"ბოკოვის მიმართ წაყენებული ბრალდება არ დასტურდება" - რას განმარტავს გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"ბოკოვის მიმართ წაყენებული ბრალდება არ დასტურდება" - რას განმარტავს გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებული ვასამბეგ ბოკოვის ადვოკატის, ალექსი შოშიკელაშვილის განცხადებით, ბოკოვის მიმართ წაყენებული ბრალდება არ დასტურდება.

როგორც შოშიკელაშვილი განმარტავს, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დაკავებულის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გააქარწყლებს.

"გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, ახალი არაფერი თქმულა, რაც დღეს გაცხადებული იქნა სასამართლო პროცესზე საქმის მასალებში წარმოდგენილია. დაცვის მხარის პოზიციით ნამდვილად არ დასტურდება ვასამბეგ ბოკოვის მხრიდან წაყენებული ბრალდება. ჩასატარებელია ალბათ, ორი სამი პროცესი, სადაც უკვე ჩვენს მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარვადგენთ პოზიციას, რაც ვასამბეგ ბოკოვის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გააქარწყლებს", - აცხადებს შოშიკელაშვილი.

ცნობისთვის, 2020 წლის 27 ნოემბერს, გიორგი გაბუნია ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო ვასამბეგ ბოკოვს სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, თვალთვალს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებას.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული არა ვასამგებ ბოკოვი, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მაგომედ გუციევია, რომელმაც ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სისტემატურად ახორციელებდა "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

"ინტერპრესნიუსი"