"ეს არის იმის საფუძველი, რომ სასამართლომ რუსეთს კომპენსაცია დააკისროს" - რას ამბობს იურისტი, რომელიც სტრასბურგში მიმდინარე პროცესს თვალს ადევნებდა - კვირის პალიტრა

"ეს არის იმის საფუძველი, რომ სასამართლომ რუსეთს კომპენსაცია დააკისროს" - რას ამბობს იურისტი, რომელიც სტრასბურგში მიმდინარე პროცესს თვალს ადევნებდა

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არა ერთი მუხლი დაარღვია.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ნანა მჭედლიძე ზუმის საშუალებით ადევნებდა თვალს სტრასბურგში მიღებულ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას.

ნანა მჭედლიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, "უფლებები საქართველო":

- მინდა, მოლოცვით დავიწყო, არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, შესანიშნავი. ეს არის მართლა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და მასში იუსტიციის სამინისტროს უდიდესი დამსახურებაა. მიღებული გადაწყვეტილება 279-გვერდიანია. ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი მტკიცებულებები აქვს წარდგენილი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ერთხმად, ჩვიდმეტივე მოსამართლემ დაადგინა დარღვევა. მოგეხსენებათ, იმ 17 მოსამართლეს შორის ერთი მოსამართლე რუსეთის მიერ არჩეულია. იმდენად მნიშვნელოვანი და ურყევი მტკიცებულებებია საქმეში, რომ ყველამ აღიარა ეს დარღვევები. ფაქტობრივად, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. აქ მნიშვნელოვანია, რომ აღიარებულია მატერიალური და სამართლებრივი დარღვევა, უფლების დარღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ცხადია არის იმის საფუძველი, რომ სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას კომპენსაცია დააკისროს. კომპენსაციის საკითხი შემდგომში იქნება გატანილი.

მოგეხსენებათ, იმ დღიდან მოყოლებული, 2014 წელს, პირველი სასამართლო დავა რომ მოვუგეთ რუსეთს, 5 წლის შემდეგ, 2019 წელს განისაზღვრა კომპენსაციის საკითხი, სადაც სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევრო დააკისრა, მაგრამ ეს თანხა ეკუთვნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ და თითოეული მათგანი ზუსტად უნდა იყოს იდენტიფიცირებული იმისთვის, რომ მიიღონ კომპენსაცია. ახლა  ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი არის მოსაგვარებელი - საქართველომ 10 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებებს რა აზრი აქვს? ხალხმა ხომ უნდა მიიღოს კომპენსაციის თანხა. ამდენი წელი გავიდა და ჯერ კიდევ იმ პირველ საქმეზეც კი არ არის კომპენსაციის თანხა გადახდილი. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდგომ, ახლა ხელისუფლებამ თითოეულ განმცხადებელთან დაკავშირებით უნდა აწარმოოს მუშაობა, რომ საქმეები მტკიცებულებებით იყოს გაჯერებული. იმიტომ, რომ, ნახეთ, პირველ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ 290 დაზარალებული ამორიცხა სიიდან, ვინაიდან ჩათვალა, რომ გაურკვეველი იყო მათ მიმართ უფლების დარღვევის საკითხი. იგივე არ უნდა განმეორდეს ამ შემთხვევაში. მართალია ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ აქვე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა არის შემდგომ გასაკეთებელი, რომ მომდევნო ეტაპიც იყოს ასევე წარმატებული საქართველოს ხელისუფლებისთვის და ხალხისთვის.

- აქცენტებს რაზე გააკეთებთ?

- ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის ხელისუფლების მიერ არა მარტო უფლებების დარღვევა, იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, სიცოცხლის უფლება, არასათანადო მოპყრობის აკრძალვის დარღვევა და სხვა მოხდა. ამ საკითხებზე რუსეთის ხელისუფლებას შეერაცხა ბრალად უფლების დამრღვევი ქმედებების განხორციელება. აგრეთვე, ამ საქმეებზე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ქმედითი გამოძიება. საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისითაც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობა არა მარტო იმ ქმედებებისთვის, რომელიც უკვე დაარღვია, არამედ განაცხადა, რომ ქმედითად უნდა იყოს გამოძიებული კონფლიქტის დროს და კონფლიქტის შემდეგ სავარაუდო უფლებადარღვევების ფაქტებიო. აგრეთვე, ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის ნახსენები, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ხელი შეუშალა იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლებშიო. სტრასბურგის სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია ახალგორის რეგიონში რაც იყო, დაბრუნების გარკვეული შემთხვევები, ის ფაქტები და თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავისი ვალდებულებების განსახორციელებლად არაფერი გააკეთა. აქვე მიუთითა ჟენევის ფორმატში წარმოებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება იქნება უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რომ შემდგომში გამოიყენონ საეთაშორისო მოლაპარაკებებში და მოსთხოვონ სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულება. აქ უკვე საერთაშორისო ფორუმს დაემატა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტიც, რომელიც ზედამხედველობს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამას კიდევ სულ სხვა განზომილებაში გადაჰყავს ეს დასკვნა. ჟენევის მოლაპარაკებებში იქნება ეს გამოყენებული. ანუ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია გამოიყენონ როგორც პოლიტიკურ საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე - ჰააგის სასამართლოში, რომელიც აწარმოებს ამ ეტაპზე კიდევ ერთ საქმეს და გამოძიების ეტაპზეა. ერთი სიტყვით, მთელი რიგი მოქმედებები არის შეფასებული, სასამართლოს მიერ დადგენილია სიცოცხლის უფლების დარღვევა, არასათანადო მოპყრობა, თავისუფლების უფლების დარვევა და კიდევ სხვა უფლებები შეფასებულია სასამართლოს მიერ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება.

