"ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მე მისი მოკვლა არ მდომებია" - კვირის პალიტრა

"ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მე მისი მოკვლა არ მდომებია"

"მიშიკოს გონება არ დაუკარგავს. მარადი, ეს შეგვემთხვა და ცუდად ვარო, უთქვამს მამისთვის. ტახტზე იყო მიწოლილი "სასწრაფოს" მოსვლამდე"

"მე ჩემი ძმის არც განზრახ მკვლელობა, არც განზრახ დაზიანება არ მინდოდა, ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, შემთხვევით მოხვდა დანა. მე მისი მოკვლა არ მდომებია", - მხოლოდ ეს სიტყვები თქვა სასამართლო პროცესზე 21 წლის გიორგი ახლოურმა, რომელიც საკუთარი ძმის, 19 წლის ფეხბურთელის, მიშო ახლოურის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა, ბრალდებულის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე კი შემთხვევითობაზე ლაპარაკობს. მან მოსამართლეს 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლება სთხოვა, თუმცა მოსამართლემ გიორგი ახლოურს პატიმრობა შეუფარდა. ის ახლა უმძიმესი ბრალდებით გლდანის ციხეშია და გამოძიების დასრულებას იქ დაელოდება.

შემზარავი ფაქტი 5 იანვრის ღამეს, ქეთევან წამებულის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში მოხდა. იმ საბედისწერო დღეს ძმებს შორის უმნიშვნელო მიზეზით დაწყებული კამათი დიდი ტრაგედიით დასრულდა. ახლოურების ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. ვერ წარმოუდგენიათ, გიორგის ძმა განზრახ მოეკლა. სამართალდამცავებმა ძმის მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააპატიმრეს. მას მიმალვა არ უცდია, პოლიციას თავად ჩაბარდა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი - სამზარეულოს დანა, რითაც ახალგაზრდა დაიჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ახლოურს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეიცვლება თუ არა კვალიფიკაცია, მოგვიანებით გაირკვევა. თამარ გაჩეჩილაძე სწორედ ამას ითხოვს.

თამარ გაჩეჩილაძე, საზოგადოებრივი ადვოკატი: - გიორგი ძმის განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ტრაგედიის შემდეგ მისი ემოციური და სულიერი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ეს იყო უბედური შემთხვევა, დიდი ტრაგედია და არა - დანაშაული. ძმისთვის სასწრაფო გიორგიმ გამოიძახა. 4-ჯერ დარეკა, რადგან "სასწრაფო" მოსვლას აგვიანებდა, თან ოპერატორს ეკითხებოდა, მასწავლეთ, რით შეიძლება ჩემს დაჭრილ ძმას დავეხმარო მათ მოსვლამდეო. ის ძმის გადარჩენას ცდილობდა და ვფიქრობ, დროული სამედიცინო დახმარება რომ აღმოეჩინათ, შეიძლება ბიჭი გადარჩენილიყო. "სასწრაფომ" დააგვიანა და ეტყობა, სისხლისგან დაიცალა. ბრალდებულს ემოციური მდგომარეობის გამო საუბარიც კი უჭირს. გარდაცვლილი ფეხბურთელი იყო. თვითონ ბრალდებულიც წარმატებული ახალგაზრდაა, სკოლა გერმანიაში აქვს დამთავრებული. ბოლო სამი წელი გერმანიაში სწავლობდა. არაჩვეულებრივად იცის ენები. ამჟამად გაყიდვების აგენტად მუშაობს. არანაირი კრიმინალური წარსული არ აქვს. ძმებს შორის სერიოზული კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახის წევრებიც დაკითხეს, თუმცა მათ ძმების ურთიერთობაზე განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ. ეს არ არის განზრახ მკვლელობა.

მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, არაერთი სატელევიზიო სიუჟეტიც გადაიცა, თუმცა ახლოურების ნათესავები ამბობენ, რომ მედია მომხდარს არასწორად აშუქებდა.

მარიამ ჩიტიშვილი, ბიძაშვილი: - ძალიან ცუდია, რომ ჟურნალისტები ასე აშუქებენ მომხდარს. თითქოს ჩვენი ტრაგედია და უბედურება არ გვყოფნის და ახლა ცრუ ინფორმაციებიც ვრცელდება. რაც მოხდა, შემთხვევითობა იყო. ძმები არასოდეს ჩხუბობდნენ. ბიჭების მამა ტაქსის მძღოლია, დილის 5 საათზე დგება, რომ იმუშაოს. ადრე ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება - ახლა ტაქსის მძღოლად მუშაობს. იმ ღამით სახლში დაღლილი მივიდა, მიშომ ჩაი მოუმზადა. ამის შემდეგ მარადი დასაძინებლად გავიდა და ჩაეძინა. ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ, იმ ღამით რომ ეჩხუბათ, მამას გაეღვიძებოდა, რადგან პატარა ბინა აქვთ.

ტელევიზორის ხმის აწევა-დაწევის გამო მოხდა კამათი. გიორგიმ მიშოს სთხოვა, ტელევიზორს დაუწიე, უნდა დავიძინო, დილით ადრე უნდა ავდგე და სამსახურში წავიდეო. გიორგი გერმანულ კომპანიაში მუშაობდა, ყოველთვე აწინაურებდნენ. ეს ბიჭები არც სვამდნენ, არც სიგარეტს ეწეოდნენ. სპორტს მისდევდნენ და წარმატებულებიც იყვნენ, არადა სოციალურ ქსელში საშინელი კომენტარები იწერება.

მიშოს ჰყავდა ძაღლი ლუსი, რომელიც ძალიან უყვარდა, რამდენჯერმე რომ სთხოვა გიორგიმ, ტელევიზორისთვის დაეწია და არ დაუწია, დანა აუღია და კაბელი გადაუჭრია, ძმები წაკამათდნენ. ძაღლმა ეს რომ დაინახა, გიორგის ყეფა დაუწყო. ნახე ახლა შენს ძაღლს რა ვუქნაო, უთქვამს და ძაღლს მოუქნია თურმე დანა, მაგრამ შემთხვევით მიშოს მოხვდა. ორი არაჩვეულებრივი ბიჭი დაკარგეს მშობლებმა. ნეტავ, გერმანიაში დარჩენილიყვნენ! გიორგი სპორტსმენია, გერმანიის ჩემპიონი იყო კიკბოქსინგში. ხელს გაიქნევდა და ეს საკმარისი იქნებოდა. რაში სჭირდებოდა დანა?! ჭიანჭველას რომ ფეხს აარიდებდნენ, ისეთი ბავშვები იყვნენ. მერე მამა გააღვიძეს. მიშიკოს გონება არ დაუკარგავს. მარადი, ეს შეგვემთხვა და ცუდად ვარო, უთქვამს მამისთვის. ტახტზე იყო მიწოლილი "სასწრაფოს" მოსვლამდე, გიორგიმ "სასწრაფოს" შემდეგ დაურეკა მამიდას, რომელიც იქვე ცხოვრობს, მამიდა და ბებია გამოიქცნენ, მაგრამ პოლიციამ ოჯახის წევრებს უფლება არ მისცა, ბავშვს საავადმყოფოში გაჰყოლოდნენ - მაშინვე დასაკითხად წაიყვანა. ბავშვი უპატრონოდ დააგდეს კლინიკაში. ბავშვი გონებას კარგავდა, ესენი კი დაკითხვას უწყობდნენ!

