შემზარავი რეალობა - კვირის პალიტრა

შემზარავი რეალობა

გაოგნებული ვარ დედა-შვილ ოჩხიკიძეების არაადამიანური საქციელით. თურქები კარგი თვალით არასდროს გვიყურებდნენ, ახლა - მით უმეტეს. მე ოჯახში ვმუშაობ, ავადმყოფ ქალს ვუვლი, ჩემი და კი ორ მცირეწლოვან ბავშვს. ორი დღეა თბილისში ჩამოვედით - დეიდა გარდაგვეცვალა.

გუშინ დილით ჩემს დას დაურეკა ოჯახის დიასახლისმა და უთხრა, - აღარ ჩამოხვიდე. ქართველი ქალები ნარკოტიკების ბარიგები ხომ ხართ, ახლა ბავშვების მკვლელებიც გახდითო და  ტელეფონი გაუთიშა. ამ ამბით, ჩემი დის მსგავსად, იცით, რამდენი ადამიანი დაზარალდება? რა ვქნათ, სად წავიდეთ? სტამბოლში მაღაზიაში შესვლა არ მინდოდა.

ვინც გვიცნობდა, რომ ქართველები ვართ, ხმამაღლა გვლანძღავდნენ. მერე შეიძლება ქუჩაში დაგვხვდნენ. 20 წელი მასწავლებელი ვიყავი და ბავშვებს სულ იმას ვეუბნებოდი, ღირსეული ერი ვიყავით-მეთქი. რატომ უნდა გვქონდეს ქვეყანაზე სულ თავი მოჭრილი?

ირინა

"ბავშვები, აი ჩვენი  ყველაზე დიდი სიმდიდრე, ისინი მომავალში დიდი თურქეთის მშენებლები იქნებიან", - ამაყად ამბობდა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი  მუსტაფა ქემალ-ფაშა ათათურქი და მთავრობას ბავშვებზე ზრუნვისკენ მოუწოდებდა.

ქვეყანაში, სადაც 23 აპრილი - ბავშვთა დღე, თავისი მნიშვნელობით რელიგიურ დღესასწაულებთან არის გათანაბრებული, ყველაზე დაუცველნი მაინც ბავშვები არიან...

მკვლელობა ღირსების დასაცავად - სწორედ ამ დანაშაულს ეწირებიან მოზარდი გოგონები თურქეთში. ორიოდე წლის წინ 16 წლის გოგონა მშობლებმა საქათმეში ცოცხლად დამარხეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქუჩაში ბიჭებთან მოლაპარაკე დაინახეს. წელიწადში 200 მსგავსი დანაშაული ხდება. ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ხშირად პატარა ბავშვებიც ხდებიან, რომლებსაც ცემით და წამებით თავად მშობლები კლავენ. ბავშვთა მკვლელობამ ისეთი ხასიათი მიიღო, რომ თურქეთის საზოგადოება ხელისუფლებისგან  სიკვდილით დასჯის აღდგენას მოითხოვს.

2011 წლის 29 მარტს სტამბოლის გარეუბანში პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები -   დედა-შვილი ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეები დააკავა. ისინი 11 წლის  ფირათ სეზერის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ეკატერინეს თავის გერთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ერთ-ერთი მორიგი კონფლიქტის დროს ვიოლა ოჩხიკიძემ 11 წლის  ბიჭს ჯერ თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა (რასაც ეკატერინე ოჩხიკიძეც ესწრებოდა), შემდეგ უკვე გარდაცვლილი ბავშვი დაანაწევრა და ტომარაში ჩაყარა - უნდოდა, ქუჩის სანაგვეში ჩაეგდო.

სწორედ ამ დროს შეამჩნიეს მეზობლებმა და პოლიცია გამოიძახეს. ფირათ სეზერის მკვლელობამ თურქეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. აღშფოთებული მოსახლეობა მკვლელების  სიკვდილით დასჯას ითხოვს. ეკატერინე ოჩხიკიძე 33 წლის ტაჰან სეზერის მესამე ცოლია, მათ  საერთო შვილიც  ჰყავთ - წლინახევრის გოგონა.

