"გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან" - პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, ყოფილი პოლიციელია - კვირის პალიტრა

"გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან" - პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, ყოფილი პოლიციელია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლდიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.

ბორცვაძის თქმით, მან პირადი განცხადების საფუძველზე პოლიციელის პოსტი 2018 წელს დატოვა.

"ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მან 2018 წელს პოლიციის რიგები დატოვა და სამსახურიდან წავიდა. პირადი პატაკით დატოვა სამსახური", - აცხადებს ბორცვაძე.

მისივე განმარტებით, უწყებაში ბრალდებულის განცხადების საფუძველზე მის მიმართ მუქარაზე გამოძიებაა დაწყებული. ბორცვაძის თქმითვე, დაკავებულისთვის ეს ცნობილი იყო.

"დეტალებზე მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ... მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში და ეს არის გამოძიების საგანი. ყველა ადამიანი ამ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება, გამოიკითხება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომ მასზე მუქარა მიმდინარეობდა? საქმის კურსში იყო და გამოკითხვაზეც ჰყავდათ. გამოძიება მისი განცხადების საფუძველზე, თუ სწორად მახსოვს, მუქარის ფაქტზეა დაწყებული. ემუქრებოდნენ თუ არა, ესეც გამოძიების საგანია", - განაცხადა ბორცვაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ აიყვანა მან მძევლები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ მისი "დღევანდელი ქმედების მოტივი გამოძიების საგანია".