მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ ბარაქ ობამას - კვირის პალიტრა

მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ ბარაქ ობამას

ასლი გაეგზავნოს: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს; აშშ დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს; ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში;  "The New york Times-ს, "The washington post"-ს და სხვა გამოცემებს

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო! მოგმართავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანონოდ დევნილი, პატიმარი ცოტნე გამსახურდია. უკვე თითქმის წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ციხის სამარტოვო საკანში გახლავართ იზოლირებული შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე. ჩვენს რეგიონში საქართველო აშშ-ის ერთ-ერთ მოკავშირედ ითვლება და, ვფიქრობ, დაგაინტერესებთ ქართული რეალობის ალტერნატიული აღწერა, განსხვავებული იმ პიარვერსიებისაგან, რომლებითაც საქართველოს ხელისუფლება უხვად ამარაგებს საერთაშორისო საზოგადოებას.

მოგეხსენებათ, მსოფლიო პოლიტიკაში არ არის მიღებული კონკრეტულ ნეგატიურ ფაქტებზე ვრცლად საუბარი, რასაც საფუძვლად უდევს ადამიანის ქვეცნობიერი სურვილი - სჯეროდეს, რომ ყველაფერი ნეგატიური გამოსწორებას ექვემდებარება და მომავალს იმედის თვალით უნდა ვუყუროთ. მაგრამ ფაქტები, რომელთა შესახებ მსურს გესაუბროთ, საქართველოს რეალობისა და ხელისუფლებისათვის ტიპიურნი გახლავან და არა - ერთეული შეცდომა-გადაცდენები. და ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს რაიმე ოპტიმიზმის საფუძველი არ გაგვაჩნია, დავარღვევ ზემოხსენებულ ტაბუს და მოგითხრობთ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ ევფემიზმების, შელამაზებისა თუ გადაჭარბების გარეშე.

ბატონო პრეზიდენტო, საქართველო არის ქვეყანა, სადაც მთავრობა მყისიერად, გაუმჭვირვალედ და უკონტროლოდ ფლანგავს მილიარდობით დოლარ საერთაშორისო დახმარებას, საგარეო ვალს თუ საბიუჯეტო სახსრებს; სადაც პრეზიდენტი და სხვა უმაღლესი რანგის მოხელეები ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავენ სახლებისა და ფუფუნების საგნების შეძენაში; სადაც პოლიციელები ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს კანონის წინაშე ყოველგვარი პასუხისმგებლობის აცილებით და თუ მაინც მოუწიათ გასამართლებამ, რამდენიმე წელიწადში მათ პრეზიდენტი იწყალებს;

სადაც პრეზიდენტის სახოტბო ჰიმნის ავტორი მომღერალი გარემოს დაცვის მინისტრად ინიშნება, ხოლო განათლების მინისტრი საჯაროდ ემუქრება ღვაწლმოსილ პედაგოგებს მათი სისხლის დალევით; სადაც 2010 წელს მიღებული 12000 სასამართლო განაჩენიდან მხოლოდ 7(!) აღმოჩნდა გამამართლებელი. ვფიქრობ, საკმარისია - თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მდგომარეობაშია ქვეყანა, რომლის მცხოვრებთ ამ ყველაფრის გაპროტესტება აღარ ძალუძთ, ხოლო ხელისუფლება არც ფიქრობს რაიმეს შეცვლას - იგი, უბრალოდ, არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე.

საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში არ არსებობს  დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პირობები. არ არსებობს თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. გარდა ამისა, ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით სახელისუფლებო პარტიას განუზომლად დიდი უპირატესობა აქვს:

მის მხარესაა მთელი სახელმწიფო სისტემა (ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული), ყველა ნაციონალური ტელეარხი (საქართველოში რესპუბლიკის მასშტაბით მაუწყებელი დამოუკიდებელი ტელეარხი, ფაქტობრივად, არ არსებობს), ხელისუფლებისაგან დატერორებული თუ მისი ფრთის ქვეშ მყოფი ბიზნესსტრუქტურები და, წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ბიუჯეტიც.

ოპოზიციური პარტიები არათუ მოკლებულნი არიან მათი კანონიერი უფლებების განხორციელებას, მუდმივად ხდებიან ტერორის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ტოტალური მოსმენებისა და თვალთვალის მსხვერპლნი. ბოლოს, საქართველოში სუსტია სამოქალაქო სექტორი, რომელმაც ზედამხედველობა და კონტროლი უნდა გაუწიოს მოქალაქეთა და ჯგუფების უფლებების დაცვას. აქ მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გარდა ე.წ. "სამთავრობო არასამთავრობოებისა", გასაგები მიზეზების გამო არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური, ინფორმაციული თუ ორგანიზაციული რესურსები.

უნდა ითქვას, რომ ქართველ საზოგადოებას თავისუფლების გამოცდილება თითქმის არ გააჩნია. აბსოლუტიზმი და ფეოდალიზმი აქ საბჭოთა ტოტალიტარიზმმა ჩაანაცვლა, ხოლო სსრკ-ის დაშლის შემდეგ სამხედრო გადატრიალებამ, ტერიტორიულმა კონფლიქტებმა, ტერორისა და დიქტატურის წლებმა გამორიცხა ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

2003 წლის ნოემბერში საქართველოში ე.წ. "ვარდების რევოლუცია" მოხდა, რომლის შემდეგ, საერთაშორისო ძალისხმევით, შესაძლებელი იყო, ქვეყანას პროგრესის რეალური შანსი ჰქონოდა. საიდუმლო არ არის, რომ "ვარდების რევოლუციის" სულისჩამდგმელები იყვნენ ჯორჯ ბუში-უმცროსი და რამდენიმე გავლენიანი ნეოკონსერვატორი. მაგრამ ნაცვლად ქართველი სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა, მათ სააკაშვილი დემოკრატიის ვარსკვლავთბიჭუნად გამოაცხადეს და ავანსად უპირობო დიპლომატიური, ფინანსური და ინფორმაციული მხარდაჭერა უბოძეს გაურკვეველი დამსახურებებისათვის.

ავტორიტარიზმისაკენ გადადგმულ მის ნაბიჯებს ახალგაზრდობითა და "რეფორმატორული ჟინით" ხსნიდნენ და თვალს ხუჭავდნენ რეფორმების ზედაპირულ, ფასადურ ხასიათზე. დღესაც, ამგვარი წარსული დამოკიდებულების, ასე ვთქვათ, ინერციით სააკაშვილის და ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა ამერიკული მხარის ნებისმიერ პოზიტიურ ჟესტს პირად მხარდაჭერად ასაღებს.

ასეთი მფარველობით გამამაცებული სააკაშვილი ძალიან მალე ავტოკრატად ჩამოყალიბდა, მასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრი "ახალგაზრდა დემოკრატები" ხელისუფლებაში გადაბარგდნენ და იქცნენ ავტორიტარიზმის აპოლოგეტებად,  ხოლო თავად ეს ორგანიზაციები - ხელისუფლების დასაყრდენად. შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ბუშის ცუდად გათვლილი საგარეო პოლიტიკური წამოწყება კრახით დამთავრდა. XXI საუკუნეში ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიად შეფუთული 1970-იანი წლების საბჭოთა სისტემისა და ნომენკლატურული კაპიტალიზმის ჰიბრიდი შეგვრჩა.

სამწუხაროდ, ქართველ ხალხს არ ეყო ძალა და გონიერება საკუთარი უფლებების დასაცავად. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ცვლილებების ქარი გარედან ქროდა და ლიბერალური უფლება-თავისუფლებები საზოგადოებას მიზანმიმართული, აქტიური სამოქალაქო ძალისხმევით არ მოუპოვებია. ბევრი ადამიანი დღემდე ჯეროვნად ვერ აცნობიერებს მათ მნიშვნელობას პიროვნებისა თუ საზოგადოებისათვის. ამავე დროს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და ამწუთიერი სარჩო და მოსალოდნელ დაბრკოლებათა შიში მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და რეალურია, ვიდრე "აბსტრაქტული" უფლებები.

საგულისხმოა, რომ ხელისუფლება დღემდე ოსტატურად სარგებლობს ქვეყანაში გამეფებული მატერიალური სიდუხჭირითა და ნიჰილიზმით და არჩევნებიდან არჩევნებამდე სულაც არ იწუხებს თავს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების რეალურად გადაწყვეტით. პირიქით, რიგ შემთხვევებში შთაბეჭდილება რჩება, რომ შეგნებულად უწყობს ხელს მოსახლეობის მდგომარეობის დამძიმებას.

დღესდღეობით, ბუნებრივია, ავტორიტარული  მმართველობის შედეგად გადაუჭრელი, მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები იჩენს თავს. შექმნილ ვითარებაში სააკაშვილს დღითი დღე უძნელდება ძალაუფლების შენარჩუნება და ლოგიკურია, რომ კანონმდებლობა და სახელისუფლებო ინსტიტუტები სულ უფრო დრაკონულნი და არადემოკრატიულნი ხდებიან. ჩვენ თვალწინ ავტორიტარული მმართველობა ტოტალიტარულად გარდაიქმნება და ცხოვრების ყველა სფეროს დამორჩილებას ცდილობს: სამედიცინო თუ სასწავლო დაწესებულებები, კულტურის სფერო თუ რელიგიური ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი და კერძო ბიზნესსტრუქტურები ხელისუფლების ტოტალურ კონტროლს ექვემდებარებიან. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ამ გზით შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას.

სააკაშვილის რეჟიმის განმტკიცებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქართული სასამართლო. საქართველოში კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა არ არსებობს. კანონის მთელი სიმკაცრე მიმართულია ხელისუფლების ოპონენტებისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ; ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ახლობლები აქ კანონზე მაღლა დგანან. სასამართლო შსს-სა და პროკურატურასთან ერთად, ფაქტობრივად, ერთ მთლიანობას წარმოადგენს და ამ დაწესებულებებს შორის რაიმე ურთიერთკონტროლსა თუ ზედამხედველობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მოსამართლეს, როგორც წესი, უცვლელად გადააქვს განაჩენში შსს-სა და პროკურორის მიერ შედგენილი ბრალდებების ფაბულა და უბრალოდ, "ამოწმებს" მას.

ყოველგვარი საერთაშორისოდ აღიარებული იურიდიული ნორმა აქ უგულებელყოფილია, ყოველგვარი ეჭვი, ტრადიციულად, პროკურატურის სასარგებლოდ წყდება. უდანაშაულობის პრეზუმფცია ქართულ სასამართლოში, ფაქტობრივად, არ არსებობს და მტკიცების ტვირთი ბრალდებულს აწვება, ხოლო რაიმეს დამტკიცება აქ შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, საქართველოში უამრავი პოლიტიკური და უკანონო პატიმარია და პოსტსაბჭოთა სივრცეში ქვეყანა ლიდერობს ევროსასამართლოში შესული საჩივრების რაოდენობით. მათი რიცხვი იმდენად დიდია საქართველოს მასშტაბის გათვალისწინებით, ხოლო დარღვევები - იმდენად აშკარა და თავხედური, რომ შეუძლებელია, ეს მრავალრიცხოვნება მართლმსაჯულების შეცდომებს მივაწეროთ. ქართული სასამართლო, შეიძლება ითქვას, სახელისუფლებო ტერორის ეფექტური ინსტრუმენტია: მძევალი ან გარანტირებულად ციხეში მიდის, ან იძულებულია, შეუსაბამოდ დიდი თანხის საფასურად თავისუფლება იყიდოს.

დავამატებ, რომ ე.წ. "საპროცესო გარიგებების" შედეგად ბიუჯეტში შესული თანხები ყოველგვარი საჯარო, საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე იხარჯება.

ხელისუფლება, ტოტალიტარიზმის საუკეთესო ტრადიციებით, ამ ყველაფერს ხან გარეშე მტრის ფაქტორით, ხან კი "ხალხზე ზრუნვით" ამართლებს. საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში განხორციელებული "რეფორმების" შესახებ ან პიარისთვის დამუშავებულ ინფორმაციულ ნახევარფაბრიკატს აწვდიან, ან - აშკარა ტყუილს.

ხელისუფლება ურცხვად სარგებლობს საკუთარი ფინანსური თუ ორგანიზაციული უპირატესობით და ფაქტით, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის პერიფერიაში მდებარეობს და ჩვენს სუსტ სამოქალაქო სექტორს არ ძალუძს, ოპონირება გაუწიოს სახელმწიფო აპარატს, მათ ლობისტებსა და PR-კონსულტანტებს საერთაშორისო არენაზე.

სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა გარკვეული ისტორიული და პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ შეძლო პლურალიზმისა და მერიტოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის შექმნა, რომელშიც კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანები ქვეყანას პროგრესისა და განვითარებისაკენ წაიყვანდნენ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის თავნება, კორუმპირებული და არაკომპეტენტური ხელისუფლება ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივაა.

სააკაშვილი არ დაუშვებს რეალურ დემოკრატიზაციას (უნდა ითქვას, რომ იგი ფასადური "ნახევარფაბრიკატული" ცვლილებების დიდოსტატია), რადგან მის რეჟიმს არავითარი პროფესიული და მორალური რესურსი აღარ გააჩნია წარმოქმნილ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებთან გასამკლავებლად, ხოლო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეთა პოლიტიკური ჩართულობა მისი დიქტატურის დასასრული იქნება. ჩვენი ღრმა რწმენით, იგი, როგორც ძალაუფლებაზე შეყვარებული ადამიანი, ტოტალიტარიზმსა და დიქტატს არჩევს ძალაუფლების დათმობას. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მთავარი დაბრკოლებაა საქართველოს მომავალი განვითარებისათვის.

მჯერა, რომ დემოკრატიული და განვითარებული საქართველო, რომელიც შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას, დიახაც, შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების გრძელვადიან, სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში. მჯერა, რომ თქვენ იზიარებთ ამგვარ პოზიციას, როგორც ხელისუფლების მიერ რეპრესირებული ადამიანი, რომელმაც პირადად გამოსცადა სააკაშვილის მმართველობის შედეგები, გთხოვთ თქვენ და თქვენს ადმინისტრაციას, შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოთ საქართველოს დაუძლურებულ არასამთავრობო სექტორს და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს ქართულ ოპოზიციაში.

ადამიანი ყოველთვის საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებსო, - იტყვიან მავანნი. ამიტომ დეტალურად არ ვსაუბრობ საკუთარი ბრალდების საქმეთა შესახებ (დღესდღეობით პირადად მე შვიდი სხვადასხვა მუხლით გახლავართ ბრალდებული და ოთხ მათგანთან დაკავშირებით უკვე ორწელიწად-ნახევარია, უშედეგოდ ველოდები სასამართლოს ჩატარებას), არამედ გთხოვთ, დაავალოთ თქვენს სამართლის ექსპერტებს, შეისწავლონ საქართველოში რეპრესირებული, უკანონო და პოლიტიკური პატიმრების საქმეები, და შესაბამისი, ობიექტური შეფასება მისცეთ საქართველოში გაბატონებულ უსამართლობას.

გისურვებთ წარმატებებს და წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.

პატივისცემით, ცოტნე გამსახურდია