხვა. ფონოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაასკვნაო, მაგრამ არც ამის მჯერა.

- წარმოდგენა არა გაქვთ, სად შეიძლება იყოს ბადრი? - არა. შეიძლება არც არის საქართველოში. რა გითხრათ, როცა არაფერი ვიცი? შეიძლება ცოცხალიც აღარ არის. არ მინდა შვილი მომიკლან... სიმშვიდე მინდა... მინდა ყველაფერი გაირკვეს, სიმართლე დადგინდეს, თორემ შეიძლება ამ ამბავს მთელი ოჯახი ვემსხვერპლოთ.