"პირი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა" - ახალი დეტალები კასპში მომხდარზე - კვირის პალიტრა

"პირი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა" - ახალი დეტალები კასპში მომხდარზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომლესაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა.

როგორც ბორცვაძემ განმარტა, ის აღელვებული და მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება, ის იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული, გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო მაქსიმალურად, რომ ყველას უფლება დაცული ყოფილიყო და არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, ასევე რამდენიმე დღის უკან, მან მოგვმართა განცხადებით, გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ეს ფაქტიც რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა", - განაცხადა ბორცვაძემ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული გ.მ.

მათივე განმარტებით, ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.

სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა,"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტრს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"