"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის დეტალები
"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში 8 იანვარს, ღამით, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კობა წურწუმიამ საკუთარ მამას, 62 წლის ნიკოლოზ წურწუმიას დანით ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა. მამაკაცი სამწუხაროდ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, შვილმა მას შემდეგ რაც მამა გარდაცვლილი ნახა, მეზობლების თვალწინ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. დაჭრილი ამჟამად ქუთაისში საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა მამა-შვილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. თუმცა მეზობლები და ახლობლები ჯერჯერობით არ საუბრობენ კონკრეტულად რაზე იკამათა მამა-შვილმა.
მომხდარის დეტალებს სამართალდამცავები არკვევენ, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ჯემალ დამენია, მერის წარმომადგენელი სოფელ ლეწურწუმეში:
- სახლში მხოლოდ მამა-შვილი იყო. როგორც ვიცით, დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ნასვამები ყოფილან და ეტყობა წალაპარაკდნენ. ცოტა დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათო, ამბობენ მეზობლები,
მაგრამ ფიზიკური დაპირისპირება ადრე არასოდეს ყოფილა მათ შორის, მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება. კობა მეუღლესთან გაშორებულია და სახლში მამასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა. დედა იმ დროს სახლში არ იყო, თავისი მშობლების სახლში, წალენჯიხაში, სტუმრად ყოფილა წასული. მარტო იყვნენ მამა-შვილი. ნიკოლოზს დანით ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული პირდაპირ გულის არეში და ადგილზე გარდაიცვალა. დანა რომ ჩაურტყავს მამისთვის, მერე გავარდნილა კობა მეზობლებთან, უთქვამს რაც ჩაიდინა და დახმარება უთხოვია. კონფლიქტის მიზეზს ვერ გეტყვით. მე რომ მივედი, კობა წურწმუმია უკვე გადაყვანილი იყო ქუთაისში, იქ ჩაუტარდა ოპერაცია.

მეზობლები ამბობენ, რომ ხმაური არ გაუგიათ. ფაქტი რომ დადგა, ამის მერე იხმო დასახმარებლად მეზობლები, მერე რომ დარწმუნდა მამის სიკვდილში, მეზობლების თვალწინ დაიჭრა თავი თვითონაც, დანა დაირტყა. რამდენიმე დანა იდო თურმე მაგიდაზე, დასტაცა დანას ხელი და მანაც სცადა თვითმკვლელობა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშაობდნენ და იმათმაც თქვეს, რომ მამას ერთი ჭრილობა აქვს პირდაპირ გულში მოხვედრილი ერთი დარტყმითო. კობა არ არის ცუდი ადამიანი, ნასამართლევიც არ არის. სიმთვრალე ჰქონდა ცუდიო. მამა-შვილს უყვარდა დალევა, გარდაცვლილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჭირი იყო თუ ლხინი, ყველას გვერდში ედგა. მართლა კარგი კაცი იყო. შვილზეც იგივეს ამბობს ყველა.

ელდარ ვეკუა, ოჯახის ნათესავი:
- ყველანი შეწუხებულები და შეძრულები ვართ მომხდარით. ჩემი ნათესავები არიან, ცოტა მოშორებით ვცხოვრობ, როგორც კი გავიგე ეს ამბავი, მაშინათვე მოვედი. ფაქტის შემდეგ გვერდით მეზობელთან მისულა კობა და უთქვამს, მიშველეო, დამეხმარეთო. სამი მეზობელი მაშინათვე შესულა სახლში და ნახეს, ადგილზე რომ იყო გარდაცვლილი ნიკოლოზი. შვილი რომ დარწმუნდა მამის სიკვდილში, ამის შემდეგ აიღო დანა და თავისი ხელით დაირტყა, ფილტვები აქვს დაზიანებული, ოპერაცია გაუკეთეს ქუთაისში. არ ვიცით რა მოხდა, რატომ დატრიალდა ეს უბედურება, ყველა გაგიჟებულია. მე არასოდეს გამიგია, რომ მათ შორის ჩხუბი ყოფილიყო. ნასვამები ყოფილან, მამა უფრო მთვრალი იყოო. კობა პირადად არ მინახავს, მე რომ მივედი სასწრაფოში სვამდნენ დაჭრილს. სასწრაფო მამის გამო ჰყავდათ გამოძახებული და იმან მოუსწრო კობას, თორემ ვერც ის გადარჩებოდა. ერთი ძმა ჰყავს, თბილისში ცხოვრობს და იქ გაიგო ეს ამბავი. მოკლული ისეთი კარგი ადამიანი იყო, ჭიანჭველას ფეხს რომ არ დაადგამდა ისეთი კაცი. მეზობლებს ხმაური და ჩხუბი არ გაუგიათ, აქ მჭიდრო დასახლებაა და ჩხუბი რომ ყოფილიყო, გაიგებდნენ.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

გიო
10 იანვარი 2021 00:28
რამდენი უბედურება მოაქვს ალკოჰოლს და ვერ ველევით მაინც ქართველები..
დამკვირვებელი
09 იანვარი 2021 18:26
სამყარო თავზე გვექცევა ხალხო! მკვლელობაა და მკვლელობაც! არ გაგონილი ძალადობა და არდანდობა ოჯახის წევრებს შორის! არნახული!
21
09 იანვარი 2021 14:10
ვერ გავიგე რა გვჭირს? რა გვეშველება? ასეთი ფეთქებადი ადამიანები? ეს გამოძახილია არასწორი აღზრდაგანათლების. სკოლიდან, ბაღიდან უნდა ხდებოდეს პიროვნების ჩამოყალიბება. ასევე აღმზრდელობით დაწესებულებებში კი პროფესიონალი ფსიქოლოგები უნდა მუშაობდენ. ისე ალბათ არაფერი გვეშველება. სასმელი , ნარკოტიკი ხომ ანადგურებს ტვინს. ამდენი საშინელები მომსწრენი გავხდით ამ დღეებში, ანალიზები გასაკეთებელია. ვერ არის ერი ჯანმრთელად, ყველგან ძალადობა,სიძულვილი, დაუნდობლობა გადმოედინება , ტელევიზიებიდან ხომ საერთოდ. რაღაც უნდა შეიცვალოს, შემეცნებითი პროგრამები უნდაჭარბობდეს, . მოკლედ ძალიან ცუდი ხდება ჩვენს თავს და ვერ მივხვდით კიდე ბოლომდე. განათლება მისახედია , ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს სისტემა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები