საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა - კვირის პალიტრა

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა. ის საბჭოს წევრებმა ერთხმად, ფარული კენჭისყრით 13 ხმით აირჩიეს.

ახალი თავმჯდომარე საპროკურორო საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს. საბჭოს სხდომაზე წევრებმა მხოლოდ ერთი - მერაბ ჯერანაშვილის კანდიდატურა წარადგინეს.

მოქმედ თავმჯდომარეს, ნანა ხუნჯუას უფლებამოსილება ხვალ, 16 იანვარს ეწურება.

საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება, თუმცა, დღევანდელ სხდომას 13 წევრი ესწრებოდა.

ცნობისთვის, მერაბ ჯერანაშვილი პროკურატურაში 2009 წლიდან მუშაობს, სტაჟირების ერთწლიანი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ ის დაინიშნა მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრვი რესურსების სამინისტროში საგამოძიებო-საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლამდე მუშაობდა. შემდეგ, 2014-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიებოს საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2016 წლიდან დღემდე კი, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის თანმდებობას იკავებს.

"ინტერპრესნიუსი"