ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს - რას ამბობს ადვოკატი?

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ განუცხადა, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა.

"გაათავისუფლეს, რადგან სრულად მოიხადა სასჯელი. 3 წელი ჰქონდა მისჯილი. მისი გათავისუფლება 25 დეკემბერს მოხდა", - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრის ლიკვიდაცია მოხდა, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.

სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით აიყვანა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.

"ინტერპრესნიუსი"