"მეზობელმა საწოლში ყელგამოჭრილი იპოვა, მისი ვაჟი კი დღემდე არ ჩანს" - ნატანებში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"მეზობელმა საწოლში ყელგამოჭრილი იპოვა, მისი ვაჟი კი დღემდე არ ჩანს" - ნატანებში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ოზურგეთში, სოფელ ნატანებში მომხდარ მკვლელობას 60 წლამდე ასაკის მამაკაცი - ამირან ფალავანდიშვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილი გამთენიისას, საკუთარ საწოლში ყელგამოჭრილი იპოვეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე გვესაუბრება ოჯახის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- უცნაური და სამწუხარო ამბის მოწმე გავხდით. ისეთი კაცი მოგვიკლეს, ვინც მთელი ცხოვრება ფიზიკურ, პატიოსან შრომაში გაატარა. ასე რომ, ვერ აგვიხსნია, მას მტერი რატომ უნდა ჰყოლოდა. ამირანი სოფელ ნატანების მკვიდრია. მართალია, თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ სოფელში ხშირად ჩამოდიოდა. აქ დაავადებული, მარტოხელა ძმა ჰყავს, რომელიც, ფაქტობრივად, ვერ გადაადგილდება. იგი ძმასაც პატრონობდა და კარ-მიდამოსაც შეავლებდა ხოლმე ხელს. ამჟამადაც ამ მიზნით იყო სოფელში ჩამოსული, თან 21 წლის ვაჟი ახლდა. ციტრუსი ჰქონდათ დაუკრეფავი და მოკრეფას აპირებდნენ. მამა-შვილი დილაადრიან გავიდა მანდარინის საკრეფად, იქიდან კი, გვიან ღამესაც აღარ დაბრუნდა შინ.

ამიტომ ამირანის შეწუხებულმა ძმამ მეზობელს დაურეკა ტელეფონზე, - ჩემი ძმა და ძმისშვილი შინ არ მოვიდნენ, არც ტელეფონს პასუხობენ და, იქნებ, სადმე მოძებნოო. მეზობელმაც ყველგან ეძება, სადაც შეიძლებოდა. ყველაზე გვიან კი ძებნა თავად ფალავანდიშვილების სახლში დაიწყეს. ძმებს ეზოში ორი ნაგებობა უდგათ, ამირანი ერთ-ერთში, მეორე სართულზე იძინებდა ხოლმე და სწორედ იქ იპოვა მეზობელმა, საწოლში, ყელგამოჭრილი. გარდაცვლილის ვაჟი კი იქ არ იყო. შემდეგ ბევრი ეძებეს, მაგრამ დღემდე ვერ უპოვიათ... ეს იმდენად მძიმე სურათი იყო, რომ ადამიანი, რომელმაც გარდაცვლილი იპოვა, დღემდე მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია.

- ახლობლები ხომ არ ფიქრობთ, რომ მკვლელობა მაინც შურისძიების ნიადაგზე მოხდა?

- ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენ კი, ადამიანურად, გაოგნებულები ვართ. ამირანს არც ბიზნესი ჰქონდა, არც ფული, რომ ამის გამო მოსვლოდა უთანხმოება. უღირსი ადამიანიც არ იყო, ამიტომ ვერ ვვარაუდობთ, რომ ის შურისძიების გამო შეიძლებოდა ვინმეს მოეკლა. მის ვაჟზეც ძალიან გვეფიქრება. ერთი ვერსიით ვუშვებთ, რომ ამირანის ვაჟს ჰქონდა რამე პრობლემა, მამისგან ფარულად ჩხუბი მოუხდა და რამე უბედურება დააწიეს, მერე კი მამის კვალსაც მიჰყვნენ და საკუთარ საწოლში გამოსჭრეს ყელი. მაგრამ ეს ჩვენი ვერსიაა და არა - გამოიძიების. იმედი გვაქვს, გამოძიება მალე დაადგენს ყველაფერს. ამირანის მოკვლით მკვლელმა მისი ძმაც მოკლა, რომელიც დაავადებული და სასტიკად დათგრუნვილია. არ ვიცით, მან ამიერიდან როგორ უნდა იცხოვროს.

პ.ს. შსს-ს ცნობით, მომხდარ საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

(სპეციალურად საიტისთვის)