ია, ავტობუსის გამცილებელი: "ვიოლა ოჩხიკიძეს ჩვენი ავტობუსით  რამდენჯერმე უმგზავრია სტამბოლამდე, მარტო დადიოდა. როგორც მახსოვს, ოჯახში მუშაობდა მომვლელად. ცოტა უცნაური ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სხვა გამცილებლებსაც უთქვამთ, - ძალიან ნერვიული ქალი ჩანსო. ეტყობა, მერე შვილიც წაიყვანა სამუშაოდ, მერე კი, როგორც ჩანს, ისე მოხდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ქალიშვილი გაათხოვა".

მომხდარით გაოგნებულები არიან ეკატერინე ოჩხიკიძის თბილისელი ნაცნობები. მათი თქმით, ეკატერინე კონსერვატორიაში  ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საოპერო მომღერლად ითვლებოდა. მე-3 კურსის დახურვის შემდეგ ეკატერინემ გერმანიაში წასვლის და იქ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. მეგობრებსაც ის დღემდე ბერლინში ეგულებოდათ (გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიოლა ოჩხიკიძე სინამდვილეში ეკატერინეს დედა კი არა, დეიდაა).

ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეებს ბრალი უკვე წაუყენეს და სტამბოლის ციხეში გადაიყვანეს. მათ ინტერესებს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები დაიცავენ. თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თაAნახმად, უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომელმაც დანაშაული თურქეთის ტერიტორიაზე ჩაიდინა, პასუხსაც თურქული კანონების შესაბამისად აგებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოჩხიკიძეებს მთელი სიცოცხლის გატარება თურქეთის ციხეში მოუწევთ.

სტამბოლის ციხე

"აქ ალაჰი არ არსებობს" - ასეთ წარწერას ხშირად ნახავთ ციხეების კარებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი ჯოჯოხეთია და თუ იქ მოხვდები, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო...

"იმ პერიოდის გახსენება არ მინდა. გაუსაძლისი სიტუაციაა, დახუთულ საკანში 30 კაცი ვიყავით და სუნთქვის საშუალებაც არ გვქონდა, ნახევრად მშივრები... იქაური საჭმლის ჭამას შიმშილით სიკვდილი ჯობს. ხშირად მესმოდა, როგორ აწამებდნენ პატიმრებს, ციხეში მაღაზია არ არის, რომ სასმელი წყალი მაინც იყიდო, ონკანის წყლის დალევა კი ძალიან საშიშია. ქართველებს ცუდი თვალით გვიყურებენ, ჩვენთვის აკრძალული იყო წიგნების და ამანათის შემოგზავნა. პატიმრებს შორის ხშირად ხდება კონფლიქტი, საქმე დაჭრამდეც მიდის, მაგრამ ციხის თანამშრომლები ამაზე თვალს ხუჭავენ", - იხსენებს ზურა, რომელიც სასჯელს ქურდობისთვის სტამბოლის ციხეში იხდიდა.

თურქეთის ციხეში არსებული მდგომარეობა ხშირად გამხდარა ევროკავშირის კრიტიკის საგანი. 2006 წელს წამებით 29 ადამიანი გარდაიცვალა, პატიმრებს დამატებით სასჯელად ჯოხით სცემენ ქუსლებზე, ადგილი აქვს სექსუალური ძალადობის ფაქტებს და სხვ.

თურქეთის ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრებისთვის გაითვალისწინა ევროკავშირის რეკომენდაციები და 2002 წელს სიკვდილით დასჯა გააუქმა, თუმცა დასაშვებად მიიჩნია თურქეთში სამხედრო მდგომარეობის ან საომარი მოქმედების დროს სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლზე სიკვდილით დასჯის აღდგენა. მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა, აღდგეს სიკვდილით დასჯა, თურქეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, არასდროს დაეთანხმება ამ მოთხოვნას...