ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დისტანციურად გაიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

გიორგი ახლოურის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შემთხვევის დღეს, ძმებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, ბრალდებულმა გიორგი ახლოურმა ძმას მოკვლის მიზნით გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 6 იანვარს, საღამოს საათებში ქ. თბილისში, გ.ა-სა და მის ძმას მ.ა.-ს შორის მათსავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც გ.ა.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მ.ა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა 2021 წლის 6 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

"ინტერპრესნიუსი"