- ქართულ მხარეს რაზე ეთქვა უარი? - ნათქვამია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები განათლების უფლების დარღვევაზე; ასევე, არ ჩათვალა საჭიროდ, განეხილა მე-13 მუხლი და შეეფასებინა. ეს მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ პირს, რომელსაც ერღვევა უფლება, უნდა ჰქონდეს ამ უფლების დარღვევის შეფასების უფლებც და სასამართლოსთვის მიმართვის უფლებაც. სტრასბურგის სასამართლომ ამ მუხლის განხილვის საჭიროება ვერ დაინახა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადასტურა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა და როდესაც ადმინისტრაციული პრაქტიკა მტკიცდება, ამ შემთხვევაში შიდა სახელმწიფოებრივი ღონისძიებების ამოწურვა სახელმწიფოთა შორის საქმეში აღარ არის აუცილებელი. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ადმინისტრაციული პრაქტიკის დადასტურება და იუსტიციის სამინისტრომ ეს არაჩვეულებრივად განახორციელა. მართლა შესანიშნავი შრომაა გაწეული. სულ 17 მოსამართლე იყო, მათ შორის იყო საქართველოს მხრიდან არჩეული მოსამართლე, ბატონი ლადო ჭანტურია, უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც გადაწყვეტილებას არ იღებს საქართველოს სახელით. ის ინდივიდუალური პასუხისმგებლობით მოქმედებს სასამართლოში. თითოეულ უფლებასთან მიმართებით გვაქვს რამდენიმე განსხვავებული აზრიც, ნაწილობრივ განსხვავებული აზრიც, მაგრამ ზოგიერთი უფლების დარღვევაზე გვაქვს ერთსულოვანი დასკვნა მთლიანად სასამართლოს მიერ. სარეზოლუციო ნაწილში დადგენილია ადამიანის უფლებების დარღვევა, სიცოცხლის უფლების დარღვევა, არაადამიანური მოპყრობა, თავისუფლების უფლება, საკუთრების უფლებისა და საცხოვრისის უფლებების ჩათვლით.

- ამ შემთხვევაში დაზარალებულების ბედი როგორ გადაწყდება? - დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ საქმეში იყოს მტკიცებულებები. მტკიცებულების გარეშე ისინი ვერ მიიღებენ  კომპენსაციას. დაზარალებულების სახელით, სტრასბურგში გაიგზავნა საჩივრები. მტკიცებულებები საჭირო იყო იმისთვის, რომ დადგენილიყო ადმინისტრაციული პრაქტიკა. კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით დამატებითი მუშაობაა საჭირო, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწვეტილება, რომელსაც საქართველო კიდევ მეტად გამოიყენებს პოლიტიკური და საერთაშორიოს მოლაპარაკებების თვალსაზრისით.

დაზარალებულების სია უნდა წარადგინოს სახელმწიფომ და თითოეული საქმე უნდა იყოს მტკიცებულებებით გაჯერებული. სტრასბურგის სასამართლოში განისაზღვრება თითოეულის კომპენსაციის ოდენობა და მერე მიიღებს ადამიანი იმ კომპენსაციას, როცა გადმორიცხავს რუსეთის ფედერაცია ამ თანხას. ახლა ისე უნდა იმუშაოს იუსტიციის სამინისტრომ, რომ არ გვქონდეს ისეთი პრობლემები, როგორიც გვქონდა პირველ საქმესთან დაკავშირებით. მთავარია, რუსეთმა გადარიცხოს თანხა და, საბოლოოდ, ეს თანხა მივა თითოეულ დაზარალებულთან. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია. უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს, მიაწოდონ ინფორმაცია, რომ მათი ინტერესები იქნეს მაქსიმალურად გათვალისწინებული და თითოეული დაზარალებული იყოს იდენტიფიცირებული. უფრო მეტ დეტალს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე გავიგებ მას შემდეგ, რაც დეტალურად გავეცნობი თითოეულ გვერდს. რასაც გავეცანი, იმით ძალიან აღტაცებული ვარ, ეს საქართველოს დიდი გამარჯვებაა.

(სპეციალურად საიტისთვის)