გიორგი სახლიდან წაიყვანეს. მან მაშინვე აღიარა, რაც მოხდა. ბებია და მამიდა ამბობენ, რომ მოვედით, ექიმები უკვე ზევით ადიოდნენ და კიბეზე შევხდითო. საუკეთესო ოჯახი აქვთ, ახლა არიან ნაქირავებში, თორემ ბინებიც ჰქონდათ და მაღაზიებიც... წლების მანძილზე მთელი ოჯახი საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული, მერე კი დაბრუნდნენ. ბავშვები სიხარულით წამოვიდნენ საქართველოში. პირველი მიშო ჩამოფრინდა, აქ ავიწყობ ცხოვრებასო. თქვენ არ იცით, როგორი შვილები დაკარგა ოჯახმა! არ იცით, რას გავუსწორეთ თვალი და ნურავინ დაწერს ამდენ სიცრუეს.

ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ვისთანაც ერთ ან მეორე ძმას კონფლიქტი მოსვლოდეს. ხუთი დედმამიშვილია. უფროსი გიორგია, მერე იყო მიშო, სამი კი პატარა ჰყავთ - 12 წლის, 7-ის და 5-ის. მამამისმა თქვა, რომ ვიცოდე, ჩხუბობდნენ, პრობლემები ჰქონდათ და ჩემმა შვილმა ეს განზრახ ჩაიდინა, მისკენ არც გავიხედავდიო. ჯერ გარდაცვლილს მივხედავ და მერე ავუყვან ადვოკატს, ერთის დამკარგავი ორ საუკეთესო შვილს ვკარგავო.

დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, მამისთვის მიუცია თავისი ბანკის ბარათები, ფული გამოიყენე, ოღონდ ჩემი ძმა გადაარჩინეო, მაგრამ ვინ მისცა ამის საშუალება მამას - პოლიციაში წაიყვანეს და კლინიკაში არ გაუშვეს, რომ შვილისთვის მიეხედა!"

ბიჭების მამა მარად ახლოური ამბობს, რომ მიშოს საოპერაციოში შეყვანა დაგვიანდა, რადგან მას გამომძიებლები კითხავდნენ და ითხოვს კლინიკის ჩანაწერების ამოღებას.

კლინიკაში კი ამბობენ, რომ როცა მათთან მიიყვანეს, დაჭრილი უგონოდ იყო. 7 წუთში ის საოპერაციოში შეიყვანეს, მართვით სუნთქვაზეც გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

მამამ ჟურნალისტებთან ურთიერთობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც, მისი თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მარად ახლოურიც ადასტურებს, რომ ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

"9 საათზე, როდესაც კომენდანტის საათი იწყებოდა, სახლში მოვედი. მიშიკოს მისაღებ ოთახში"ტელევიზორი ჰქონდა ჩართული... დავწექი და დაახლოებით 10 საათზე დავიძინე. უცებ მიშიკო მაღვიძებს და საძინებლის წინ დგას - მამა, მიშველე, დამჭრაო. თვალი რომ გავახილე და სისხლი დავინახე, არ ვიცი, რა გავაკეთე. წამოვხტი, გიორგი სამზარეულოდან გამოვიდა. ამბობდა, ცუდად ვარო. მერე გავიგე, რომ ტელევიზორის კაბელზე ყოფილა ჩხუბი. გიორგის უთქვამს გამორთე ტელევიზორი, მეძინება, დილით წასასვლელი ვარო. არ ვიცი, რა მოხდა, არ გამორთო თუ რა იყო, ან რა წაილაპარაკეს, არ გამიგია და არ ვიცი.

რაც დავინახე, არ იყო ღრმა ჭრილობა. დანა აუღია იმისთვის, რომ მიშიკოსთვის ტელევიზორის კაბელი გადაეჭრა... ძაღლისთვის მოქნეული დანა მოხვდა მიშიკოს... გიორგი რეკავდა "სასწრაფოში". ერთხელ დარეკა, მერე კიდევ რამდენჯერმე. "სასწრაფო" რომ მოვიდა და ჩვეულებრივ ჩავიყვანეთ მე და გიორგიმ. განზრახ მკვლელობა არ მომხდარა. უბედურება დაემართა ჩემს ოჯახს", - აცხადებს ბიჭების მამა მარად ახლოური.

მიშო ახლოური ერთხანს გუნდ "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო, გიორგი შაქარაშვილთან ერთად თამაშობდა. უახლოესი მეგობრები ყოფილან და ძალიან განიცდიდა მის გარდაცვალებას. ამჟამად "გაგრაში" თამაშობდა. მის მეგობრებს მკვლელობაზე საუბარი უჭირთ. ყველა ამბობს, რომ მათთვის წარმოუდგენელია, ძმას ძმა სასიკვდილოდ გაემეტებინა.

"გიორგი შაქარაშვილთან მეგობრობდა"

გიორგი ჟვანია, ფეხბურთელი, მიშოს მეგობარი: - მიშოსთან და თანაგუნდელებთან ერთად 2019 წლის 21 თებერვალს თურქეთში წავედით შეკრებაზე. მაშინ არ ვიცოდი, მიშო როგორი ადამიანი იყო, რადგან ჩვენს გუნდში ახალი მოსული იყო და კარგად არ ვიცნობდით. გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო. თურქეთში 10 დღეში ისე კარგად გავიცანი, მივხვდი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო. ჩემი ოთახის გვერდით ოთახში გიორგი შაქარაშვილთან ერთად ცხოვრობდა. მას მერე ძალიან მიხაროდა მისი დანახვა და მასთან ურთიერთობა. ვისხედით ხოლმე ბიჭები ერთად და ვლაპარაკობდით ჩვენს გეგმებზე. მელაპარაკებოდა თავის მიზნებზე. ისევ გერმანიაში აპირებდა დაბრუნებას, დიდი მომავლის შექმნაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ტრაგედია მოხდა... ძალიან მტკივა გული.

ჩემზე ერთი წლით უფროსია. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან ალალი და მაგარი ბიჭი, რომელსაც დიდი გეგმები განუხორციელებელი დარჩა. ცუდს ვერასოდეს გაიგებდი მისგან, ისევე, როგორც ჩვენი მეგობარი შაქარასგან. ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ - გუნდში ნახევარ დღეს ერთად ვატარებდით. რომ იტყვიან, ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამსო, ისეთი იყო. ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება, როგორც კარგი მეგობარი. მერე სხვადასხვა გუნდში გადაგვანაწილეს, მაგრამ ურთიერთობა მაინც გვქონდა. თამაშებზეც ვხვდებოდით ერთმანეთს...

როგორც ვიცი, გერმანიაში ცოტა ხანი ითამაშა, მაგრამ საბუთი ვერ გავაკეთე და აქეთ ჩამოსვლამ მომიწიაო, ამბობდა. კონფლიქტური არ იყო. ხანდახან თამაშის დროს ფეხს მოგარტყამენ და ამის გამო ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება ხდება, მაგრამ მსგავსი რამ მიშოსგან არასოდეს გამიგია.

გიორგი შაქარაშვილთან მეგობრობდა, გუნდის მერეც ჰქონდათ ურთიერთობა, რადგან ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ. გიორგის ამბავს ყველა განვიცდიდით, მაგრამ მიშო - განსაკუთრებულად. სტატუსებს ხშირად წერდა, მენატრებიო, ეუბნებოდა. მომხდარზე არაფერი ვიცი. სავარჯიშოდ ვიყავი ჩასული და ერთმა ახლობელმა დაწერა, მიშო მოკლესო, არ დავიჯერე, ვერც დავუშვებდი, რომ ეს მოხდებოდა. თან ძმაა ბრალდებული! ძმას და მის ოჯახს არ ვიცნობდი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ძალიან განვიცდი. მოტივზე მეგობრებმა არაფერი ვიცით. ყველა გაოგნებული და შეწუხებული ვართ.