სად არიან ის პირები, რომელთაც ებრაელი ბიზნესმენები თავის დროზე გაურიგდნენ?! - კვირის პალიტრა

სად არიან ის პირები, რომელთაც ებრაელი ბიზნესმენები თავის დროზე გაურიგდნენ?!

თბილისის საქალაქო სასამართლომ ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა: რონი ფუქსს - შვიდი, ზეევ ფრენკელს კი ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თანაც ფუქსს ნახევარი მილიონი, ფრენკელს კი 100 ათასი ლარის გადახდაც დააკისრა.

ებრაელ ბიზნესმენებს ბრალად ქრთამის მიცემა ედებათ, ბერძენი ბიზნესმენი იოანის კარდასოპოლუსი კი იძებნება. როგორც ფუქსმა სასამართლოს განუცხადა, მას ქრთამი არავისთვის შეუთავაზებია და მისი დაპატიმრებით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უარი ათქმევინოს იმ 98 მილიონზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისო-საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო.

რონი ფუქსი საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობოდა და გარანტიებს ითხოვდა. ამის გამო პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად, თავისი ხელმოწერით დადასტურებული პერსონალური მოსაწვევი გაუგზავნა და პირად სტუმრად მოიწვია. ბიზნესმენი ზეევ ფრენკელი, კარდასოპოლუსისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრს ენდო და ჩამოვიდა, მაგრამ დააკავეს.

როგორ დაიწყო ებრაელ ბიზნესმენთა საქმე...

1991 წელს ებრაელი ბიზნესმენი რონი ფუქსი საქართველოში რამდენიმემილიონიანი ინვესტირებისთვის ჩამოვიდა, მთავრობის წევრებსა და "საქნავთობის" ხელმძღვანელს შეხვდა და საქართველოში არსებული მილსადენების სრული მენეჯმენტი მოითხოვა. მართლაც, წლისთავზე "ტრამექსმა" საქართველოში არსებულ ყველა მილსადენზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა(!). 1996 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოში BP შემოვიდა, საქართველოს ხელისუფლებამ "ტრამექსთან" ხელშეკრულება გაწყვიტა, რის გამოც "ტრამექსის" მეწილეებმა საქართველოს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლეს და 2010 წლის თებერვალში ჩვენს ქვეყანას 98 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა "ტრამექსის" სასარგებლოდ.

სწორედ ამ მოგებული თანხის გამო მიმდინარეობდა ხანგრძლივი მოლაპარაკება ფინანსთა მინისტრის მოადგილესა და დაკავებულ პირებს შორის. მოლაპარაკება ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო, რათა 98 მლნ-ის ნაცვლად უფრო ნაკლები (კონკრეტულად, 50-დან 85 მლნ-მდე) გადაეხადა. საბოლოოდ ფუქსი და კარდასოპოლუსი 72 მილიონზე დათანხმდნენ, ოღონდ იმ პირობით, რომ გადახდას საქართველო არ გააჭიანურებდა.

ებრაელი ბიზნესმენების მტკიცებით, 72 მილიონიდან 65-ს ბიზნესმენები პირადად მიიღებდნენ, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ იხდიდა სახელმწიფო ამხელა თანხას, პიარაქცია დაიგეგმა. უნდა გამოცხადებულიყო, რომ გადახდილი თანხის ნაწილს (ანუ 7 მილიონ დოლარს) ბიზნესმენები ისევ საქართველოში დატოვებდნენ ინვესტიციის სახით.

ებრაელი ბიზნესმენების დაკავებამ საქართველოს სიტუაცია ისე გაართულა, რომ ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. ჯერ იყო და, ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა დაურეკა მიხეილ სააკაშვილს სიტუაციაში გარკვევის თხოვნით, მალე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას,  დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ებრაელი ბიზნესმენები და მიანიშნა, რომ ებრაელი ბიზნესმენების დაპატიმრება გაართულებდა ორი ქვეყნის ურთიერთობას.

საინტერესო ის არის, რომ ებრაელი ბიზნესმენები ამ თანხას მაინც აიღებენ, თანაც დამატებული პროცენტით(>?!) (გადაწყვეტილების აღსრულებამდე ქვეყანას ჯარიმის სახით ყოველთვიურად 350.000 დოლარი ერიცხება).

