"ეს არის ზღაპრები, რომელსაც არავითარი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია" - რას გამორიცხავს ექსპერტიზა
"ეს არის ზღაპრები, რომელსაც არავითარი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია" - რას გამორიცხავს ექსპერტიზა
ალექსანდრე გეჯაძე - ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგი იყოს, ე.ი დაზიანებები მიიღო იქამდე, ვიდრე წყალში მოხვდებოდა

სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მესამე კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მას დაზიანებები მკვირვი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად აქვს მიყენებული, რომელიც შესაძლოა, ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგადაც განვითარებულიყო.

როგორც მან "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ექსპერტიზის შედეგად ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზულობა არის
3-4 დღის დიაპაზონში და დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია.

"ეს დაზიანება არის მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. მიმაჩნია, რომ ეს დაზიანება სავსებით დასაშვებია განვითარებულიყო ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგად, მისი ფართობიდან და ხასიათიდან გამომდინარე. გამოძიებას ასევე აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს ისეთი დაზიანებები, რომელიც გარეგან სისხლდენას გამოიწვევდა. დაიდო
დასკვნა, რომ შაქარაშვილს ძირითადად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულზე, გარეგნულად, მას არ ჰქონდა ისეთი ჭრილობა, რომელიც გარეგან სისხლდენას განაპირობებდა. შესაბამისად, დაიდო დასკვნა, რომ მას არანაირი დაზიანება არ ჰქონდა, რასაც შეეძლო გარეგანი სისხლდენა გამოეწვია. ბოლო ექსპერტიზის ფორმატში გამოძიებას ამავდროულად აინტერსებდა, რა შესაძლო პოზაში უნდა ყოფილიყო შაქარაშვილი, რომ მუცლის ქვემო მესამედში სისხლჩაქცევის სახით ეს დაზიანება მიეღო. ხომ არ იყო შაქარაშვილი ამ დროს მწოლიარე მდგომარეობაში, ეს შეკითხვა დასვა გამოძიებამ. ნებისმიერი წინააღმდეგობრივი პროცესი, რასაც ჩხუბი ჰქვია, წარმოადგენს არა სტატიკურ, არამედ დინამიურ პროცესს, ბუნებრივია, ძნელია იმის თქმა, რა პოზაში უნდა ყოფილიყო შაქარაშვილი, რომ დაზიანება მიეღო, მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთ და საშვებით დასაშველად მივიჩნევთ, რომ ეს დაზიანება შესაძლოა მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნის პერიოდშიც მიეღო", - განაცხადა გეჯაძემ.

მისი შეფასებით, "ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა და დასკვნები, რომ გიორგი შაქარაშვილი ერთი დღის ან დღე ნახევრის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა".

"ეს არის ზღაპრები, რომელსაც არავითარი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია", - აღნიშნა გეჯაძემ.

მისი განმარტებით, დაზიანებები მიანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ხელყოფის-ცემის ფაქტს.

"ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ ეს დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ან წყალში ჩავარდნით იყოს. დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია. ვამბობთ, რომ წყალში ჩავარდნით ამ დაზიანებს ვერ მიიღებდა. ე.ი ეს დაზიანებები მიიღო მანამ, სანამ წყალში მოხვდებოდა",-განაცხადა გეჯაძემ.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფორმატში სამი კომისიური ექსპერტიზა ჩატარდა. როგორც გეჯაძემ აღნიშნა, მესამე კომისიური ექსპერტიზა არის ბოლო, რომელიც გუშინ პროკურატურამ გამოაქვეყნა.

"პირველი ორი კომისიური ექსპერტიზის საფუძველზე, მათ შორის ერთ-ერთი შუალედური იყო, დადგინდა, თუ რა სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული შაქარაშვილს, რომ სახეზე იყო ბლაგვი ხასიათის ტრავმა. დადგინდა ტრავმის განვითარების პირობები, თუ რა შემთხვევაში შეეძლო შაქარაშვილს ეს დაზიანებები მიეღო და რა შემთხვეავში არა. დადგინდა სიკვდილის ხანდაზმულობა, რომ ის 3-4 დღის ინტერვალს მოიცავს და არა არანაკლებ 48 საათისა და ასე შემდეგ, როგორც ადრე ითქვა. პირველი, ორი ექსპერტიზის წარმოების ფორმატში დადგინდა, რომ მაღალი ალბათობით, მოსალოდნელი იყო სახეზე ყოფილიყო ქალა-ტვინის ტრავმა ტვინის შერყევის სახით, რაც ჯამში მას შეუზღუდავდა თავისუფლად გადაადგილების და მოძრაობის შესაძლებლობას. ეს არის ზოგადად ის პასაჟები, რაც პირველი მეორე კომისიური ექსპერტიზის წარმოეობის დროს დადგინდა",-განაცხადა გეჯაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან სამს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანარჩენ პირებს კი, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები