"ემუქ­რე­ბოდ­ნენ.. ჩემი შვი­ლი ბო­ლოს ორი დღის წინ ვნა­ხე" - ვინ არის ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა - კვირის პალიტრა

"ემუქ­რე­ბოდ­ნენ.. ჩემი შვი­ლი ბო­ლოს ორი დღის წინ ვნა­ხე" - ვინ არის ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლდიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.

ბორცვაძის თქმით, მან პირადი განცხადების საფუძველზე პოლიციელის პოსტი 2018 წელს დატოვა.

"ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მან 2018 წელს პოლიციის რიგები დატოვა და სამსახურიდან წავიდა. პირადი პატაკით დატოვა სამსახური", - აცხადებს ბორცვაძე.

როგორც ცნობილია, ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, გიორგი მენაბდიშვილია. "ტვ პირველი" დაკავებულის დედას ესაუბრა. იგი ამტკიცებს, რომ მის შვილს პრობლემები ბიზნესპარტნიორთან ჰქონდა, რომელიც მენაბდიშვილს მოკვლით ემუქრებოდა.

მისი ინფორმაციით, გიორგი მენაბდიშვილი ქვის საამქროს ერთ-ერთი მეწილეც იყო და დაახლოებით 10 პროცენტიან წილს ფლობდა. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, მის შვილს დანარჩენი მეწილეები სთხოვდნენ, რომ ბიზნესიდან გასულიყო.

"ემუქრებოდნენ.. 6 თვეა ჩემი შვილი იქ მუშაცაა, ყველაფერია. ბოლოს ორი დღის წინ ვნახე. მეუბნებოდა, რომ მას ემუქრებოდნენ, ამ ფაქტს არ მალავდა, პოლიციაშიც იჩივლა" - ამბობს ბრალდებულის დედა.

ცნობისთვიის, გიორგი მენაბდიშვილი კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მამაკაცი მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება, ის იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული, გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო მაქსიმალურად, რომ ყველას უფლება დაცული ყოფილიყო და არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, ასევე რამდენიმე დღის უკან, მან მოგვმართა განცხადებით, გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ეს ფაქტიც რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა", - განაცხადა ბორცვაძემ.