არჩილ კბილაშვილი, ებრაელ ბიზნესმენთა ადვოკატი: "არსებობს იძულებითი გადახდის მექანიზმი. აღსრულებას შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიერი ანგარიში ან ქონება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული და ახლა პროცედურული ნიუანსები წყდება. აპრილში პროცედურული განხილვა გაიმართება.

როგორც კი საერთაშორისო-საარბიტრაჟო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ის იძულებით აღსრულდება საქართველოს ხელისუფლების სურვილის მიუხედავად.

ბრალდებულები ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას. არც სასჯელის ზომას აუღელვებია ისინი, რადგან ხუთ წელს მიუსჯიდნენ თუ რვას, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. რა ფორმითაც უნდა გაგრძელდეს დავა, ყველა შემთხვევაში მათი ციხეში ჯდომა გაცილებით ხანმოკლე იქნება, ვიდრე სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ვადა.

ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ, სტრასბურგში კი ცნობილი ბრიტანელი ადვოკატი ჯეფრი რობერტსონი (რომელიც ამჟამად ჯულიან ასანჟის საქმით არის დაკავებული) შეიტანს განაცხადს. ეს საქმე ბრიტანული კვოტით იქნება შეტანილი, რაც საქმის დაჩქარებულ განხილვას ნიშნავს. რადგან სტატისტიკური მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში გამამტყუნებელი განაჩენების პროცენტი 99,96-ია და შემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილებებიც წინასწარ ცნობილია, პროცედურის გაგრძელებას საქართველოში აზრი აღარ აქვს".

გენადი ქაჩიბაია, გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი: "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ბიზნესმენებს 90-იან წლებში გაფორმებული ხელშეკრულება შეუწყვიტა, საერთაშორისო სასამართლომ მაინც ბიზნესმენების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობას 100 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

საქმე იმაშია, რომ ებრაელმა ბიზნესმენებმა 90-იან წლებში იოლად მოახერხეს ოფიციალური პირების მოქრთამვა და უსასყიდლოდ დაეუფლნენ ქვეყნის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელ ძირითად სტრატეგიულ ობიექტებს".

საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი რამ: სად არიან ის პირები, რომელთაც ბიზნესმენები თავის დროზე გაურიგდნენ? ის ხალხი რატომ არ უმშვენებს გვერდს ფუქსსა და ფრენკელს? სავარაუდოდ, ამ საკითხის სამართლებრივ დონეზე წამოწევა და მისი გამოძიება არც დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას აძლევს ხელს.

არჩილ კბილაშვილი: "საქმეში ლაპარაკი არ არის მონოპოლიასა თუ წარსულზე, სამაგიეროდ, საქმეში დევს ერთი საინტერესო "აღსარება". 14 ოქტომბერს "საქნავთობის" ყოფილ დირექტორს რევაზ თევზაძეს მოულოდნელად აღეძრა სურვილი პროკურატურისთვის აღსარება ეთქვა. გამომძიებლის კითხვაზე, ოდესმე ქრთამი ხომ არ აგიღიათო, ის პასუხობს, ჩემი ასაკიდან  და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვაღიარო, რომ მოხდა ასეთი რამ.

ამ ბიზნესმენებისაგან 25 ათასი დოლარი მაქვს აღებული ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდო. რატომ მოუნდა 80 წლის კაცს აღსარების ჩაბარება პროკურატურისთვის, ამის კითხვა გვინდოდა და ვერ მოვახერხეთ, პროკურატურამ წარმოადგინა მისი ავადმყოფობის ცნობა და განაცხადა, რომ  მისი სასამართლოზე გამოცხადება დაუშვებელი იყო. მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობას ხელი არ შეუშლია პროკურატურისთვის 80 წლის თევზაძე პროკურატურაში მიეყვანათ და ეს ჩვენება გამოეძალათ. ჩვენ მისი ვიდეოდისტანციით დაკითხვა მოვითხოვეთ, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს. მიუხედავად ამისა, ამ აღიარებას სამართლებრივი მსვლელობა არ მისცემია".